Russian English
ახალი მონაცემები - რამდენმა პატიმარმა მოიკლა თავი, რამდენი გარდაიცვალა და რამდენი ლარია გამოყოფილი ერთი პატიმრის კვებაზე
შაბათი, 18 მარტი, 2017 - 18:06
ეს გახლავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ექსკლუზიური პასუხები ჩვენს კითხვებზე. მონაცემები, რომელიც ქართულ  მედიაში სავარაუდოდ პირველად ქვეყნდება.
კითხვებს პასუხობს ბაია ცანავა:
- როგორ გამოიყურება იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც პატიმარი ექვემდებარება ე.წ. გადავადებას.
- პირველ რიგში ის მინდა გითხრათ, რომ  ერთმანეთისაგან  განსხვავდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება და სასჯელის მოხდის გადავადება. 
- მაშინ, ჯერ ის დაავადებები ჩამოგვითვალეთ, რომელიც  პატიმრის გადავადებას ითვალისწინებს?
- სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განაჩენის გამომტანი სასამართლო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაუდგინდა მძიმე ავადმყოფობა, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. სასჯელის მოხდის გადავადება ხორციელდება მსჯვარდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამ შემთხვევაში, სახლში სამკურნალოდ გაშვებულმა მსჯავრდებულმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 
- დაავადებების ჩამონათვალი გთხოვეთ?
- სასჯელის გადავადებისთვის დაავადებათა ჩამონათვალი არ არსებობს და დამოკიდებულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე. 
- უკაცრავად, როგორ მოსამართლის შინაგან რწმენაზე?
- დიახ. რაც შეეხება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, მას  ახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია (კომისიის საქმიანობის ორგანიზებასაც სამინისტრო უზრუნველყოფს). კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2012 წლის 18 დეკემბრის  (N181/01-72/ნ) ბრძანებით დამტკიცებული დებულებითა და  შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებით, რომლითაც განსაზღვრულია იმ მძიმე და განუკურნელელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლითაც ხდება მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და მისი ნახვა შესაძლებელია საქართველოს „საკანონმდებლო მაცნესა“  და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებგვერდებზე,  საბოლოო რედაქციით რა თქმა უნდა. 
- ანუ 2013 წლიდან არაფერი შეცვლილა?
- აღნიშნულ ბრძანებაში პერიოდულად ხორციელდება ცვლილებები. ბოლო ცვლილება აღნიშნულ ბრძანებაში 2014 წლის 8 ივლისს შევიდა, რითაც დაემატა  გარკვეული დაავადებები. აქვე დავძენტ, რომ  რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტის თანახმად, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავდებულის გამოჯანრთელება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. სასამართლო ასევე ვალდებული იქნება შეაფასოს გათავისუფლებისას მსჯავრდებულისგან მომდინარე რისკები და საფრთხეები. რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას. ამ კომისიას  შეეძლება სასჯელის მოხდისაგან გაათვისუფლოს მსჯავდებული, როდესაც სახეზეა დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ ხერხდება. 
- კარგით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რამდენი პატიმარი დაექვემდებარა სასჯელის მოხდის გადავადებას?
- გადავადებას  ავადმყოფობის, ასევე ორსულობის გამო დაექვემდებარა: 2013 წელს -10 მსჯავრდებული, 2014 წელს - 7 მსჯავრდებული, 2015 წელს  - 13 მსჯავრდებული, 2016 წელს – 5 მსჯავრდებული. 2017 წელს, ან წელს ჯერ-ჯერობით 1 მსჯავრდებული. 
- განთავისუფლებით რამდენი პატიმარი გაანთავისუფლეთ ავადმყოფობის გამო?   
- მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლდა: 2013 წელი - 95 მსჯავრდებული, 2014 წელი -26 მსჯავდებული, 2015 წელი - 25 მსჯავრდებული, 2016 წელი - 22 მსჯავრდებული,  2017 წელს  არცერთი.
- ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლობა შეწყდა  რამდენიმე   სამედიცინო დაწესებულებებთან. რომელი დაწესებულებებია და რა გახდა მიზეზი მათი კონტრაქტორობიდან ჩამოცილების?
- მიზეზები რამდენიმეა - საჭიროების არქონა, ფასთა კვლევის შედეგების მიხედვით თავად კლინიკების უარი თანამშრომლობაზე. თანამშრომლობაზე ჩვენ უარი გვითხრა შემდეგმა სამედიცინო დაწესებულებებმა:  გადაუდებელი დახმარების და ქირურგიის ცენტრი „ჰიგია“,ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი, ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“,  ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“,  პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი, რუსთავის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი, კლინიკა „ჰელსი“, ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, შპს „ჯანმრთელობის ცენტრი“, „ჯეო ჰოსპიტალსი“, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „ურანტი", „გიდმედი“, „ახალი მზერა“, პედიატრიის ინსტიტუტი, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი. „არქიმედეს კლინიკა“, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, „დეკა“,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, „ლანცეტი“, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, „მედი ქლაბ ჯორჯია“, ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ტომოგრაფი“, „ი ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“. 
- კარგით, პატიმრის კვებაზე რა თანხაა გამოყოფილი? 
- 2017 წელს  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში   კვებითი მომსახურებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 20 170 000 ლარი.
- 2013 წლიდან დღემდე რომელი კომპანიები ამარაგებენ პატიმრებს საკვებით (თუ შეიძლება, ქრონოლოგიის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები) და აქვე, რამდენი ლარია გამოყოფილი ერთი პატიმრის კვებაზე დღეში?
- 2013-2016 წლებში  წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით მომსახურებას  ახორციელებდა: შპს ქართული კვების კომპანია და შპს GMM და შპს „ელფი“. 2017 წელს  ფასთა კვლევის შედეგად პენიტენციური დაწესებულებების კვებით მომსახურებას ახორციელებს: შპს „ელფი“.
- თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლო 5 წლის განმავლობაში? 
- კვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები,  მუდმივად მუშაობენ  მსჯავრდებულების ფსიქოლოგიური მდგომარეობის კორექტირების მიზნით. 2013-2016 წლებში ეს მონაცემები რადიკალურად შემცირდა. თუმცა, სამწუხაროდ, სუიციდის რამდენიმე ფაქტი ყოველწლიურად მაინც ფიქსირდება. სუიციდის შემთხვევები წლების მიხედვით:  2013 წელს - 6 მსჯავრდებულ/ბრალდებული, 
2014 წელს - 7, 2015 წელს - 2 მსჯავრდებულ/ბრალდებული, 2016 წელს - 5, 2017 წელს - არც ერთი. 
 
თამარ როსტიაშვილი
 
 
წყარო „ქრონიკა+“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.