Russian English
„არიქა“ - ყველაზე კრეატიული ნოუ-ჰაუ ქართულ ბაზარზე
ორშაბათი, 24 ივლისი, 2017 - 08:03
„მთელი ცხოვრება ვსწავლობდი და ახლაც მინდა ვისწავლო  ბაბუაჩემივით, რომელმაც  ბოლო უნივერსიტეტი 53 წლის ასაკში დაამთავრა“ - ეს სიტყვები მეცნიერს  არ ეკუთვნის.  ეს „წისქვილი ჯგუფის“  გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაქრაძემ გვითხრა საუბარში. გენერალური დირექტორისთვის საკმაოდ ახალგაზრდაა და ერთი შეხედვით ვერც იტყვი, რომ კარიერა რიგითი მენეჯერობიდან დაიწყო. შემდეგ იყო მოსკოვში საერთაშორსო ბიზნეს სკოლა და ანკარაში მარკეტინგული ეკონომიკის კურსები. დღეს კი, სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება „წისქვილის“ რესტორნების ქსელად გადაკეთება და რაც მთავარია - საქართველოს ბაზარზე ახალი ნოუ-ჰაუს შემოტანა ყველაზე ქართული და ყველაზე კრეატიული სახელწოდებით - „არიქა“. 
ზურაბ ბაქრაძე, „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: 
- ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდით სახელთან დაკავშირებით. ჩვენი ჯგუფის  სახელია  „წისქვილი“, რაც პირველ რიგში ასოცირდება  ყველაფერ ქართულთან. ამავე დროს, სახელში  უნდა ჩადებულიყო სისწრაფე, სერვისი ლოდინის გარეშე და ა.შ. ვისხედით ჯგუფი და ვცდილობდით შეგვექმნა სახელწოდება, მაგრამ იდეა არა და არ მოდიოდა. მახსოვს, დაღლილმა ინსტიქტურად წამოვიძახე - „არიქა, მოიფიქრეთ რამე მეთქი“. აი, ასე დაიბადა „არიქას“ სახელი. მოგვიანებით, კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში - „არიქას“ საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ხალხი  გარითმულ ტექსტებს გვიწერდა - ეს კი უკვე დიდი სტიმული იყო ჩვენთვის.
- საიდან წამოვიდა მსგავსი ქსელის და ზოგადად, მომსახურების გაკეთების კონცეფცია? 
- გარკვეული პერიოდი ბაზარს ვაკვირდებოდი, რის შედეგადაც გამოიკვეთა  ღიად დატოვებული ფანჯარა, რომელიც მომხმარებლებს დისცომფორტს უქმნიდა. კერძოდ, მომხმარებელს დიდხანს უწევდა ლოდინი იმ შემთხვევაში, თუ მას კერძები წასაღებად სურდა. ყველა რესტორნის პრიორიტეტია, რომ ჯერ ადგილზე მოსულ სტუმარს მოემსახუროს და მხოლოდ ამის შემდეგ მუშაობს წასაღებ შეკვეთებზე. ეს კი გულისხმობდა ლოდინს, რაც თავის მხრივ მომხმარებლის  უკმაყოფილებას იწვევდა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ხომ არ შეგვექმნა სივრცეები ქალაქში, სადაც იქნება „წისქვილის“სარესტორნო სამზარეულოდან კერძები და ნახევარფაბრიკატები. სარესტორნო კერძებს  მიბმოდა ადგილზე  მიტანის სერვისი, სადაც  პრიორიტეტი იქნებოდა ყველაფერი ახლადდამზადებული, მხოლოდ ლოდინის გარეშე.
- და ეს როგორ მოახერხეთ, მაგალითად ახლად ამოყრილი ხინკალი ლოდინის გარეშე?
- შევკრიბეთ  ჯგუფი  და ვთხოვეთ იმ ტექნოლოგიის შემუშავება, რომლითაც „არიქაში“ მისულ მომხმარებელს, სანამ ის ფულს გადაიხდის და ხურდას დაუბრუნებენ, ცხელი ხინკალი უკვე მზად დახვდეს. არ დაგიმალავთ, ამის ტექნოლოგიურად დამუშავება თავიდან ძალიან გაჭირდა, უამრავი ცდა იქნა ჩაატრებული საბოლოო შედეგის მიღებამდე.  საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ დღეს ჩვენთან თუ მობრძანდებით, მოგართმევენ ცხელ ხინკალს, რომელიც იქნება ზუსტად იგივე ხარისხის, რაც არის „წისქვილი ჯგუფის“ ნებისმიერ რესტორანში. 
- და მაინც, ამას როგორ ახერხებთ?
