Russian English
აჯიკა ბრიტანულ ბაზარს იპყრობს - ინგლისელებმა „მწარემოყვარეობაში“ მეგრელებს გადაუჯოკრეს
შაბათი, 10 12, 2016 - 21:21
დიდ ბრიტანეთში აფხაზური აჯიკის წარმოება დაიწყეს.  ეს გახლავთ პირველი აფხაზური პროდუქტი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე გამოჩნდა. იდეა ცოლ-ქმარს - ასტამურა კორტავასა და ჰუნდა ჰიუიტ-კორტავას ეკუთვნის. 
დედით აფხაზი და მამით ინგლისელი ჰუნდა ლონდონში დაიბადა და 23 წლამდე ინგლისში ცხოვრობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 5 წელი იცხოვრა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო თავისი მომოვალი მეუღლე ასტამურა კორტავა და მასთან ერთად აფხაზეთის მონახულება გადაწყვიტა. აფხაზეთში წყვილმა 4 წელი გაატარა და 2 შვილი შეეძინათ. ჰუნდამ სოხუმში ინგლისური ენის სასწავლო წრე ჩამოაყალიბა.  გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კორტავების ოჯახი იძულებული გახდა ინგლისში დაბრუნებულიყო. 
აფხაზური აჯიკის წარმოების იდეაც სწორედ ამ დროს გაჩნდა. როგორც ჰუნდამ აღნიშნა, ბრიტანეთში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ გარკვეული პროდუქტების შოვნა, რომელიც ძალიან უყვარდა, ინგლისში შეუძლებელი იყო. მათ შორის იყო აჯიკაც და წყვილმა დაიწყო ბიზნეს გეგმის შემუშავება. 
„ბევრი ვიწვალეთ. ინგლისში აჯიკის გაკეთება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თან აუცილებლად იმ გემოვნური თვისებების უნდა ყოფილიყო, როგორსაც ჩვენ ვიყავით აფხაზეთში მიჩვეულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მის წარმოებას დავიწყებდით და მითუმეტეს, არც გაყიდვას. როცა საბოლოოდ ის პროდუქტი მივიღეთ, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვეწონა, ტესტირებისთვის აფხაზეთში გავაგზავნეთ. ოღონდ არ გვითქვამს, რომ ლონდონში იყო დამზადებული. განსხვავება ვერავინ შეამჩნია. როცა ბიზნესს ვიწყებდით თავდაპირველად სარისკო იყო. არ ვიცოდით რამდენად გაამართლებდა. მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ აფხაზეთში ჩამოსული ტურისტები, ყოველთვის ინტერესდებოდნენ აჯიკით და ამბოდნენ, რომ მსგავსი გემო აქამდე არასოდეს გაესინჯათ. სწორედ ეს გახდა ჩვენი ბიზნესის დაწყების მოტივი. ინგრედიენტების შერჩევაზე ბევრი ვიწვალეთ. სხვადასხვა ადგილებში ნაყიდი ერთი და იგივე პროდუქტები ყოველთვის განსხვავებულ გემოს იძლეოდა. ბოლოს სასურველ რეცეპტურასაც მივაგენით. ჯერჯერობით სახლში ვამზადებთ. ინვესტორების მოძიება რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აჯიკა მალე ფართომასშტაბიან წარმოებაში ჩაეშვება“ - აცხადებენ კორტავების ოჯახში. 
აფხაზური აჯიკა ჯერჯერობით ერთადერთი აფხაზური პროდუქტია, მაგრამ კორტავების ოჯახი სხვა პროდუქტების დამატებასაც ფიქრობს. თუ ინგლისში მოხვდით და აჯიკის გემო მოგენატრათ, ის  სულ რაღაც  2,25 ფუნტად შეგიძლიათ პირდაპირ ინტერნეტით შეუკეთოთ. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.