Russian English
ახალი ქართული ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე
ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 21:50
ქართული კინოინდუსტრიის გადასარჩენად  ვაკის პარკის კინომოძრაობამ ერთი წლის წინ დაიწყო ბრძოლა. ბრძოლაში ბევრი კინემატოგრაფი  ჩაერთო. მათი მოთხოვნები ეხებოდა სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტის მინიმუმ სამჯერ გაზრდას და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად 4 000 000 ლარს გამოყოფს კინოცენტრისათვის ხარჯების დასაფარად. კინომოძრაობის წევრების განცხადებით, სახელმწიფოსგან გამოყოფილი 4 მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში უნდა ეყოს ფესტივალების ჩატარებას, ასევე მხატვრული, დოკუმენტური, სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების დამზადებას. ვაკის პარკის კინომოძრაობა სახელმწიფოს მხრიდან ამ ისედაც მინიმალური ბიუჯეტის შემცირებაზე  საუბრობს. მიუხედავად ამისა,  წლებია  ქართული ნაწარმი არა ერთ წარმატებას აღწევს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. მიუხედავად მსოფლიო ყურადღებისა და საყოველთაო აღიარებისა,  ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურად  ჩაერთოს ქართული კინოს განვითარებასა და პოპულარიზებაში. 
Mediacity.ge ესაუბრება  ვაკის პარკის კინო მოძრაბის წევრს და  „ნუში ფილმის“ დირექტორს თეკლა მაჭავარიანს:
- თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კინოინდუსტრია?
- რატომღაც ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ქართული ფილმის წარმატება ქვეყნის წარმატებაა. მეტი ხელშეწყობა გვჭირდება. სახელმწიფოსგან გამოყოფილი 4 მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში უნდა ეყოს ყველაფერს. 4 მილიონი ლარი კი ევროპულ დონეზე მხოლოდ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ყოფნის. აღსანიშნავია, რომ მცირე შესაძლებლობების მიუხედავად, ქართული კინო მაინც ახერხებს ძალიან ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მოხვედრას.
- რა წარმატებებს აღწევს დღევანდელ რეალობაში „ნუში ფილმის“ პროდუქტი? 
- ჩვენი ფილმი მოხვდა როტერდამის კინოფესტივალზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ფესტივალი ევროპაში. ფილმს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. სოსო ბლიაძის ფილმმა „სამი საფეხური“ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თავისი დელიკატური სცენარით, თუ როგორ აღწერს მამაკაცი რეჟისორი ქალის ჩამოყალიბებას ასე ინტიმურად და არა ვულგარულად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ მზადების პროცესშია, მოხვდა იტალიაში წამყვან ფორუმზე, რომელსაც ესწრებოდა 300-ზე მეტი კინემატოგარაფი და გარკვეულმა ნაწილმა უკვე გამოთქვა მასზე მუშაობის სურვილი. ქართულ ნაწარმს აქვს დიდი პოტენციალი იყოს წარმატებული, ამიტომ სახელმწიფომ და კერძო კომპანიებმა მეტი დაინტერესება და  ჩართულობა უნდა გამოიჩინონ.
- კანის კინოფორუმზე დასასწრების საშვი მართლა მოიპოვეთ?
- ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ეს სიმართლეა. ჯერჯერობით დავესწრები თუ არა ამ ფორუმს არ არის ცნობილი, რადგან მოგეხსენებათ კანის კინოფესტივალზე დასწრება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და  არ ვიცი, მეყოლება თუ არა სპონსორი იმ სიტუაციის ფონზე, რომელიც დღეს კინოინდუსტრიაშია შექმნილი. არადა, ახალგაზრდა პროდიუსერისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.
 
ია სართანია
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.