Russian English
„ინდოელმა ოპერატორი დააჰიპნოზა და თანხა გააცემინა“ - „პროკრედიტის“ ექს-ინდური სკანდალი
ორშაბათი, 20 მარტი, 2017 - 15:34
Mediacity.ge-ს მიერ ამოწეული სტატისტიკა სრულიად შოკისმომგვრელია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბანკების წინააღმდეგ (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ იგულისხმება) შეტანილი 200-მდე სარჩელიდან მხოლოდ რამდენიმე დასრულდა კლიენტის სასარგებლოდ.  ბუნებრივია, დავინტერესდით  ერთ-ერთი მათგანით და სულაც არ გაგკვირვებია, რომ „დაკმაყოფილებული“ კლიენტი უცხოელი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში დროებით იმყოფებოდა. 
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ბანკის ანგარიშზე გიდევთ გარკვეული თანხა. დაგჭირდათ  და გადაწყვიტეთ რაღაც ნაწილის გამოტანა. ბანკში მისულს გეუბნებიან, რომ ეს თანხა თქვენ უკვე გაიტანეთ. ამის შემდეგ გაჩვენებენ ქვითრებს, თქვენს ხელმოწერას და ა.შ. არადა, თანხა თქვენ არ გაგიტანიათ. ამის შემდეგ, ბუნებრივია მოითხოვთ კამერების გახსნას და ამოღებულ ვიდეოფირში ფიქსირდება სულ სხვა ადამიანი. მაგრამ, ბანკის ხელმძღვანელობა გეუბნებათ, რომ ეს თქვენ ხართ... სხვაზე, რომელიც თქვენ აბსოლუტურად არ გგავთ.  ამაზე ტარდება მოკვლევა (რამდენად აბსურდულადაც არ უნდა მოგეჩვენათ) და მტკიცდება, რომ ვიდეოფირზე სხვა ადამიანია. ამის შემდეგ ბანკი სასამართლოში შედის განცხადებით, რომ თქვენ და ფირზე დაფიქსირებული ადამიანი კი ხართ სხვადასხვა, მაგრამ ბანკმა იმ სხვას გაატანა თქვენი თანხა იმიტომ, რომ... მოქმედებდით თქვენ შეთანხმებულად   და ბანკის ოპერატორი შეიყვანეთ შეცდომაში. ანუ მე რომ ვარ გვანცა და ჩემს მაგივრად   მივა რუსიკო, რომელიც მე არ მგავს, უბრალოდ ჩემი პასპორტი აქვს, მას ჩემი ანგარიშიდან თანხას. რატომ? იმიტომ, რომ „დააჰიპნოზა“ ოპერატორი, შეიყვანა შეცდომაში და „აცდუნა“. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თუმცა, საქმის დეტალები
შორს არ დგას ამისგან.
ლალი თვედორაშვილი (დაზარალებული უცხოელის ყოფილი ადვოკატი):
- ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადამიანი  ჰგავდა თქვენს კლიენტს? 
- აბსოლუტურად არ ჰგავდა. მაგრამ როცა ორივე ინდოელი ხართ და ორივეს თავზე ე.წ. ჩალმა გახურიათ, ბანკის ყველა ფილიალის ხელმძღვანელობამ იურისტების ჩათვლით მიიჩნია, რომ  ისინი ერთი და იგივები იყვნენ. დამამცირებელია, მაგრამ ასე მოხდა.
- მოდით თავიდან მოგვიყევით?
