Russian English
რომელი ახალი მოსამართლეები განიხილავენ „პაპუაშვილი-ბლადაძის“ საქმეს
ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 - 17:15

2004 წლის 6 მაისს, აჭარის მოვლენების შემდეგ, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დირექტორის  მოადგილეს როლანდ ბლადაძეს   დაურეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და თბილისში ჩამოსვლა სთხოვეს. მისგან მოითხოვდნენ, რომ მას ტელევიზიის ეთერით ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო განცხადება  გაეკეთებინა, რასაც იგი არ დათანხმდა. ამის შემდეგ, მას ბათუმში, ერას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაათმობინეს და 1000 ლარად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს.  2015 წლის 17 მარტს პაპუაშვილმა გიორგი ლევიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი სახლი გაასხვისა 195 000 აშშ დოლარად. თუმცა მანამდე, დაზარალებულის ადვოკატებმა საჯარო რეესტრში სადავო ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვეს. გარდა ამისა,  საკადასტრო კოდზე დაფიქსირდა ხარვეზი, რამაც ქონება გასხვისებას გადაარჩინა. 

ხუთი წლით ადრე, 2010 წელს გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძის   ავტოფარეხი გადაიფორმა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა ჩამორთმეული. 2013 წლის 5 ივლისს ამ საქმეზე სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. 
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, საქმის განმხილველი ახალი შემადგენლობა დაადგინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად ნინო ბაქაქურს გადაეცა, რომელიც საქმეზე მომხსენებელი და თავმჯდომარე მოსამართლეა. ახალი პალატის შემადგენლობაშია კიდევ ორი მოსამართლეა - ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 
2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა მოსამართლეების იმჟამად უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ორი მოსამართლის - მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან ჩამოშორების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკიდურესი პროტესტით შეხვდა მხარე, რომელმაც მოსამართლეების მიკერძოების და საქმეზე წარსულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯარო გახადა და აღნიშნა, რომ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე ერთმნიშვნელოვნად არღვევდნენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს. შესაბამისად, მხარემ წერილობითი ფორმით, დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო გადაწყვეტილების გასწორება, საქმეზე სტანდარტის მართლმსაჯულების შექმნა, მოსამართლეების საქმიდან გასვლა თვითაცილების ინსტიტუტის ამოქმედებით. 2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც დასაბუთებული გახდა მხარის სრული უნდობლობითა და სასამართლოს რეპუტაციის მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვის პრინციპიდან. შედეგად, დავის განმხილველი ადმინისტრაციული პალატა დაიშალა და საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც, კანონის თანახმად, ახალი მოსამართლეთა შემადგენლობა დაასახელა. 
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მოსამართლე პაატა სილაგაძე მაია ვაჩაძის განმხილველი პალატის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა, თუმცა მას როლანდ ბლადაძის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ პაატა სილაგაძე ხელს აწერს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებას, რომლითაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მოსამართლეს არსებითად არ უმსჯელია საქმის ფაქტობრვ და სამართლებრივ გარემოებებზე, ხოლო საქმიდან მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის თვითაცილების გადაწყვეტილებებმა, დაადასტურეს, რომ როლანდ ბლადაძის შუმდგომლობას იურიდიული საფუძვლები გააჩნდა. 
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეების თაობაზე გამოქვეყნებული პროფესიული ბიოგრაფიების ანალიზის საფუძველზე, ნინო ბაქაქური სამართლის ცნობილი სპეციალისტია, რომლის პროფესიული რეპუტაცია განპირობებულია სხვადასხვა საქმეში მიღებული პრინციპული გადაწყვეტილებებით (მათ შორის ორგანიზაციის სხვა დავებზე მიღებული გადაწყვეტილებებით) და მიღებული დასავლური განათლება შესაძლებლობას იძლევა როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიმართ, საზოგადოებამ მიიღო მაღალი ხარისხის დასაბუთება. მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმიანობის პერიოდში, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული აქვს პრინციპული გადაწყვეტილებები. ბესარიონ ალავიძის მიუკერძოებლობის წინასწარი აზრი შესაძლებლობას იძლევა სრულფასოვნად იქნეს განხილული როლანდ ბლადაძის საქმეში ყველა სამართლებრივი პრეტენზია. რაც შეეხება მოსამართლე პაატა სილაგაძეს, პროფესიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვინაიდან როლანდ ბლადაძეს ქონება სისხლის სამართლებრივი დევნის პირობებში ჩამოართვეს, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება - პროკურატურის დადგენილება როლანდ ბლადაძის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ქონების ჩამორთმევის უკანონობის თაობაზე, პაატა სილაგაძის საქმის განხმილველი პალატის შემადგენლობაში არსებობა აღნიშნული ეპიზოდის შეფასებებისთვის, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტის დასკვნები, საერთო გადაწყვეტილებისთვის, უმნიშვნელოვანესი იქნება. 
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი ახალი მოსამართლეები, პასუხისმგებლები არიან არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ, არამედ მართლმსაჯულების ღირსების აღდგენისა და მთლიანი საზოგადოების წინაშე. უზენაესი სასამართლოს შემდგომმა გადაწყვეტილებებმა, საზოგადოებაში რწმენას უნდა გააჩინოს, რომ საქმეზე მიუკერძოებელი მართლმსაჯულება განხორციელდა, არ დაიჩაგრა დაზარალებული, აღდგა ისტორიული სამართლიანობა და საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილებებით, ქონებრივ უფლებებში დაბრუნდა როლანდ ბლადაძე, სახელმწიფო კი შეასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას და ალტერნატიულ ფართს გადასცემს გიორგი პაპუაშვილს. სამწუხაროდ, საქმეზე ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ შეძლეს, რაც არ პასუხობს არც მართმსაჯულების სადღეისო ინტერესებსა და არც ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვის მექანიზმებს. 
„ჩვენ არ ველოდებით ვინმეს დამარცხებას, ჩვენ ველოდებით პროცესის მონაწილე ყველა მხარის გამარჯვებას, ვინაიდან სასამართლომ უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, დაეყრდნოს მტკიცებულებებს და წართმეული სახლი დაუბუნოს მის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ყოფილ მოსამართლეს გადასცეს ალტერნატიული ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფოს სურვილის მიუხედავად, ჩანს ასეთი შედეგი ვერ მიიღწევა“ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა 2017 წლის 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში 2017 წლის 1 ივნისს მიიღო. საქმის განმხილველმა ახალმა პალატამ, კანონის თანახმად, 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, საქმის დასაშვებად მიღებისა და არსებითად განხილვის თაობაზე. მხარეს გააჩნია მოლოდინი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და პრეცედენტულ დავაზე მსჯელობას არ ექნება ფორმალური ხასიათი. საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადა სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს. 
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.