Russian English
ერდოღანი სულთნობისთვის ემზადება - 1 მაისისთვის 4 ათასი მაღალჩინოსანია დათხოვილი
ორშაბათი, 01 მაისი, 2017 - 19:25
უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება საკითხი - ერდოღანის ყველაზე ერთგული მხარდამჭერები მას თურქეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სულთნად განიხილავენ. 2013 წელს თურქეთმა მოხსნა აკრძალვა სახელმწიფო უწყებებში თავსაფრის ტარებაზე (გარდა ჯარის, პოლიციის და სასამართლოსი). ერდოღანის მეუღლე ენიმე დღემდე ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე თავსაბურავით ჩნდება, ისევე როგორც ერდოღანის მრავალწლიანი მომხრის - აბდულა გიულას ცოლი. თავის დროზე ერდოღანი ცდილობდა ცოლ-ქმრული ღალატი სისხლის სამართლის ძალით დასჯადი გაეხადა და ალკოჰოლზე აკრძალვა დაეწესებინა. ეს ნაბიჯი მალევე გადააფიქრებინეს ელექტორატის დაკარგვის შიშით.
თავისი საპრეზიდენტო სასახლე ერდოღანმა თავადევ ააგო ანკარის გარეუბანში, ფერდობზე. სასახლეში 100 ოთახია და თეთრ სახლზე დიდია. მისი მშენებლობა ქვეყანას 615 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ხსენებულ საკითხს შემდეგ შეფასებას აძლევს  ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე:
„თურქეთში სამსახურიდან 4 ათასი მოხელე დაითხოვეს. ყველაზე მეტი თანამშრომელი იუსტიციის სამინისტროდან - 1177. ასევე, 200 თანამშრომელი რელიგიის სამინისტროში, 447 თანამშრომელი სამხედრო საჰაერო ძალებიდან, 141 - ფლოტიდან, 478 - სახმელეთო ჯარებიდან. იგივე ბედი გაიზიარა მეცნიერთა ნაწილმაც. კერძოდ, გათავისუფლდა 484 აკადემიკოსი და უნივერსიტეტების ადმინისტრაციების 98 თანამშრომელი. ასევე, დაიხურა 1 ტელეარხი, 18 ფონდი, 14 ასოციაცია და 13 კლინიკა.
ხსენებული ინფორმაციები გუშინ გავრცელდა და რატომღაც, ქართული მედიის ინტერესის მიღმა დარჩა. მასშტაბური შემოწმებები და გათავისუფლებები 2016 წლის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დაიწყო. თუმცა, 2016 წლამდეც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ თურქეთის არმიიდან გათავისუფლებული ან დაპატიმრებული იქნა ათასობით სამხედრო მოსამსახურე, მათ  შორის ათობით გენერალი.
თურქეთის არმიას, მის საკადრო პოტენციალს დიდი ზარალი ადგება. შარშანდელი პუტჩის დროს თურქეთის არმიიდან გათავისუფლდა 66 ათასი სამხედრო მოსამსახურე, აქედან 149 გენერალი. თურქეთში ერდოღანმა  ვიკიპედიაც აკრძალა. მანამდე ტვიტერი იყო აკრძალული. 
რეფერენდუმი ჯერ არ ჩატარებულა და თურქეთი ფაქტობრივად რეფერენდუმამდე შეიცვალა. რეფერენდუმი მხოლოდ ადრე დასახული გეგმის ერთ-ერთი ეტაპია“ - აღნიშნავს სალუქვაძე.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.