Russian English
მკვლელი მეგრელია! - ტაშკენტზე მოკლული 20 წლის ბიჭის ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა
პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 17:33
წლის 15 ნოემბერს, ღამის საათებში, ტაშკენტის და კანდელაკის ქუჩის კვეთაზე მოხდა მკვლელობა. ჩხუბში მიყენებული ჭრილობების  შედეგად გარდაიცვალა ფეხბურთელი თენგიზ ფერცელაძე. ამის შემდეგ პოლიციას აჰყავს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი თენგიზ კაცია.
რატომ გახდა ეს მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე თბილისში?! მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ მასში მონაწილე ახალგაზრდები ე.წ. თინეიჯერული ასაკიდან ახალი გამოსულები  - 20-21 წლის ბიჭები არიან. არც ის, რომ ჩხუბში მონაწილე ხუთივე პირი დღემდე მალავს ნამდვილ მკვლელის ვინაობას, ვინაიდან როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნამ უჩვენა მკვლელი წესით და რიგით, გენეტიკური და ბიოლოგიური ანალიზის მიხედვით - სულ სხვა პიროვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს  Mediacity.ge-თან საუბარში ადვოკატი ნონა ფილაური, რომელსაც სასამართლო პროცესის შემდეგ გავესაუბრეთ. 
- ახალგაზრდები მოდიოდნენ დაბადების დღიდან, მოუხდათ შელაპარაკება სიგარეტთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა ჩხუბში და ამ ჩხუბმა ერთ-ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბში მონაწილე  თენგიზ კაციამ დანა დაარტყა თენგიზ ფერცელაძეს და  მიაყენა მას ათი ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში.
- ანუ ათჯერ ჩაარტყა დანა?
- დიახ.  თენგიზ ფერცელაძე სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაკითხული არიან დაბადების დღის ყველა მონაწილე და ამავე დროს დაკითხულია სხვა მოწმეებიც, რომლებიც გადაადგილდებოდნენ იმ ტერიტორიაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულია არა ერთი ექსპერტიზა - როგორც პროკურატურის მხრიდან, ისე ჩვენი ანუ მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან. ესენია -   ბიოლოგიური, გენეტიკური, ტრასოლოგიური, ბოჭკოების   კვლევა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.  არც ერთ   დასკვნაში არ ვლინდება, რომ თენგიზ კაციამ დაჭრა თენგიზ ფერცელაძე. 
- კი მაგრამ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა ხომ თენგიზ კაციას ეკუთვნის, ეს ხომ დადგინდა?
- კი ბატონო. მაპოვნი დანა თენგიზ  კაციასი  აღმოჩნდა, მაგრამ ამ დანაზე სისხლის ლაქების ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს სისხლი ეკუთვნის მსჯავრდებულ თენგიზ კაციას და არც ერთი წვეთი არ ეკუთვნის გარდაცვლილ თენგიზ ფერცელაძის. უფრო მეტიც, იმ დროს როდესაც ჩატარებულია დნმ-ს ანალიზი, როგორც სისხლზე, ისე ბიოლოგიურ მასალაზე, არც ერთი პასუხით არ დგინება, რომ გარდაცვლილ თენგიზ ფერცელაძის ტანსაცმელზე, ან მისი სხეულის რომელიმე ნაწილზე აღინიშნებოდეს  კაციას ბიოლოგიური მასალა. აქედან გამომდინარე, თუ დავეყრდნობით ექსპერტიზის დასკვნებს, თენგიზ კაციასა და თენგიზ ფერცელაძეს შორის, შემხებლობა საერთოდ არ მომხდარა. 
- ექსპერტიზის ამ დასკვნაზე რა მოსაზრება ჰქონდა ბრალდების მხარეს?   
