Russian English
კულტურის მინისტრის ათი კომპანია და ტენდერის გარეშე გადარიცხული მილიონები
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 17:42
საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს საქართველოში ჯაზ ფესტივალების მოწყობა წარმოადგენს, რაც მის წლიურ ბიუჯეტში პირდაპირ არის მითითებული. სამინისტროს მტკიცებით, ჯაზ ფესტივალზე დანახარჯები გამართლებულია ფესტივალის პერიოდში  ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო. კი ბატონო,  მაგრამ ვინმემ ჩაატარა  ტურისტების ზრდის ანალიზი? ტურისტების რაოდენობის ზრდის ანალიზი სამინისტროში არ მიმდინარეობს. არადა, ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა (600 000 ლარი) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯების (1 808 500 ლარი) 33%-ს შეადგენს, ფაქტობრივად მესამედს. რაც შეეხება თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის გამოყოფილ თანხებს - 400 000 ლარს, ის საერთაშორისო ფესტივალების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსების (1 670 000 ლარი) 24%-ს ანუ მეოთხედს შეადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევის თანახმად კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია 10 კომპანია, რომლებიც  რეგულარულად იღებენ შეკვეთებს და დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის,  კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან. აქვე დავძენთ, რომ ეს ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დაფინანსებას კონკურსის და ტენდერის გვერდის ავლით იღებენ.
ცალკე მოკვლევის საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2014 წლის ივლისიდან) კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.  მაგალითად, 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე)  დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი არის იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი მამის კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის” დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე,  რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.
დავით მენაბდე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი და ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე სამინისტროს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც იყო. იგი ფონდსა და კომისიაში საქმიანობის პერიოდში პარალელურად ასევე ფლობდა „ისთერნ პრომოუშენსის” (45%) და „ინთერნეიშენალ ივენთსის” (47.5%)  წილებს და გარკვეული დროით ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორის პოსტიც ეკავა.  „ისთერნ პრომოუშენსი” რეგულარულად უკონკურსოდ ფინანსდებოდა სამინისტროდან. ამ გადაწყვეტილებას კი კომისია იღებდა, რომლის წევრიც თავად დავით მენაბდეც იყო.
2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში „ისთერნ პრომოუშენსი” (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა.
ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად „ისთერნ პრომოუშენსის” მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები) მოზიდული. 2015 წელს „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის” მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა.  კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო.
პროექტ „ჰით ბათუმი 2015-ის“ ფარგლებში პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 303 990 ლარი შეადგინა.  ხოლო უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა 909 811 ლარი მიიღო.
შპს „სითი ფესტივალი”, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, დაარსებიდან ერთ თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკონკურსოდ, 365 000 ლარით დააფინანსა.
მიუხედავად  იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ხსენებულ კვლევასთან დაკავშირებით მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, ისინი დღემდე არ არის გათვალისწინებული არც ერთი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. ერთ-ერთ რეკომენდაცია კი ასე გამოიყურება:     
„შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები დაინტერესდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებითა და მიზნობრიობით, ასევე საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობით“ - წერია ანგარიშში.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.