Russian English
ქართველი გენერლის მოსაკლავად „მიგზავნილი“ სამხედრო პრეზიდენტმა შეიწყალა
შაბათი, 08 ივლისი, 2017 - 14:49
2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს გივი დუმბაძე, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. ამ უკანასკნელის განცხადებით, მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, ვინაიდან იგი თურქეთში ჩავიდა დისა და სიძის მოსანახულებლად. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ მისი დაკავების რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მას გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაცია დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა.  ანგარიშსწორების მიზნით წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გივი დუმბაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2015 წელს, გივი დუმბაძის საქმის შესწავლა დაიწყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, რომლებმაც აგვისტოში  საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართველ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა. 
„მართალია, გივი დუმბაძეს ნარკოტიკული დანაშაულის გამო შეუფარდეს სასჯელი, მაგრამ, სინამდვილეში, მისი „ბრალი“ ის არის, რომ ის გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის ნათესავია და უარი თქვა მის ლიკვიდაციაზე, რასაც აძალებდნენ. რეალურად, ჩვენ არ ვითხოვთ მის შეწყალებას, რადგან შეწყალება ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონიერად იხდიან სასჯელს - უვადო პატიმრობას. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი უკანონო პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-12 წლების მმართველობის მსხვერპლს“ - ასეთი გახლდათ „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიცია.
და აი, 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს. ეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მნიშვნელოვანი წარმატება, თუმცა ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას გივი დუმბაძის უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის. 
პატიმარი გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღრმისეულ შესწავლას, ვინაიდან უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. 
ფაქტი, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოაქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.
ორგანიზაციის შეფასებით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.