-  2016 წლის 13 დეკემბერს დასკვნითი სიტყვა გააკეთა პროკურორმა დავით ხარაიშვილმა, რომელმაც ისეთი სისულელე თქვა, ისეთი გაუგონარი უცოდინრობა გამოავლინა აღნიშნულ სფეროში, რომ მე მრცხვენია, ამას რო ვამბობ. დავით ხარაიშვილმა თქვა, რომ თენგიზ რუსიას დანაზე იმიტომ არ აღმოჩნდა მოკლულის სისხლი, რომ თენგიზ კაციას სისხლმა გადარეცხა თენგიზ ფერცელაძის სისხლი.  როგორია! 90-ზე მეტი დნმ-ის კვალის ამოთესვა შეუძლია ექსპერტიზას, კონსულტაციები მაინც გაევლო სპეციალისტებთან.
- არა და ამიტომაც სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ჩვენ სადაო არ გაგვიხდია.  
- კი მაგრამ, არ ჰკითხეთ ამის შესახებ პროკურორ დავით ხარაიშვილს?
- რა თქმა უნდა. მაგრამ, როდესაც  ჩვენ ვკითხეთ, ჩაიხედა თუ არა მან ექსპერტიზის დასკვნაში, პროკურორმა განაცხადა, რომ უსასრულობის რაღაცა ხარისხში ასეთი დასკვნები არსებობს. თუცა, არც ერთი მაგალითი ამასთან მიმართებაში მას არ მოუყვანია. ჩემს შეკითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა მაშინ  შერეული დნმ დანაზე, იმიტომ რომ, როგორც გითხარით სასამართლო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი რამე არ არსებობს, „გადარეცხვა-გადმორეცხვა“ და თუ მართლაც, ერთის სისხლი მეორისას „გადარეცხავდა“, მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მაშინ დანაზე ორივე ბიჭის დნმ-ი უნდა დაფიქსირებულიყო. პასუხი მივიღეთ ასეთი - ნუ გამონაკლისები არსებობსო.
- რამდენი პირი მონაწილეობდა ჩხუბში?
- ჩხუბი მოხდა კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩაზე, ჩხუბში მონაწილეობდა ხუთი პირი, აქედან  ერთი იყო გამშველებელი. ყველა მათგანს აღმოაჩნდა სისხლი ტანსაცმელზე, სხეულის  ნაწილზე და ა.შ. ე.წ. „მკვლელს“ კი, თენგიზ კაციას არანაირი ლაქა არ აღმოაჩნდა არც ტანსაცმელზე და არც სხვაგან. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მარტო მე კი არ გამაოცა, როგორც ადოკატი, არამედ კოლეგაც გაოგნებული უყურებდნენ, იმიტომ  რომ  ზღაპრულ ტონალობაში მოყვა, ერთი ის არ მოყვა, ვის რა ფერის კაბა და რა მარკის შარვალი  ეცვა, თორემ ისეთი ეპოპეა დახატა - როგორ მოკლა კაციამ ფერცელაძე. მან აბსოლუტური იგნორი გაუკეთა და პასუხი არ გასცა იმას, რომ არ აღმოჩნდა დნმ დანაზე, ტანსაცმელზე და ა.შ. ათი ჭრილობა მიაყენა ბიჭს, თან გულ-მკერდის არეში, საიდანაც ასხამს სისხლი და ერთი წვეთიც კი არ ჰქონია ტანსაცმელზე?!
- რა არის მთავარი მტკიცებულება?
- პროკურატურის მთავარი  მტკიცებულება არის დანა. ძალიან მარტივად შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა - როგორ შეიძლებოდა 8,5 სანტიმეტრიანი დანით გულ-მკერდის არეში მიყენებული იყოს 12 სანტიმეტრიანი ჭრილობა. აი, როგორ, მითხარით! თან მუცლის არეში კი არა, არამედ იქ,  სადაც არსებობს წინააღმდეგობა ე.წ. ნეკნებთან მიმართებაში.  დანა ისე თავისუფლად ხომ ვერ შედის მკერდის მიდამოში, როგორც მუცლის ღრუში. გარდაცვლილს ჰქონდა 12 სანტიმეტრიანი ჭრილობა.  სასამართლო პრქატიკაში  3-4 სანტიმეტრიანი ცდომილება უზარმაზარია. არც ამაზე აქვს პასუხი   ბრალდების მხარეს.
