Russian English
უკრაინული პრესა: მიხეილ სააკაშვილი ტრამპს თავის ადმინისტრაციაში გადაჰყავს სამუშაოდ
კვირა, 04 12, 2016 - 18:16
2016 წლის 27 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქში  შედგა ახალი პარტიის „ახალის ძალის მოძრაობის“ პირველი ყრილობა, რომელიც ვერც ხანგრძლივობით და ვერც ხალხმრავლობით ვერ დაიკვეხნიდა. პარტიას სათავეში ჩაუდგა პოლიტიკოსი, რომელსაც რეალურად სურს უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლა. რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ეს პოლიტიკოსი უკრაინელი სულაც  არ არის. მეტიც, სულ რაღაც ოთხი წლის წინ ვერავინ  წარმოიდგენდა, თუ მას უკრაინის პოლიტიკასთან რამე კავშირში ექნებოდა. 
საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტზე და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის ქართულმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საპარლამენტო არჩევნები წააგო. წესით და რიგით, ამის მერე სააკაშვილი სცენიდან უნდა „ჩამოეწერათ“, მაგრამ მოულოდნელად, სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური ავანტიურა წამოიწყო. როგორც უკრიანული მედია იუწყება, თუ მიხეილ სააკაშვილს ამერიკელები ისევ დაეხმარებიან, დიდი შანსი აქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს. 
არადა,  აშშ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო მარათონში  სააკაშვილი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს. ტრამპის გამარჯვების შემდეგ კი მთელს მსოფლიოს მოსდო, რომ „ოქროკაც“ დონალდს პირადად იცნობდა. 
ამასთანავე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფაქტობრივად თეთრი სახლის რესპუბლიკური ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო. საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს გახდა, როდესაც ამერიკას სათავეში ჯორჯ ბუში უმცროსი ედგა და სააკაშვილსაც, მისი წყალობით რესპუბლიკურ ადმინისტრაციულ აპარატთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. 
უცნაურ ამბებს აქვეყნებს უკრაინული პრესა. მაგალითად, საქართველოში სააკაშვილის პოსტიდან ჩამოშორებას ის უკავშირებს 2008 წელს, როდესაც  რუსეთთან კონფლიქტის დროს სააკაშვილმა აქცენტი რესპუბლიკელების კანდიდატზე გააკეთა. მისი ვარაუდი არ გამართლდა. დემოკრატმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, ჯონ მაკკეინს მოუგო და აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. 
საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, მიხეილ სააკაშვილი დიდად გულზე არ ეხატებოდა და აშშ-სთან ურთიერთობაც მკვეთრად გაუარესდა. სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და ასპარეზი ახალ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ დაუთმეს. ამასთან ერთად ობამას ადმინისტრაცია დიდხანს არ ურიგდებოდა ხელისუფლებადაკარგულ სააკაშვილს და სამუშაო ვიზასაც კი არ აძლევდა, იმისთვის რომ ექს-პრეზიდენტს რამე შესაფერისი სამუშაო ეპოვნა აშშ-ში. 
და აი, სააკაშვილს მოულოდნელად გაუმართლა. უკრაინაში ე.წ. „ევრომეიდანი“ მოხდა და გადატრიალების დასავლელმა კურატორებმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ხელისუფლებაში უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ჩაესვათ. ეს ყველაფერი კი მკაფიო მოტივით გააკეთეს - იმისთვის, რომ ადგილობრივი ელიტისა და ოლიგარქების პოზიციები შეესუსტებინათ და უკრაინა დასავლეთისადმი უფრო მორჩილი გაეხადათ. 
სააკაშვილი და მისი გარემოცვის ნაწილი, ე.წ. „რეფორმატორების“ ჯგუფი უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. საკაშვილის დანარჩენ თანამოაზრეებს (მათ შორის ვანო მერაბიშვილს) ნაკლებად გაუმართლათ, ქვეყნიდან დროულად გაღწევა ვერ მოახერხეს და ახლა ქართულ ციხეში იხდიან სასჯელს. 
ერთი სიტყვით, უკრაინული პრესის აზრით, ქართველი ერის ნება და გადაწყვეტილება საერთოდ არაფერ შუაშია. თურმე, ობამას თვალში არ მოსდიოდა სააკაშვილი და იმიტომ გამოაცალა საქართველოს მართვის   სადავეები. ჯერ სად ხართ, უკრაინელი ჟურნალისტები კიდევ უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ  მიხეილ სააკაშვილს ამჯერადაც გაუმართლებს, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. სააკაშვილი ერთადერთია უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც ტრამპი პირადად იცნობს. შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი მეგობრებისთვისაც გამოიძებნოს შესაფერისი ადგილი და სრულიად დასაშვებია, რომ უკრაინის ამბავში, სწორედ სააკაშვილზე მოხდეს ძალების კონცენტრირება. მით უმეტეს, რომ არც ამჟამინდელი პრეზიდენტით, პოროშენკოთი და არც  პოლიტიკოსებით, რომლებიც უკრაინის სათავეში იმყოფებიან, მათ შორის ეთნიკური სომეხით არსენ ავაკოვით, რომელმაც ზაფხულში ტრამპს „კლოუნი“ და „მარგინალი“ უწოდა, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის აპარატი კმაყოფილი არ უნდა იყოს. არავინ აპირებს უკრაინის სათავეში იმ ხალხის დატოვებას, რომელმაც თეთრი სახლის ახალ ლიდერს შეურაცხყოფა მიაყენა. 
ამავე დროს, ამერიკაში  უკრაინის რუსეთისთვის დათმობას სულაც არ აპირებენ, მიუხედავად კრემლის პოლიტიკური მცდელობისა. ვაშინგტონში სურთ უკრინის ხელისუფლება გადაახალისონ და ქვეყანას მაქსიმალურად პროდასავლური კურსი შეუნარჩუნონ. სწორედ ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს შეიძლება სრულიად საფუძვლიანი პერსპექტივა ჰქონდეს იმისთვის, რომ უკრინის პარლამენტში მრავალფრაქციული პარტიით შევიდეს და ქვეყნის სათავეშიც მოექცეს. თუ არა და, დონალდ ტრამპი მას თავის ადმინისტრაიცაში აუცილებლად წაიყვანს. 
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, თუ სააკაშვილი ძველი შეცდომების გამეორებას არ დაიწყებსო, წერს უკრაინული პრესა.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.