Russian English
ერთ სტროფიანი მიმართვა წმინდა ბარბარესადმი, რომელიც აუცილებლად შეცვლის თქვენს ცხოვრებას
პარასკევი, 16 ნოემბერი, 2018 - 22:45
წმინდა ბარბარე ილიაპოლისში (დღევანდელი სირია) დაიბადა მეოთხე საუკუნეში. მისი ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 17 დეკემბერს. წმინდა ბარბარეს ლოცვა უამრავ ადამიანს ეხმარება. რა ვიცით წმინდანის  მიწიერი ცხოვრების შესახებ? 
მესოპოტამიის  უმსხვილესი ქალაქის - ილიოპოლისის მცხოვრებნი კერპებს ეთაყვანებოდნენ. ქალაქს თავისი გამოჩენილი მოქალაქეები ჰყავდა და  ერთ-ერთი მათგანი იყო დიოსკორი, უთვალავი სიმდიდრის პატრონი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ  მის ერთადერთ ნუგეშად   დედისერთა ქალიშვილი - პატარა ბარბარე იქცა.
გოგონა ისეთი ლამაზი იყო, რომ  მამამ  ციხე-კოშკში გამოკეტა. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ქალიშვილის გათხოვება დააპირა, მაგრამ  იგი ყველას უარით ისტუმრებდა. დიოსკორმა გადაწყვიტა ქალიშვილისთვის მეტი თავისუფლება მიეცა და ქალაქის სახლში გადმოიყვანა საცხოვრებლად. სწორედ ქალაქში გაიცნო  გოგონამ ქრისტიანები და ეზიარა მათ სწავლებას. რამდენიმე ხნის შემდეგ, ილიაპოლისში ჩამოვიდა ქრისტიანი ღვთისმსახური, რომელიც ვაჭრის შესამოსლით ალექსანდრიისკენ მიემართებოდა. სწორედ მას სთხოვა  მომავალმა წმინდანმა მოენათლა იგი. მონათვლის   შემდეგ, ახალ მშენებარე ციხე-კოშკში ბარბარემ ორი სარკმლის მაგივრად სამის გაკეთება მოსთხოვა არქიტექტორებს - წმინდა სამების სიმბოლოს აღსაბეჭდად. ამაზე მამამისი ისე განრისხდა, რომ ხმალი აღმართა საკუთარ ქალიშვილზე და ამ უკანასკნელმა,  გაქცევით უშველა თავს.
დიოსკორს რისხვამ და შელახულმა თავმოყვარეობამ  გონება დაუბინდა, მამა-შვილური სიყვარული დაივიწყა, გაქცეული ქალიშვილი იმავე დღეს შეიპყრო და  ქალაქის მართველს - მარტინიანეს გადასცა.
მარტინიანემ  ახლადგაქრისტიანებული ქალწულის დაყოლიება ტკბილი საუბრით სცადა. ეუბნებოდა,  ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, ნუ მაიძულებ გაწამო...  წამო, ჩვენთან ერთად მსხვერპლი შესწირე ღმერთებსო. უარის მიღების შემდეგ  კი გოგონა ხარის ძარღვებისგან დამზადებული  მათრახით გააშოლტინა. ამის შემდეგ,  ცოცხალ-მკვდარი ქალწული დილეგში ჩააგდეს. 
შუაღამისას წმინდა ბარბარეს უფალი  იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა: „კადნიერ იქმენ და ნუ შედრკები, სასძლოო ჩემო, რამეთუ მე შენთან ვარ, გმფარველობ, ვხედავ შენს გმირობას და შეგიმსუბუქებ სატკივარს, დაითმინე ბოლომდე, რათა მალე დატკბე საუკუნო სიკეთეებით ჩემს სასუფეველში“.
უფალმა წმინდა ბარბარე წყლულებისგან ისე განკურნა, რომ კვალიც კი არ დარჩენილა მის სხეულზე.
სრულიად განკურნებული ბარბარე მმართველს მიუყვანეს, რომელმაც    განკურნების სასწაული თავის ღმერთებს მიაწერა. წმინდა ბარბარეს პასუხის მოსმენის შემდეგ, რომ ჩემი ერთადერთი მკურნალი უფალი იესო ქრისტეაო, მარტინიანე   კვლავ განრისხდა და ქალწული ხეზე ფეხებით დააკიდებინა. ჯალათები  ქალწულის სხეულს რკინის მახვილით  სერავდნენ და წვავდნენ, თავში კი ჩაქუჩს ურტყამდნენ. ბოლოს, წმინდა ბარბარე გააშიშვლეს და ქალაქში გაატარეს. ამ დროს მოხდა სასწაული - უფალმა ანგელოზი გამოაგზავნა, რომელმაც ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი და კაცნი მის შიშველ სხეულს ვეღარ ხედავდნენ. 
წამებას უყურებდა იმავე ქალაქში მცხოვრები ქალი, სახელად იულიანა, რომელმაც ამ სანახაობით გულშეძრულმა ხმამაღლა განაცხადა - მეც ქრისტიანი ვარო. იგიც შეიპყრეს და აწამეს.
ქალაქის მმართველმა  ბარბარესა და  იულიანას თავის მოკვეთა მიუსაჯა. ბარბარეს ჯალათობა მამამისმა, დიოსკორემ იკისრა და საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა.  წმინდა იულიანას კი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოსჭრა თავი. 
ამის შემდეგ,  დიოსკორესა და მარტინიანეს,  ორივეს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია. წმინდანთა სხეულები ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს,  მათ საფლავებზე კი ეკლესია ააშენეს. 
სამასი წლის შემდეგ, წმინდა ბარბარეს  ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, მე-12 საუკუნეში კი საბერძნეთიდან რუსეთში  - კიევის წმინდა მიქაელის სახელობის მონასტერში გადმოასვენეს და იქ იყო დავანებული 1930-იან წლებამდე. ბოლშევიკებმა ეს მონასტერი ააფეთქეს და წმინდა ბარბარეს მოვერცხლილი ლუსკუმა დაამსხვრიეს. მორწმუნეებმა დიდმოწამის წმინდა ნაწილები კიევის ვლადიმირის ტაძარში დაასვენეს და ასე გადაარჩინეს განადგურებას. 
წმინდა ბარბარეს ბავშვების მფარველად მიიჩნევენ და ევედრებიან პატარების უეცარი სიკვდილისაგან დახსნაში. ბარბარობას საქართველოში ლობიანებს აცხობენ და ასე აღნიშნავენ დიდი წმინდანის ხსენებას.
წმინდანი ეხმარება ყველას, ვინც რწმენით მიმართავს მას. განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც ეშინია უეცარი სიკვდილის და არ უნდა ზიარების გარეშე დატოვოს ამქვეყნიური ცხოვრება. წმინდანი გვიცავს ასევე მოულოდნელი უბედურებებისგან. ჯერ კიდევ, უძველეს დროს შეამჩნიეს, რომ,  დიდი ჭირიანობის ჟამს, სასიკვდილო სენი არ ეკარებოდა იმ ადგილს, სადაც ეკლესიებში წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები იყო დასვენებული.
ეს სიტყვები, წმინდა ბარბარესადმი მიმართვაა, რომლითაც მლოცველები წამებულ ქალწულს მიმართავენ: 
 
„ქალწულებითა განმკურნებელო და წამებითა გაბრწყინებულო,
სასწაულთა მოქმედო,
სენთა და ბევრთა მკურნალო,
დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე,
მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა“ 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.