Russian English
საინგილოში ქართველი ძმების მხეცური მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია!
პარასკევი, 08 თებერვალი, 2019 - 23:08

ამ მკვლელობის შესახებ სომხეთის ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალება იუწყებოდა. სამაგიეროდ, დუმდნენ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები, რომლებიც თავიდანვე შეეცადნენ მკვლელობიდან ეთნიკურ-რელიგიური მოტივი გამორიცხულიყო. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, მათი პოზიცია ქართველი ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით დღემდე ნეიტრალურია.

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები ასეთია:  სოფელ კახში, ვაგიფ ეივაზოვის ქუჩაზე თავ-თავიანთ სახლებში მოკლულ იქნა ორი ძმა - იასე და ბესარიონ როსტიაშვილები. ორივე ერთ ეზოში ცხოვრობდა, მაგრამ სხვადასხვა სახლებში. კრიმინალისტების აზრით, ძმებს თავს უკნიდან დაესხნენ. ორივეს  ვინაიდან ჭრილობა ყელის და კეფის არეში ჰქონდათ მიყენებული. საქმეს ორმაგი მკვლელობის კლასიფიკაცია მიენიჭა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

იასე და ბესარიონ როსტიაშვილების სახლებიდან არაფერი გამქრალა. ძმები ღარიბულად ცხოვრობდნენ. სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. მეზობლების ჩვენებით, ორივე უცოლო იყო.

მკვლელობამდე ორი დღით ადრე, 54 წლის ბესარიონმა და 58 წლის იასე როსტიაშვილებმა გაყიდეს მიწის ნაკვეთი 18 ათას აზერბაიჯანულ მანათად (დაახლოებით, 19 ათას აშშ დოლარი). როგორც ჩანს, გაიგეს რა, რომ ოჯახში ინახება გარკვეული თანხა, დამნაშავეებმა განიზრახეს მათი მოპარვა.

მკვლელობის მოტივად უკვე გამოცხადებულია ყაჩაღობა. მიუხედავად იმისა, რომ ძმების სახლებიდან არც არაფერი მოუპარავთ, ძიება დღემდე ძარცვა-ყაჩაღობისა და ორმაგი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კახის რაიონი პრობლემურ ზონად ითვლება. თემო სუყაშვილი, ადგილობრივი მკვიდრი და ორგანიზაცია „ჰერეთის სიყვარულით“ წევრი Mediacity-თან საუბარში არ მალავს იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემდეგ, ძმებმა ვენახში იქეიფეს. ქეიფის დროს მათ ძმაკაცს გაუგია მიწის გაყიდვის ამბავი და ძმებისთვის ფული მოუთხოვია.

ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილი, რომელიც წარმოშობით ასევე კახის რაიონიდან არის, უფრო დეტალურ ინფორმაციას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით:

- რამოდენიმე კაცი დააკავეს, მაგრამ მერე ისევ გაუშვეს. ზოგადად,

ჩემს რაიონში თავისუფლად შეიძლება მკვლელობის საქმის ჩაწყობა, ისე რომ დამნაშვე გარეთ დარჩეს.

გამოძიებამ უკვე გამორიცხა ეთნიკური მომენტი და ყაჩაღობაზე მიდის საქმე. პირადად მე არა მგონია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავი გამოიდოს მაგ საქმის გახსნით.

- ქართული მხარე თუ არის ამ საქმეში ჩართული?

- როგორც ვიცი, არა.

 ძმების მკვლელი დღემდე არ არის დაკავებული. ძმები იასე და ბესარიონ როსტიაშვილები ქრისტიანული წესით დაკრძალეს და წესი მათ მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძემ), ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა აუგო.

გამოძიება მიდის და რეალურად  ვერაფერს ვერ გეტყვით. მთავარია, რომ მოძღვარი მისული იყო იქ და წესიც აუგო. სხვანაირად არც შეიძლება. ჩვენს ძმებს საინგილოში მიტოვებულობის და დათრგუნვის განცდა არ უნდა დაეუფლოთ - განაცხადა ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე  მელქისედეკმა Mediacity-თან საუბარში.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.