- ანუ ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ ეს ის დანა  არ არის, რომლითაც მოკლედ თენგიზ ფერცელაძე?
- ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ ის ჭრილობები, რომლითაც გარდაიცვალა თენგიზ ფერცელაძე, ამ დანით მყენებული ვერ იქნება. აი, ეს დასკვნა დადო. პლიუს დნმ-ს არ არსებობა არც დანაზე და არც მკვლელობაში მსჯავრდებულის სამოსზე.  
- პროკურორი ახალბედაა?
- არა. პროკურორი დავით ხარაიშვილი თბილისში გადმოყვანამდე მუშაობდა დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში. ეხლა მუშაობს  მთავარ პროკურატურაში და საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობის და სტრატეგიული გავითარების სამართველოს უფროსს პროკურორად გვევლინება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, ადამიანი რომელსც აქვს ამხელა სტატუსი, დაწინაურებულია, როგორ შეიძლება ასეთ შეცდომებს უშვებდეს. გესმით, უბრალოდ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ბიჭის დანაშაულს დაამტკიცებდა.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თენგიზ ფერცელაძე მოკლულია. ფაქტია, რომ ვიღაცამ მოკლა და ეს ვიღაცა იყო ჩხუბში მონაწილე იმ ხუთი პირიდან ერთ-ერთი. თუ კაციამ არ მოკლა, მაშინ ვინ მოკლა. ათი ჭრილობა აქვს ბიჭს მიყენებული, თან 60 წამზე ნაკლებ დროში - ეს ხომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის კლასიფიკაციაა?
- თენგიზს კაცია არ ამბობს, ვინ მოკლა ფერცელაძე, იმიტომ რომ ჩხუბის დროს თენგიზ ფერცელაძემ მას თავი დაარტყა, კაცია წაბარბაცდა და შემდეგ წაიქცა , მერე მეოედ დაარტყა, ამჯერად ხელი და კაცია  გაითიშა. ფერცელაძე  ფეხბურთელი იყო და ამდენად თავით ძლიერი დარტყმა ჰქონდა. კაცია გადავარდა და ვერ დაინახა, რა მოხდა. როდესაც ფეხზე წამოდგა, უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. იმ პერიოდში რა მოხდა, არ იცის. გამოძიებით დადგენილია, რომ ეს მოხდა წუთზე ნაკლებ დროში. აყვანის შემდეგ, თენგიზ კაცია პოლიციაში სასტიკად სცემეს. სცემეს ასევე მოწმეებიც, რათა მათ    მიეცათ ჩვენებები  თენგიზ კაციას წინააღმდეგ.
- მოწმეებმა მისცეს ჩვენება?
- არა, არც ერთს არ მიუცია. ჩვენ მივმართეთ გამოძიებას და მოვითხოვეთ ამ პოლიციელების მიმართ სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ყველაზე საინტერსო ის გახლავთ, რომ პროკურორი დავით ხარაიშვილი დადგა და ჭორაობა დაიწყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პროკურორი ჭორაობს - როგორ მოგწონთ. 
- ჭორაობაში რას გულისხმობთ?
- მაშასადამე, მოიკლულის დნმ დანაზე არ აღმოჩნდა, ექსპერტიზამ საპირისპირო დასკვნა დადო, მოწმეებმა არ დაასახელეს და რას დაეყრდნო პროკურორი ხარაიშვილი, როგორ ფიქრობთ?! მისი განცხადებით, მოწმეებიდან ერთ-ერთმა თქვა, რომ ფერცელაძე ვიღაც მეგრელს მოუკლავსო.