- ინდოეთის მოქალაქე ავტარ სინგჰი, ერთ მშვენიერ დღეს პირადი პასპორტით მივიდა „პროკრედიტ ბანკში“ თავისი კუთვნილი  თანხის გამოსატანად. მას მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 5 ათასი დოლარი, თანხა აღარ დახვდა ანგარიშზე. აღმოჩნდა, რომ 2011 წლის ივლისის თვეში ავტარ სინგჰის პირადი ანგარიშებიდან  მოხდა თანხის გატანა„პროკრედიტ ბანკის“ ღრმაღეელის ზონის ცენტრიდან სამჯერადად - 2011 წლის 27 ივლისს, 30 ივლისს და 1 აგვისტოს. ეს თანხები გაიტანა არა ანგარიშის მფლობელმა ავტარ სინგჰმა, არამედ სულ სხვა პიროვნებამ და ბანკმა განსხვავება ამ ორ პიროვნებას შორის ვერ იპოვა. ამის მერე დაიწყო მოკვლევა - როგორ, რანაირად და ვინ გააკეთა ეს. ავტარ სინგჰს „პროკრედიტ ბანკის“ თანამშრომელმა უთხრა, რომ მიემართა ბანკისთვის საპრეტენზიო წერილით, სადაც უბრალოდ აღწერილი იქნებოდა ის გარემოება, რომ მის პირად ანგარიშზე აღარ არის თანხა და გთხოვთ გამოიკვლიოთ აღნიშნული გარემოებები. გამომდინარე იქიდან, რომ ავტარ სინგჰმა არ იცოდა არც ინგლისური, არც რუსული, ქართულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მე ამიყვანა წარმომადგენლად. 2011 წლის სექტემბრის თვეში „პროკრედიტ ბანკს“ მივმართე წერილობითი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ბანკი წავიდა და იჩივლა სისხლის სამართლის საფუძველზე პოლიციაში, რათა დაწყებულიყო აღნიშნული ფაქტის გამოძიება. კერძოდ, როგორ მოხდა მათი ანგარიშიდან თანხების გატანა. ამის შემდეგ დამიკავშირდა მე გამომძიებელი და მითხრა, რომ დაკითხვა სურდა ჩემი კლიენტის ავტარ სინგჰის. 
-  რა გაირკვა? 
- ვინაიდან ავტარ სინგჰი ცოლთან ერთად საქართველოში წელიწადზე მეტი იმყოფებოდა, ვიზის განახლება  მოუწია.პირადობის დამადასტურებლ საბუთზე ლამინირება ჰქონდა დაზიანებული  და ინდოეთის მოქალაქე ჯანგ ბაჰადურს მიმართა. იქ მთელი პროცედურებია ჩასატარებელი  - საჭიროა ირანის საელჩოში მდებარე ინდოეთის წარმომადგენლობაში მისვლა, განცხადების დაწერა, პასუხის დალოდება, რიგში ჩადგომა და ა.შ. ლამინირება ჩვენთვის არის მარტივი პროცედურა, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სხვა ტერიტორიაზე მთელი პროცესია. მოკლედ, ჯანგ ბაჰადური შეჰპირდა, რომ ამას სწრაფად მოუგვარებდა და  გასამრჯელოც აიღო 300 დოლარი.  იმის შემდეგ იგი არავის აღარ უნახავს. ერთი თვის შემდგომ სხვისი ხელით დაუბრუნა ავტარ სინგჰს ეს პასპორტი. თან ისევ დაზიანებული, არაფერი არ ჰქონდა გაკეთებული, 300 დოლარი ცხადია მიითვისა. ამის შემდეგ ავტარ სინგჰი წავიდა  ბანკში, რომ ფული გამოეტანა და ვიზა განეახლებინა. იქ რაც მოხდა, გითხარით უკვე. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო გამოძიება.
- ვიდეოფირი ხომ ამოიღეს?
- ცხადია გამოძიებამ მაშინვე მოითხოვა ვიდეომასალების ამოღება, თუმცა „პროკრედიტ ბანკმა“ აჩვენა მხოლოდ ერთი ვიდეოფირი. იქ როდესაც ბანკის თანამშრომელმა შეხედეს ფირზე დაფიქსირებულ პირს, აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო ვიზუალურად თანხის გამტანი, ვიდრე ავტარ სინგჰი. ამის შემდეგ ბანკმა გვითხრა, რომ დანარჩენ ვიეომასალას ვერ გავხსნით, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ თანხას დაგიბრუნებთ, უბრალოდ მოგვმართეთ წერილობითო. ასეც მოვიქეცით - წერილობით მივმართეთ, გამოძიებამ შეამოწმა აბსოლუტურად ყველა დეტალი. ამოიღეს ასევე ჯანგბაჰადურის საზღვრის კვეთის მონაცემები. იმას ვამბობ, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ავტარ სინგჰი სცნეს დაზარალებულად. