Russian English
„აქ არ დავინახოთ!“ - სოსო პავლიაშვილი აზერბაიჯანში შავ სიაში შეიყვანეს
ორშაბათი, 06 მარტი, 2017 - 20:39
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი - სოსო პავლიაშვილი, აზერბაიჯანში  მომღერალთა „შავ სიაში“ შეიყვანეს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რაც  აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა,   კინოდტრამატურგმა რამიზ ფატალიევმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი პავლიაშვილისგან მოითხოვდა ბაქოში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის გაუქმებას  და ქვეყანაში ჩასვლისგან თავის შეკავებას. 
„ზოგიერთი ჩვენგანი (და არც თუ ისე ცოტანი ვართ) მიიჩნევს, რომ თქვენი ბაქოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება დასაშვები და მისაღები - თუ ბოდიშს მოიხდით. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაგრამ თუ ბოდიშის მოხდას არ აპირებთ, აბსოლუტურად დაგეთანხმებით და მთლიანად თქვენს მხარეს ვიქნები. ბოდიშის მოხდა საჭიროა და ხანდახან აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების შემდეგ. მაგრამ საკუთარი არჩევანის გამო ბოდიშის მოხდა მიუღებელია. საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად უნდა იდგეთ. დაიცავით თქვენი არჩევანი, ბატონო პავლიაშვილო, არ ჩამოხვიდეთ ბაქოში“ - წერს  70 წლის სცენარისტი. 
აზერბაიჯანელი სცენარისტის პროსტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს პავლიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც სომხეთში კონცერტი გამართა. ამ ფაქტის გამო, მომღერალი აზერბაიჯანში შავ სიაში შეიყვანეს და პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადეს. ფატალიევი თავის წერილში ამ კონფლიქტის მიზეზსაც შეეხო : „ათასობით დევნილი და იძულებით გამოსახლებული ადამიანი, ასობით სასტიკად ნაწამები, ნაცემი და მოკლული, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. რესპუბლიკა, რომელმაც ფაქტიურად გენოციდი მოგვიწყო და თქვენ დგახართ მის საკონცერტო მოედანზე და იმ ადამიანებს უმღერით, რომლებმაც ჩემი ქვეყანა გაანადგურეს. ყველანაირი კომენტარი ზედმეტია. ეს თქვენი არჩევანი იყო. ზრდასრული, დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ადამიანის არჩევანი.
ბატონო პავლიაშვილო, წარმოიდგინეთ, რომ გყავდათ მეგობარი. ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდით იყო და მისი სახით უდიდეს ზურგს გრძნობდით. და აი ეს მეგობარი ერთხელაც მოდის თქვენს სახლში, ჯდება თქვენს მაგიდაზე და  ოკუპანტის სადღეგრძელოს გთავაზობთ. როგორ მოიქცევით? ხომ  გაუშვებთ ასეთ „მეგობარს“  მოუსავლეთში და იმის იქითაც?“ -  წერს ფატალიევი. 
სოსო პავლიაშვილმა აზერბაიჯანელი კინოსცენარისტის ღია წერილს გამოეხმაურა და  ყურადღების მიქცევის თავისებური ფორმა უწოდა და დასძინა, რომ მისი კონცერტები არანაირ პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. 
„ჩემზე ნუ ინერვიულებთ, უსაქმურები რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ. მთავარია საჯიჯგნი ძვალი ჰქონდეთ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 80-იანების მიწურულს ზოგიერთმა რეგვენმა (და ასეთები ყველა ერში მოიძებნება) დანა აიღო და ქალების და ბავშვების ხოცვა დაიწყო. ამ დრამატურგს არ ვეკითხები, ბაქოში ჩამოვალ თუ არა, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. ისიც კი არ ვიცი, საერთოდ ვინაა. ამ წერილის მერე უკვე პოპულარული გახდება და მინდა მივულოცო. იქნებ ერთი ბოთლი კონიაკი მაინც გამომიგზავნოს ამისთვის. თუ უნდა ჩემს კონცერტსაც დაესწრება, სიამოვნებით დავპატიჟებ. ადამიანებთან მათი წარმომავლობის და რწმენის გამო კი არა, მათი საქციელის გამო ვმეგობრობ და ყოველთვის ასე იქნება. ღმერთს ჩემთვის არ უთქვამს, აჰა შენ ნიჭი, ოღონდ ამათ უმღერე და ამათ არა. და ესენი კიდევ, ბევრს რომ ყვირიან და ყარაბაღის დაბრუნება უნდათ, ადგნენ და დივერსიული ჯგუფები შექმნან, წავიდნენ და დაიბრუნონ. წამოწოლილან აქ სავარძლებზე და მარტო იმაზე ფიქრობენ, სოსო ჩამოვა თუ არაო. საბედნიეროდ ყარაბაღის დაბრუნება ამაზე არ არის დამოკიდებული. მე არავისთვის წამირთმევია და ვერც უკან დავაბრუნებ. ომი მე არ გამიჩაღებია. თუ ვინმემ ცეცხლი აანთო, მე მხოლოდ მისი ჩაქრობა მინდა. სომხებთან ვმეგობრობდი, ვმეგობრობ და ყოველთვის ვიმეგობრებ. ბაქოში კი საქველმოქმედო კონცერტს გავმართავ და თუ ვინმეს მოსვლა არ სურს, ასი წლის სიცოცხლეს ვუსურვებ“ - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.