Russian English
ლევან მაყაშვილი: „მაშინაც კი, როცა რასულს ღრმად სძინავს, მე ვვარჯიშობ“
სამშაბათი, 13 12, 2016 - 12:25
ქართველმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა, ლევან მაყაშვილმა, რომელიც ორთაბრძოლებში აშშ-ს სახელით გამოდის, რუსეთში სენსაცია მოახდინა. მან აქამდე დაუმარცხებელი რასულ მირზაევთან ორთაბრძოლის მოგება შეძლო. ქართველმა სპორტსმენმა უცხოურ მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მოგების შემდეგ და რომ იგივეს გამეორებას აპირებს მომდევნო მეტოქესთან მეტსახელად „შავ ვეფხვთან“. მირზაევსა და მაყაშვილს შორის რევანში მომავალი წლის 25 მარტს, მოსკოვში შედგება. 
- ლევან, გვიამბეთ როგორ შეიცვალა  თქვენი ცხოვრება რასულ მირზაევთან გამარჯვების შემდეგ? 
- პირველ რიგში მთავარი ის არის, რომ ჩემმა რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატა. წინ მივიწევ!  ეს ორმაგად სასიამოვნოა, ვინაიდან სწორედ რუსეთში გავიმარჯვე. 
- რასულთან მეორე ბრძოლისას კონკრეტულად რაზე გააკეთებთ აქცენტს? 
- მაგას სიურპრიზად დავიტოვებ. დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტად გავაოცებ ხალხს, ვიდრე ამას ჩემგან ელიან. 
- როგორ გგონია, გამარჯვებაში რა დაგეხმარათ? 
- პირველ რიგში რწმენა, შემდეგ უკვე ჩემი შესაძლებლობები, ძალა და აზროვნება. 
- რევანშისთვის მზადების დაწყებას როდის გეგმავთ? 
- უკვე დავიწყე! მაშინაც კი, როცა რასულს ღრმად სძინავს, მე მაინც ვვარჯიშობ. ჩემი მომზადება მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული. მთავარი განწყობაა. 
- თუ რევანში შენს სასარგებლოდ არ დასრულდა, მესამე ბრძოლას მოითხოვ? 
- სიმართლე გითხრათ, რევანშზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და წაგებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა, როგორც პირველ შემთხვევაში, ახლაც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. 
- Fight Nights Global-ში თქვენი  წონითი კატეგორიის ქამარი თამაშდება. მის დაუფლებასაც ხომ არ აპირებთ? 
- რა თქმა უნდა და მის მოგებასაც ვეცდები. 
- თქვენს გამარჯვებას რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, რუსეთსა და ამერიკაში? 
- სამივე ქვეყნიდან ბევრი მოლოცვა და კეთილი სიტყვები მივიღე, ამან ძალა კიდევ უფრო მეტად შემმატა.  კიდევ ერთხელ მინდა Fight Nights Global-ს მადლობა გადავუხადო ასეთი შემოთავაზებისთვის, რომ სწორედ მე ვყოფილიყავი რასულ მირზაევის მოწინააღმდეგე.  
- რასულთან გამარჯვების შემდეგ რუსეთში თაყვანისმცემლები გამოგიჩნდნენ. მათ რას ეტყოდით? 
- პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ამხელა სითბოსთვის და ყურადღებისთვის!  ყველა ჩემს თაყვანისმცემელს ვარწმუნებ, რომ კიდევ არა ერთ სიხარულს და ბედნიერების განცდას მივანიჭებ მათ. ამასთანავე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ლევან მაყაშვილი გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს! Fight Nights Global-ის სახელით გამოსვლა ძალიან მსიამოვნებს და იმედი მაქვს, ჩემი გეგმები გამართლდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა გამოსვლებმა სულ უფრო და უფრო მეტი მაყურებელი დააინტერესოს. 
- რასულ მირზაევს რას ეტყოდით მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით? 
- მხოლოდ ერთს - ბევრი ივარჯიშე, რაც შეიძლება მეტი! მოდი ხალხს კიდევ ერთხელ ვანახოთ კარგი ორთაბრძოლა! 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.