Russian English
რას ჰყვება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ბათუმელი სტიქაროსანი
პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 22:18
კობა ფერტენაძეს ბათუმში ყველა იცნობს. იგი მოდელი, ჟურნალისტი და პარალელურად სტიქაროსანია. 
2015 წელს  ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ კობა ფერტენაძეს  სტიქარის გახდა მოსთხოვეს.  ფარტენაძის მიმართ ასეთი მოქცევის მიზეზი, როგორც თავად ამბობს და ამას მამა ანდრია თურმანიძეც ადასტურებს, მისი ჩვევები იყო. საუბარია წარბების კორექტირებაზე, ფეხების გაპარსვაზე, მოდელის საქმიანობის შეთავსებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ თამამ ფოტოებზე. როგორც ფარტენაძე აცხადებს,   დეკანოზი მას ტაძრიდან წასვლას აიძულებდა. 
იმდენად, რამდენადაც კობა ფერტენაძეს თავის დროზე  უშუალოდ ჰქონდა  შეხება დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, Mediacity.ge მას ბათუმში დაუკავშირდა.
- კობა, სად ცხოვრობდა ბოლოს მამა გიორგი მამალაძე?
-  ბოლოს არ ვიცი, მაგრამ 4 წლის წინ მამა გიორგი ნაქირავებში ცხოვრობდა  ბათუმში, ევროპის მოედანთან. შემდეგ ქობულეთში გადავიდა.   
- მართალია, რომ 2011 წელს  ბობოყვათის   მიწების  გასხვისებასთან დაკავშირებით იყო დაკავებული?
- რაც შეეხება ბობოყვათს, ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ კონფლიქტი ნამდვილად იყო რაღაც პერიოდი მასსა და მეუფეს შორის. ოღონდ, კონკრეტულად რას უკავშირდება, არ ვიცი. ის ვიცი მხოლოდ, რომ  განსხვავებული ნამდვილად იყო სხვა მღვდლებისგან. 
- რას გულისხმობ?
-  საკმაოდ მყარი სტატუსი ჰქონდა.  რითი იყო ეს გამოწვეული -  მიტროპოლიტთან ახლობლობით თუ  ხასიათიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით.  
- ზოგადად, მამა გიორგის სახელს თუ უკავშირდება სკანდალები?
- სკანდალებს რაც შეეხება, ზოგადად, ამ ეპარქიაში ნაკლებად ხმაურდება ხოლმე კონფლიქტები და შესაბამისად, ყველაფერი  დახურულ ფარდებს მიღმაა. 
- ვიცით, რომ კონფლიქტი იყო თქვენსა და დეკანოზს შორის? 
- დეკანოზი ანდრია თურმანიძე სტიქარის გახდას მთხოვდა, იმიტომ რომ მოდელიც ვიყავი. ანუ  მისმა მეგობარმა მღვდელმა ამიკვიატა და არა  მამა  გიორგიმ. ამის შემდეგ, მეუფესთან დამიბარეს და მიზეზი ეგ იყო. ერთხმად შეკრეს პირი. ორ სასულიერო პირს, რომლებიც მეუფის ახლო მოძღვრები არიან,  არ უნდოდა ჩემი სტიქაროსნობა.  წარბებს იღებსო  და ათასი პირველყოფილური რაღაცეები გამოიგონეს. 
- ისე, როგორი სახელი ჰქონდა მამა გიორგის აჭარაში?
- სიმართლე გითხრა, ყოველთვის ყველა ერიდებოდა მასზე საუბარს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.