Russian English
სამხრეთ ოსეთი სახელწოდებას იცვლის და ირისტონის რესპუბლიკა ხდება
შაბათი, 10 12, 2016 - 00:01
სამხრეთ ოსეთის მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეგიონს შესაძლოა სახელი შეუცვალონ. ამის მიზეზი ბოლო დროს კავკასიაში განვითარებული მოვლენებია. 
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ავტონომიური რესპუბლიკის ე.წ. „რებრენდინგი“   რუსეთის ფედერაციასთან შეერთების დაჩქარების საწინდარი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Eurasianet.org ავრცელებს. 
ამის შესახებ, ნოემბრის ბოლოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა. მისი განცხადებით, მან უკვე შეკრიბა სპეციალური საბჭო, რომელიც სახელის გადარქმევის საკითხზე იმუშავებს. „ყოველივე ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სამხრეთ ოსეთს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაჭრელი. სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა პრაქტიკულად კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურშია. შესაბამისად, ანაზღაურებას ისევ ბიუჯეტიდან იღებენ, ხოლო ბიუჯეტის შევსება რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 50 000 ადამიანი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და მოწყვეტილია საქართველოს, რომელსაც რეალურად ეს ტერიტორია ეკუთვნის და როგორადაც აღიქვამს მას მთელი მსოფლიო ანუ საქართველოს ნაწილად“ - წერს Eurasianet.org. 
აქვე ისიც უნდა აღნიშნოს, რომ  ეს საკითხი დროებით გვერდზე იქნა გადადებული, რადგან ოსებსა და მათ რამოდენიმე მეზობელს შორის დებატები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამის მიზეზი კი გახდა დავა, თუ ვის უნდა ერგოს კონტროლი ალანიაზე. ალანია VIII-XIII საუკუნეებში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. „X საუკუნეში, თავისი აღორძინების პიკში ალანია თითქმის მთელს ჩრდილოეთ კავკასიას აკონტროლებდა და მონღოლების შემოსვლამდე პირველი ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ. ამ მხრივ ალანიის მოპოვება ცივილიზაციისა და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას გულისხმობდა“ - წერს ისტორიკოსი ვიქტორ შნირელმენი. 
სწორედ ძველი პრესტიჟიდან გამომდინარე, ჩრდილო კავკასიელების უმრავლესობა თავს ალანიის მემკვიდრეებად მიიჩნევს. ოსეთი ორ ფლანგადაა გაყოფილი. ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის საკუთრებაა, ხოლო სამხრეთ ოსეთი (მსოფლიოს თვალშიც და ისედაც) დღემდე საქართველოს ტერიტორიად ითვლება. 1994 წელს ჩრდილოეთ ოსეთმა საკუთარი ინიციატივით გადაირქვა სახელი და „ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“ დაირქვა. 
დანარჩენმა ჩრდილო კავკასიელებმაც, მათ შორის ჩეჩნებმა და ყარაჩაელებმაც სცადეს თავისი ისტორიული ფესვების ალანიასთან დაკავშირება. მაგრამ ოსების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები ამ საკითხში ინგუშები აღმოჩნდნენ. ინგუშეთის რესპუბლიკამ, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, დააარსა ახალი დედაქალაქი და მას ალანიის ძველი დედაქალაქის მსგავსად - მაგასი უწოდა. 2015 წელს კი ინგუშეთის მთავრობამ მაგასისის შესასვლელთან სპეციალური თაღი აღმართა და მას „ალანიის კარიბჭე“ დაარქვა. 
ოსეთი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: „რასაკვირველია ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არანაირად ისტორიას არ უკავშირდება. ეს მხოლოდ ისტორიის დამახინჯებისა და ფაქტების გაყალბების მცდელობაა“ - ასე ახსნა მეზობლების ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის პირველმა პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბილოვმა. ხოლო თავად თიბილოვმა განაცხადა, რომ ინგუშეთის „ალანიის კარიბჭემ“ სერიოზულად გააკვირვა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სწორედ ოსეთია ალანიის მემკვიდრე. თიბილოვმა ასევე დასძინა, რომ არავის მისცემს უფლებას მათი ისტორია შეცვალონ ან სათავისოდ მიიწერონ. „ისტორიული მომენტი დადგა! დროა ოსეთის ორივე ნაწილი გამთლიანდეს, ისევ ძველი ერთობა დაიბრუნოს და მთლიანად რუსეთის ეგიდის ქვეშ გავერთიანდეთ“. 
თიბილოვმა ამის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, როდესაც შეერთების შესახებ რეფერენდუმზე წამოიწყო ლაპარაკი. თუმცა ცოტა ხანში საკითხზე დისკუსია შეწყდა. ყირიმისგან გასხვავებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, როგორც ჩანს იგივეს გამეორებას არ აპირებდა. აპრილში პუტინმა განაცხადა, რომ თიბილოვთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა შეერთების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. 
სანამ რუსეთთან შეერთების საკითხი შეჩერებულია, განსახილველად ისევ სახელის გადარქმევის პრობლემა წამოაყენეს წინა პლანზე. ჯერ ჯერობით უცნობია, რა სახელის დარქმევას აპირებენ სამხრეთ ოსეთისთვის. ვერსიები შემდეგნაირია: სამხრეთ ოსეთი-ალანია, ალანიის რესპუბლიკა ან უბრალოდ ალანია. თიბილოვი ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. საზოგადოების აზრით სიტყვა „ოსეთი“ საერთოდ უნდა ამოიღონ ხმარებიდან, ვინაიდან ეს ქართველების მიერ დარქმეული სახელწოდებაა და საკუთარ თავს „ირისტონი“ უწოდონ - რასაც ეძახიან მშობლიურ ენაზე თავიანთ მიწა-წყალს. 
ამ იდეას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ ინგუშების ქმედების გამო არ შეიძლება მთელ ქვეყანას სახელი გამოუცვალონ.  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.