Russian English
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 10:25
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ.“
სწორედ ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მაისს გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით- „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა,“  სადაც „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების, გამოცემებისა და ილუსტრაციების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 27 მაისამდე ექნება.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თსუ-ს ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალურ მასალებს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე გამოცემებს და ასევე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დროს შესრულებული ხელნაწერების ასლები.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალებს, და მის  შექმნამდე გადაღებულ ე. წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალებს, რომელბიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში. ფოტოებზე  ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამოჩენილი ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.