Russian English
(ფოტორეპორტაჟი) რა ხდებოდა 14 მარტს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან
სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 19:15
14 მარტს, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან  ელისო კილაძის მხარდასაჭერად მისი მეგობრები და თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება ცალსახად უკავშირდება დედის საქმიანობას.
ელისო კილაძის შვილს ბრალი 14 მარტს წაუყენეს. პოლიცია მას ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციას ედავება. დაკავებული ბრალს უარყოფს, მისი ინტერესების დამცველი კი დაკავებას „ქრონიკა+“-ს მთავარი რედაქტორის საქმიანობას უკავშირებს. თავად ელისო კილაძე აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.
„ვემზადებით დაცვის მხარე შესაბამისად, რომ აღმკვეთი ღონისძიებისთვის ვიყოთ მზად. მე მაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რატომ არიან მოწმეები მხოლოდ პოლიციელები? თან იმ დროს, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოპოზიციური გაზეთის მთავარი რედაქტორის შვილს იჭერ. ამბობ, რომ მას აღმოუჩინეს ორი პაკეტი, ერთი პაკეტი აბები და მეორე - ფხვნილი. რატომ არავის ასწრებ ჩხრეკას? ანდა რატომ არ არის გადაღებული დაკავება ვიდეოფირზე, როდესაც ასეთ ხმაურიან სპეცოპერაციას ატარებ“ - აცხადებს ელისო კილაძე.
კილაძეს განცხადებით, მან იცის ვინ დაეხმარა პოლიციას დავით ხარშილაძის დაკავებაში. მისი ინფორმაციით, პირი, ვინც ხარშილაძეს დაურეკა და სპორტის სასახლის მიმდებარედ მისვლა სთხოვა, ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და ორი კვირის წინ, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს.
„ვიცი იმ პირის ვინაობა, ვინც ფაქტობრივად დაუსახლებელ ტერიტორიაზე  დაიბარა ჩემი შვილი. რატომღაც მისი არც მანქანა და არც საცხოვრებელი სახლი გაჩხრეკილი არ არის. ამ პიროვნებას მიცემული ჰქონდა დავალება, ჩაედო ელისო კილაძის შვილისთვის ნარკოტიკები და რაც შეიძლება სწრაფად წამოსულიყვნენ. რატომ არ არიან ის პირები დაკავებულნი, რომლებიც იმ მომენტისთვის ჩემს შვილთან ერთად იმყოფებოდნენ?“ - კითხვებზე პასუხს თხოულობს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი. 
უცნობია ასევე, თუ რატომ მივიდა დაკავების ადგილზე დავით ხარშილაძე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და კონკრეტულ ადგილზე მისვლა სთხოვეს. დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე პასუხს ამ ეტაპზე არ სცემს ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე.
დავით ხარშილაძეს სამი სხვადახვა შემოწმება ჩაუტარდა. ადვოკატის განცხადებით, მისი ნარკოთრობა არ დადასტურდა. შსს-მ მეორედ ჩატარებული, ე.წ. ღრმა კვლევის შედეგად  ბუპრენორფინის მოხმარება დაუფიქსირდა. სწორედ, ეს ფაქტი გახდა საფუძვლიანი ეჭვის საგანი.
„თუკი მესამე ექსპერტიზა რაიმე განსხვავებულს აჩვენებს, მე ცხადია ამას გავასაჩირვებ, ვინაიდან ის შეიძლება იყოს იმ მედიკამენტების მიღების შედეგი, რითაც მკურნალობს“ - განმარტავს ელისო კილაძე.
დაკავებული მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა, რომელმაც დაადასტურა დავით ხარშილაძეზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნები.
„ვიზუალურად შუბლის არეში აღენიშნება მცირე დაზიანება, რომელზეც დაკავებულმა განმარტა, რომ მიიღო დაკავების დროს. ასევე აქვს სხვა დაზიანებები...“ - აღნიშნა სახალხო დამცველის რწმუნებულმა ლევან ბეგიაშვილმა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.