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ბანკს, რომ აენაზღაურებინა ეს თანხა. ბანკმა მოითხოვა შეხვედრა, რომ მოვრიგდეთო. შედგა ჩვენი შეხვედრა, არანაირი ხელმძღვანელობა იქ არ ყოფილა, რისკების მენეჯერი ესწრებოდა მხოლოდ და მათი იურისტი. მითხრეს, რომ ბანკი თანხებს არ ანაზღაურებდა იქიდან გამომდინარე, რომ იმ პიროვნების ბრალეულობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არისო. ამ ეტაპზე კი ხართ დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ რა ვიცით, რა დადგინდება გამოძიებითო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „პროკრედიტ ბანკმა“ უარი მითხრა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, რომელიც ჩაინიშნა ლამის ნახევარი წლის შემდეგ. ჩვენ ვითხოვდით დაბრუნებას უკან იმ თანხის, რაც იყო  გატანილი - 4900 დოლარი. ბანკმა იცით რა დაგვიწერა? უყურეთ: „თუ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება დადგინდებოდა, რომ ავტარ სინგჰი და ჯანგ ბაჰადური არ მოქმედებდნენ შეთანხმებით, მაშინ „პროკრედიტ ბანკი“ თანახმა იყო აენაზღაურებინა ზიანი მოსარჩელესათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანგ ბაჰადურის მიერ უკანონოდა თანხების გატანისას პროკრედიტ ბანკი ბრალეულად არ მოქმედებდა და საერთოდ არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების მოვალეობა“. ანუ თუ დადგინებდა რომ არ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მაინც არ გვევალება არანაირი მოვალეობა ანაზღაურებისაო. გამოდიოდა, რომ ბანკის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, აგვინაზღაურებდა თუ არა თანხებს. რომ თუ მოქალაქის პირადი ანგარიშიდან სხვამ შეცდომით თანხა გაიტანა და დადგინდა ჩემი უდანაშაულობა ამაში, სხვა ვიღაცა დაიჭირეს კიდეც, თურმე ბანკი არ არის ვალდებული ამინაზღაუროს თანხა და მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა, ამინაზღაურებს თუ არა. ანუ რაც არ უნდა დადგინდეს, უნდა გადაიხდის, უნდა არ გადაიხდის.  
- როგორ მოიქეცით?
- დაცვის სტრატეგია შევიმუშავე. მაშინ მეც დავუშვი ალბათობა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო „პროკრედიტ ბანკის“ თანამშრომელისგან ყოფილიყო ჯანგ ბაჰადური დარიგებული, იქიდან სცოდნოდა ფაქსიმილია, მოქცევის წესი, რა გაეკეთებინა და როგორ. მას იმდენად კარგად გამოუვიდა ეს ყველაფერი, რომ დიდი რისკია სწორედ ბანკის შიგნიდან ჰყოლოდა თანამზრახველი და ჭკუის დამრიგებელი. სასამართლოს განხილვაზე ბანკს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა საკუთარი პოზიციის დასაცავად. მხოილოდ ვარაუდები და მოსაზრებები.  
- მე ჩემი პასპორტი რომ მივცე სხვა ადამიანს და ვუთხრა წადი და თანხა გამოიტანე, ბანკმა ხომ არ უნდა გასცეს ფული ჩემი პირადობით, ჩემი ანგარიშიდან სხვა პირზე. იქნებ მე ვარ თაღლითი და ვგეგმავ დანაშაულს?
- ჩვენ მივმართეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას, თორემ რა გამოდიოდა, ინდოელმა ოპერატორი დააჰიპნოზა და თანხა გააცემინა? არანაირი ქმედითი ღონისძიებებლი ანდა დაინტერესება არ ყოფილა ეროვნული ბანკიდან. კარგად მახსოვს, პირველ ეტაპზე სასამართლომ დააკმაყოფილა „პროკრედიტ ბანკის“ შუამდგომლობა. ავტარ სინგჰი ცოლთან ერთად თავიდან ცხოვრობდა თბილისში, თუმცა მას მერე, რაც ფული ვერ დაიბრუნა და ამას ოჯახში მსობლებთან ვერ ამბობდა, იმიტომ რომ ახლად დაქორწინებულები იყვნენ და ვერ აჟღერებდნენ. მოკლედ, ქირით საცხოვრებლად  რუსთავში გადავიდნენ. ელემენტარული იმის საშუალებაც არ ჰქონდათ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ჩამოსულიყვნენ და პროცესებს დასწრებოდნენ. 
- საბოლოოდ როგორ დასრულდა?
