Russian English
TIMSS-ის კვლევა - ქართველ მოწაფეთა 22-28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს
პარასკევი, 05 მაისი, 2017 - 16:29
საქართველოს საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევების შედეგები წარუდგინა საზოგადოებას.  2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. 
აღნიშნული კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს. 
TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. 
მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.  
მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზები, საბაზო საფეხურზე ახალი ცოდნის შეძენის პროცესში დამატებით ბარიერებს ქმნის. 
რაც შეეხება PISA -ს საერთაშორისო კვლევას. PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას აფასებს, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას. 
შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.
სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3% ვერ ახერხებს, ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში - 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში - 13,3% ვერ ახერხებს. 
კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა  იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.
სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად  ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში. 
დასასრულს დავძენთ, რომ TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება და მეოთხე და მერვე კლასებში,  მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო საერთაშორისო შეფასებაში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
რაც შეეხება PISA-ს საერთაშორისო კვლევას, ის 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს  არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ  რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.