Russian English
(VIDEO) ძებნილი პორტი - ჰომოსექსუალების „მფატრავი“ ლონდონის პოლიციამ აიყვანა
ორშაბათი, 12 12, 2016 - 15:38
სერიულ მკვლელს სტივენ პორტს, რომელსაც ბრალად ედება ოთხი ახალგაზრდის მოწამვლა, ბრიტანულმა სასამართლომ სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ჯასტინ ოფენშოუმ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პორტმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უნდა დატოვოს ციხის საკანი,  რასაც (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) მკვლელის ნათესავებისა და ახლობლების აპლოდისმენტები მოჰყვა. 
სტივენ პორტს, ოთხი ახალგაზრდის  განზრახ მკვლელობასთან ერთად,  მათი გაუპატიურებაც ედება ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ პორტი სოციალური ქსელის მეშვეობით ოცნობდა ბიჭებს, იწვევდა ლონდონში სტუმრად საკუთარ სახლში და სასმელში გამა-ჰიდროქსიბუტანის მჟავის სასიკვდილო დოზას ურევს.  აღნიშნული საშუალება ცნობილია, როგორც „ნარკოტიკი გაუპატიურებისთვის“, რომლის გამოყენებითაც ბოროტმოქმედები მსხვერპლს თიშავენ. 
პოლიცია ვარაუდობს, რომ მანიაკის მიერ მოკლულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ამ ეტაპზე, სამართალდამცავები განიხილავენ ბოლო ოთხის წლის მანძილზე მომხდარ 58 შემთხვევას, რომლებიც შესაძლოა სტივენ პორტის ჩადენილი იყოს. 
ბიჭების ცხედრები პოლიციამ პორტის სახლის მახლობლად აღმოაჩინა. კიდევ ერთი გვამი მისი სახლის მოპირდაპირ ქუჩაზე იპოვეს. არადა, მკვლელობები დიდი ხნის მანძილზე ეჭვს არ იწვევდნენ, განსაკუთრებით პირველი სამი შემთხვევა. პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდებმა თავი მოიწამლეს და ვერც იფიქრებდნენ, რომ ისინი სერიული მკვლელის მსხვერპნი გახდნენ. 
პორტის პირველი „ნადავლი“  ენტონ უოლგეითი გახდა.  2014 წელს პორტმა თავად დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭი იპოვა, რომელიც თავს ცუდად გრძნობდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 
მოკლულის მეგობრების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ  გარდაცვლილი ესკორტის სერვისში მუშაობდა და პორტი მისი კლიენტი იყო, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. დაკითხვის დროს, პორტმა განაცხადა, რომ შეხვედრისას უოლგეითმა ნარკოტიკი მიიღო და გარდაიცვალა. თავად კი შეეშინდა და გვამი გარეთ ამიტომ გამოიტანა. პოლიციამ პორტის ჩვენება სარწმუნოდ მიიჩნია და ამ შემთხვევისთვის მკვლელობის კლასიფიკაცია არ მიუნიჭებია. 
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, სასაფლაოზე ორი გვამი აღმოაჩინეს. ერთი მათგანის სიკვდილი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით აიხსნა, ხოლო მეორე თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. გვამზე მიმაგრებული იყო წერილი, რომელშიც გარდაცვლილი თვითმკვლელობის მოტივს ხსნიდა.  როგორც მოგვიანებით გამოძიებამ  დაადგინა, წერილი თავად პორტის დაწერილი იყო. 
პოლიციამ მანიაკის კვალს მხოლოდ მეოთხე გვამის აღმოჩენის შემდეგ მიაგნო. თავდაპირველად გამოძიებას ამ შემთხვევაშიც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების ვერსია ჰქონდა. 
სტივენ პორტი 2015 წლის 15 ოქტომბერს ოთხი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  პროცესის დროს სერიული მანიაკი ყველა ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.