- ეს გრძელი ისტორიაა და არ მინდა თავი მოგაბეზროთ. ჩემი ყველაზე მსხვილი საქმე იყო და პრინციპზე დავდექი. ფინანსურად არა. ჩემი, როგორც ადვოკატის ჰონორარი 400 დოლარით იყო განსაზღვრული და ისიც ფულის დაბრუნების შემდეგ უნდა მოეცა კლინეტს. ასე რომ ბოლომდე წავედი.  ცალკე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ცალკე საერთაშორისო ორგანიზაციები და ბოლოს მიგრანტთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პრეს-კონფერენცია ჩავნიშნე. ბანკმა დაიხია უკან, იმიტომ რომ დაინახა, რომ ჩვენ არ დავიხევდით უკან.  თორემ ამ პროცესს ვერ მოვიგებდი. 
- ანუ ზარალი აანაზღაურა?
- დიახ. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.
„პროკრედიტ ბანკის“ იმდროინდელი პოზიცია კი ასეთი გახლდათ:
„ფიზიკური პირი, ინდოეთის მოქალაქე ავტარ სინგჰი 2010 წლიდან პროკრედიტ ბანკის კლიენტია. 2011 წლის 27 ივლისს, 30 ივლისს და 01 აგვისტოს მისი პირადი ანგარიშებიდან ეტაპობრივად მოხდა თანხების გატანა - 1500, 3000 და 400 აშშ დოლარის ოდენობით (ჯამში 4900 აშშ დოლარი). თანხა გაიტანა ინდოეთის მოქალაქემ – ჯანგ ბაჰადურმა. კლიენტის თქმით, მან აღნიშნულ პერიოდში საკუთარი პასპორტი თავად ათხოვა თავის მეგობარს - ჯანგ ბაჰადურს, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ თანხების გატანის თაობაზე არაფერი იცოდა. ავტარ სინგჰმა მიმართა სასამართლოს და,,პროკრედიტ ბანკიდან” ითხოვს ანგარიშიდან ჯანგ ბაჰადურის მიერ გატანილი თანხების ანაზღაურებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლიანობის დადგენა, 2011 წლის 16 სექტემბერს თავად შეატყობინა პოლიციას დანაშაულის შესაძლო ფაქტის შესახებ.
ბანკს აქვს სერიოზული, არგუმენტირებული ეჭვი იმისა, რომ ინდოელი მეგობრები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ზემოთ აღნიშნული ოპერაციები წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი ჰქონდათ, რაც გამომდინარეობს შემდეგი ფაქტებიდან:
ა) ავტარ სინგჰის განცადებით მან პასპორტი გადასცა ჯანგ ბაჰადურს დაზიანებული ლამინირების შესაკეთებლად, რაშიც გადაუხადა 300 დოლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი, რადგან არაბუნებრივი და არალოგიკურია გადაიხადო 300 აშს დოლარი მხოლოდ ლამინირებაში; 
ბ) ჯანგ ბაჰადურმა იცოდა, თუ როგორი  ფაქსიმილიე იყო დაცული ბანკში (და მან სწორედ ასე შეასრულა ხელმოწერა თანხის გატანისას); 
გ) ამავე დროს ჯანგ ბაჰადურს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა იყო ანგარიშზე;  
დ) თანხების განაღდების შემდეგ ჯანგ ბაჰადურმა მალევე დატოვა საქართველო.
ე) პოლიციას დანაშაულის შესაძლო ფაქტის შესახებ შეატყობინა არა თავად ავტარ სინგმა, არამედ სს ,,პროკრედიტ ბანკმა”.
ჟანგ ბაჰადურის მიერ თანხების გატანისას სს პროკრედიტ ბანკის თანაშრომლების მიერ დაცული იქნა საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ყველა წესი, მათ შორის კლიენტის იდენტიფიკაციის წესები. თანხების გასანაღდებლად ჯანგ ბაჰადურმა ოთხ სხვადასხვა კლიენტთა მრჩეველსა და ერთ მოლარე ოპერატორთან გაიარა კონტროლი, ასევე მის იდენტიფიცირებაში ჩართული იყო საოპერაციოს უფროსი და თანხის გაცემა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოცემულ მომენტში ჯანგ ბაჰადურის პიროვნების ავტარ სინგჰისაგან განსხვავება ობიექტურად იყო შეუძლებელი“.
წესით და რიგით, ბანკის ამ წერილზეც უნდა მიეცა რეაგირება მის კლიენტს. რომ არ ეყოჩაღა ქართველ ადვოკატს და „პროკრედიტ  ბანკსაც“ (ავღნიშნოთ სამართლიანობისთვის), რომ არ გამოეჩინა გონიერება.
 
 
თამარ როსტიაშვილი 
 
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.