ვერიკო ანჯაფარიძე მისი ბაბუის და იყო. ბაბუა კი სტალინის პირადი ექიმი. მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფიულ ასპარეზზე გასვლა ძალიან გაუჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ არავინ დახმარებია. ყოველ შემთხვევაში, ასე აღწერს თავის მძიმე შემოქმედებით გზას კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე Mediacity.ge-თან საუბარში.
- რატომ, თქვენი ბაბუა სტალინის პირადი ექიმი რომ იყო?
- დიახ. სხვათაშორის მამიდაჩემს სტალინის დედამ დაარქვა სახელი ქეთი.
- ვინმეს თუ უთქვამს, ეს ბავშვი მომავალში კარგი რეჟისორი დადგებაო?
- ბავშვი ვიყავი კაი ტიპი. შემეძლო ერთი მანქანით მეთამაშა მთელი დღე. ვიცოდი ჩაღრმავება რაღაცეებზე, მიყვარდა წყალი, არაჩვეულებრივად ვცურავ ახლაც. თენგიზ აბულაძის სახელოსნო დავამთავრე და მახსოვს, პირველ კურსზე როგორ დამახასიათა: „ეს ისეთი ჯეჯილია, რომელსაც კარგი მორწყვა სჭირდება, რომ საღი პურის თავთავი დადგესო“.
- ვერიკო ანჯაფარიძეზე მოგვიყევით?
- წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი ბაბუის და ყოფილიყო. ძალიან გულისხმიერი ადამიანი გახლდათ. ღამის სამ საათზე რომ გაგეღვიძებინა და შენი პრობლემები მოგეყოლა, თავიდან ბოლომდე შენი გასაჭირის თანამოზიარე ხდებოდა. სხვათაშორის, ეს გვახასიათებს ანჯაფარიძეებს. მეც და ჩემი შვილიც ასეთები ვართ. ვიცით სხვისი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა.
- როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ ეს პროფესია რომ აირჩიეთ?
- ეს ჩემმა მაყურებელმა უნდა თქვას. თუმცა... რა თქმა უნდა გამიმართლა. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი მაყურებლის სიყვარულია, რასაც მუდმივად ვგრძნობ.
- რითი განსხვავდება გასული საუკუნის „ქართული ფილმი“ დღევანდელი კინომატოგრაფიისგან?
- კარგი მაშინაც იყო და ახლაც არის. უბრალოდ, მაშინ შეეძლოთ ბევრი რამის თქმა და ვერ ამბობდნენ. ნიჭიერება სადაც გაძვრება იქ იბრწყინებს. მაგალითად, „ჯარისკაცის მამა“ ადრეც ლეგენდა ფილმი იყო და დღესაც.
- თქვენი შემოქმედების მანძილზე რა შექმენით ყველაზე ღირებული?
- ჩემი შვილები. ფილმებს რაც შეეხება, ყველაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. მიუხედავად ჩემი გვარიშვილობისა, შემოქმედებით ასპარეზზე გასვლა ძალიან გამიჭირდა. ჩემთვის ყველა ჩემი ფილმი ღირებულია. ისე, „ორმაგი სახე“ უყვარს ქართველ მაყურებელს და ითვლება ძალიან პოპულარულად.
- კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?
- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. ღვთის მადლით, არც ერთი ადამიანი არ ჰგავს მეორეს, ასე რომ, ყველა ერთნაირად ვერ დაინახავს.
- ისე, პოლიტიკური აქტივობითაც გამოირჩევით?
- დიახ, და სხვათაშორის ბევრი რეჟისორი ამით ვერ დაიკვეხნის. ბევრმა არჩია ჩუმად ყოფნა და საქმის კეთება. ალბათ ამის გამო დავისაჯე და ბევრ პროექტზე მითხრეს უარი. ახლა დავიწყე რაღაც რაღაცეების გაანალიზება. მივხვდი, რომ ყველაფერი ცუდი არ ყოფილა და იმასაც გეტყვით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი 200 კაცი რომ ჩამოშორებოდა, ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრდებოდა. მე ვერ ვიტან ძალადობას. აქედან გამომდინარე, არც მაშინ მომწონდა რა ხდებოდა და არც დღეს მომწონს.
- რას ფიქრობთ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე?
- მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ზედმეტი ვილაპარაკო საპატრიარქოზე. პრობლემები რომ არის, ეს ცხადია. თუმცა ვთვლი, რომ „რაც ბერი, ის ერი“. ისე, რასაკვირველია სჯობდა საპატრიარქოს შიგნით ამ ყველაფრის მოგვარება.
- ეკლესია დაკარგავს ამის გამო მრევლს თუ არა?
- ვერ გეტყვით. ხშირად გამიგია ეკლესიაში ჭორაობა და თუ ასეთ მრევლს დაკარგავს ეკლესია, ძალიან კარგი. პირადად მე, ვერც ერთი მღვდლის გულისთვის არ შევწყვეტ ეკლესიაში სიარულს.
- რამდენიმე წლის წინ, თქვენ უნდობლობა გამოუცხადეთ ეროვნული კინოცენტრის კომისიის წევრებს და კულტურის სამინისტროს წინ უვადო შიმშილობა გამოაცხადეთ?
- მაშინ 15 დღე ვიშიმშილე და პატრიარქის თხოვნით შევწყვიტე. მან მითხრა, რომ ფეხზე დამდგარი უფრო შევძლებდი ყველაფრის მიღწევას. შემდეგ დამიგდეს ხმები, რომ ანჯაფარიძეს ფული უნდაო. ფული მესაჭიროებოდა ფილმის გადასაღებად, იარაღს ხომ არ ვითხოვდი. საშინელებაა, როდესაც იცი, რომ სხვებზე მეტი შეგიძლია და ვიღაცეები გბლოკავენ. საბოლოოდ სასამართლომ მე გამამტყუნა და კინოცენტრი გაამართლა. თუმცა, ყველა ის შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა, რის გამოც მე ეს დავა წამოვიწყე.
- ფილმი „ჩემი მტერი - ჩემი ძმა“ აფხაზეთის კონფლიქტს ეხება. ეს ერთგვარი მესიჯია აფხაზი ხალხისთვის?
- აუცილებლად! ამ მიზნით, იგი ინგლისური და რუსულის გარდა, აფხაზურათაც ვთარგმნეთ. ეს ფილმია სიმართლე და სიმართლე შეიძლება იყოს მწარე, მაგრამ ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს.
მარიამ მკერვალიშვილი