- ეს სასამართლო პროცესზე თქვა?
- დიახ.  ასე ლაპარაკობს პროკურორი კაცი. „ვიღაც მეგრელმა“ და „ერთ-ერთმა მოწმემ თქვა“. ეს რას ნიშნავს?! მტკიცებულებები ისვენებენ, როცა  ხარაიშვილი ლაპარაკობს! და, ამ „მეგრელისა“ და ერთ-ერთი მოწმის ნათქვამის საფუძველზე მიუსაჯეს თენგიზ კაციას 11 წელი. 
- იქნებ სხვა მეგრელი იყო?
- იქ მეგრელი არავინ ყოფილ კაციას გარდა. სხვათაშორის, ამ ჩხუბის დროს დაჭრილია ერთ-ერთი მოწმე თენგიზ ხუციშვილი, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მოწმეა და  გამოძიებით ასევე დღემდე დაუდგენელია, ვის მიერ არის დაჭრილი იგი.
- ქალბატონო ნონა, ხუთი კაცი იყო, 50 ხომ არა, რომ ვერ გაერჩიათ ვინ ვის ურტყამდა. ეს ხუთი ორად გავყოთ და ორი სამზე გამოდის, ხომ?  გადასარევად უნდა ახსოვდეთ ბიჭებს ყველაფერი. მკვლელს ერთხელ არ დაურტყია დანა,  ათჯერ დაარტყა - ერთო, ორი, სამი, ოთხი... და ასე ათჯერ.  60 წამის განმავლობაში გრძელდებოდა  და ამ დროს, გარშემო ყველა გულწასული ეყარა?! ამას ხომ სხვებიც უყურებდნენ. რაღაც ზღაპრებს რომ ყვებიან, ხვდებით ალბათ? 
- ჩხუბი დაიწყო ისე, რომ სიგარეტი მოსთხოვა თენგიზ კაციას გარდაცვლილის მეგობარმა და ამაზე შეკამათება მოხდა. სამწუხარო ფაქტია, განსაკუთრებით მესმის მოკლულის ოჯახის წევრების. მაგრამ, მათ ინტერესშიც შედის ალბათ, რომ ნამდვილი მკვლელი დაისაჯოს და არა უდანაშაულო.
- ეგ „უდანაშუალო“ ამბობს, რომ არ ვიციო, არ დამინახავსო?
- კი, არ ახსოვს.
- გჯერათ მერე! დაჭრილ თენგიზ ხუციშვილსაც არ ახსოვს?
- ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში.
- მოკლული ფერცელაძის ჩათვლით სამნი გამოდიან. ანუ დარჩა იმ ხუთიდან ორი. ასეა?! არც იმათ ახსოვთ სავარაუდოდ...
- მტკიცებულება არ მიუთითებს თენგიზ კაციაზე.
- გასაგებია, მაგრამ ფერცელაძე იმ დანას თვითონ ხომ არ ჩაირტყამდა ათჯერ? კითხვა ღია რჩება - მაშინ ვინ?! 
- ყოველ შემთხვევაში, არა თენგიზ კაცია.
 
Mediacity.ge ამ საქმესთამ დაკავშირებით პროკურატურის საზოგადოეაბასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნათია სუხიაშვილს დაუკავშირდა.
- თენგიზ ფერცელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულის მხარე აცხადებს, რომ საქმეზე ზედამხედველი პროკურორი დავით ხარაიშვილმა უგულვებელყო ექსპერტიზის დასკვნა და მტკიცებულებები და სასამართლო პროცესზე „ჭორაობდა“ (ადვოკატის სიტყვებივე რომ მოვიშველიოთ). იქნებ ბატონმა დავითმა თავად გაგვცეს ამაზე პასუხი?
- აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში და ვეცდებით თქვენს ყველა კითხვას ვუპასუხოთ.
 
თამარ როსტიაშვილი
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.