Russian English
სრული კატასტროფა! სპეცსამსახურის ოფიცრის ნაცვლად მოგვისმენს ვიღაც შემთხვევითი ადამიანი
ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 21:57
2017 წლის 31 მარტამდე  პარლამენტმა მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი უნდა მიიღოს. 32-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, სად და რა ფორმით დარჩება ე.წ. მოსმენების გასაღები.
უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, სუს-დან გასაღების გატანა და მისი გადაცემა დამოუკიდებელი სააგენტოსთვის (როგორც სავარაუდოდ არის ჩაფიქრებული), სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე:
„რატომ ვცდილობთ მაინც და მაინც ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უდიდეს ზიანს მიაყენებს უსაფრთხოების სისტემას, კერძოდ ოპერატიულ, განსაკუთრებით კონტრაზვერვით საქმიანობას.
მე საჯაროდ ამ სიტუაციების განხილვას არ შევუდგები. საინტერესო ისაა, რომ ვინც სთავაზობს, მათ ეს კარგად იციან. მიზანს ვერ ვხვდები.
რაც შეეხება სამოქალაქო სააგენტოს, რომელსაც დაუქვემდებარებენ პარლამენტს და უსაფრთხოების თანამშრომლებით არ დაკომპლექტდებიანო.
კატასტროფაა, სრული კატასტროფა.
თქვენ ეს გასაღების გადატრიალება მართლა გასაღების გადატრიალება გგქონიათ? თუ ცალკე სააგენტო შეიქმნება, მაშინ სპეცსამსახურების მოთხოვნით და სასამართლოს ნებართვით მოსმენას უშუალოდ ამ სააგენტოს გაურკვეველი კავშირების და სპეცსამსახურების მიერ შეუმოწმებელი პირები განახორციელებენ, ხოლო მოსმენილ მასალებს გადასცემენ სპეცსამსახურს.
ე.ი. გირჩევნიათ, რომ სპეცსამსახურის ოფიცრის ნაცვლად მოგისმინოს ვიღაც შემთხვევითმა ადამიანმა, რომელსაც ამისათვის სათანადოდ სპეცსამსახურის სკოლაში არ ამზადებენ, რომელიც იმ საკადრო კარუსელების პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში უკვე 13-14 წელია ტრიალებს, ხვალ შესაძლოა ამ სააგენტოში აღარ იმსახურებს და ეშმაკმა უწყის, სად აღმოჩნდება. მას არც პასუხისმგებლობა ექნება შეინახოს თქვენი საიდუმლოებები. არც კი უფიქრდებით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ მიდგომას.
მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, კიდევ გავიმეორებ, რომ ასეთი მიდგომა უდიდეს ზიანს მიაყენებს სპეცსამსახურების საქმიანობის ოპერატიულობას.
რატომღაც საუბარი არ მიდის უკანონო მოსმენების და ამ მასალების გავრცელების, ასევე პოლიტიკური დაკვეთის შემთხვევაში პასუხისმგებლობის მკვეთრ გამკაცრებაზე.
და ბოლოს.
თუ გვსურს, რომ ე.წ. გასაღები არ იყოს საგამოძიებო სამსახურების ხელში, ვიფიქროთ იმაზე, რომ საგამოძიებო სამსახურები გამოეყოს ყველა სტრუქტურას თავისი ბიუჯეტიანად და შეიქმნას ახალი ცენტრალური საგამოძიებო სამსახური/სააგენტო. სუს-ი ჩამოყალიბდეს როგორც სპეცსამსახური (ისეთივე, როგორიც დაზვერვის სამსახურია) საგამოძიებო ფუნქციების გარეშე, ხოლო მოსმენები დარჩეს სუს-ში. შესაბამისად არანაირი სააგენტოს შექმნა არც სუს-ის შიგნით, არც მის გარეთ, საჭირო აღარ იქნება.
რასაც მესამე სექტორი სთავაზობს ხელისუფლებას, ეს ვარიანტი მიუღებელია. მერწმუნეთ, თუ ასეთი ვარიანტი ოდესმე გავა, ძალიან გავახარებთ მტრებს. გარდა ამისა, ეს დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან, ცალკე ბიუჯეტთან და ა.შ. პლიუს უზარმაზარ ტექნიკურ სამუშაოებთან, რადგან ეს კომუნიკაციები უკვე შეყვანილია სუს-ში და საჭირო იქნება დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარება“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.