- ეს ჩვენი ტექნოლოგიური საიდუმლოა. თქვენ თუ გამიმხელთ კოკა-კოლას რეცეპტს, მაშინ მე გაგიმხელთ ამის რეცეპტს. რაც მთავარია, ყველაფერი არის ეკოლოგიურად სუფთა, გაუყინავი, ახლადმოხვეული და ნატურალური ხორცისგან დამზადებული ყველა პროპორციის დაცვით.
 
 
- სად გაქვთ „არიქას“ მაღაზიები გახსნილი?
- პირველი წერტილი გავხსენით ვაკეში, ჭავჭავაძის 75-ში, კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს. „არიქაში“ შეხვდებით ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდ მრავალფეროვნებას  - კომპოტები, როგორც ჭიქებით,ისე ერთლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული, ფრეშლიმონათები, ჩამოსასხმელი ღვინო, საკონდიტრო ნაწარმი, კამეჩის მაწვნის პანაკოტა, ფელამუშქეიქი, ჩვენი ფახლავები,  ტკბილეული, ნახევარფაბრიკატები და ყველა ის მზა კერძი, რაც არსებობს რესტორნის მენიუში. აქვე დავძენ, რომ ვგეგმავთ განსხვავებული კუთხით წარმოვაჩინოთ „არიქა“. კერძოდ, ქსელი შეიქმნა 14 ივნისს და აქედან მოყოლებული, უწყვეტ სტატისტიკას ვაწარმოებთ გაყიდული პროდუქციის. შედეგად, „გემოები“ გამოიკვეთა და დღეისათვის ფაქტობრივად დამთავრებულია მუშაობა ახალ მენიუზე. გადავწყვიტეთ ასე - დაბალი გაყიდვების კერძები ჩანაცვლდეს უძველესი ქართული მივიწყებული კერძებით.
- უძველეს ქართულ კერძებში რომელს გულისხმობთ?
- თეკუნა გაჩეჩილაძის რეცეპტების მიხედვით შევადგინეთ ახალი მენიუ. მინდა, განსხვავებული ნიშა დავიკავოთ ბაზარზე. ქართულ ბაზარზე არსებობს ოჯახური სამზარეულოების კულტურა, მაგრამ ის, რომ მოქმედი ბრენდის მხრიდან შექმნილიყო ქვებრენდი, რომელიც ითვალისწინებას იმას, რასაც „არიქა“ აკეთებს, ამ სეგმენტში ჩვენ ნოვატორები ვართ. ნოვატორულ ელემენტებს სერვისშიც შევიტანთ და იქნება ძალიან ორიგინალური. დახვეწილად, თერმოჩანთებით აღჭურვილი, რათა კერძმა ადგილზე მიტანამდე შეინარჩუნოს    თავისი ტემპერატურა. დავამუშავეთ პიკნიკზე გასული ჯგუფის მომსახურების პროექტი, როდესაც ქალაქგარეთ გასული ოჯახები ან მეგობრები  დაგვირეკავენ და ჩვენი ინვენტარით   და ა.შ. საჭირო დროს და საჭირო ადგილას დავახვედრებთ გაშლილ სუფრას. პიკნიკის დასრულების შემდეგ, ჩვენივე პერსონალი მოაწესრიგებს გარემოს . ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით მოხერხდება ეს სერვისი,  მაგრამ მომავალში გავზრდით ლოკაციებს. 
- საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული იდეაა, რომლის განხორციელებას თქვენი კონკურენტებიც შეცდებიან?
- ჩემი კარიერის მანძილზე, მუდმივად მაქვს ერთი აზრი ჩაბეჭდილი, რომ  იდეა უნდა განახორციელოს იდეის ავტორმა. მხოლოდ მან იცის  და ხედავს იმ იდეალურ სურათს, რაც ამ იდეის განხორციელებას მოჰყვება. ამას სხვა თუ დაიწყებს, ის გააკეთებს მის კოპირებას. ასე რომ, კონკურენტების არ გვეშინია. რა თქმა უნდა, დაიწყებენ სხვა რესტორნებიც მის გაკეთებას და ძალიან მინდა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ. მე მხოლოდ მივესალმები, უბრალოდ მაინტერესებს „ლოდინის გარეშე“ ხინკალს  როგორ განახორციელებენ.  
- გამოდის, რომ კონკურენტებზეც გიფიქრიათ?
- კონკურენტებზე თუ არ ფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ შენს ბიზნესზეც არ ფიქრობ. თვითკმაყოფილება ბიზნესის სტაგნაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც რამეს ვიწყებ, ექვსი თვე ვბლოკავ ყველაფერს ჩემს გარშემო. ზუსტად ეს დრო მჭირდება იმისთვის, რომ სრულად შევისწავლო ყველა რისკები და სავარაუდო სვლები კონკურენტებისგან. დავაკვირდე - რისი განვითარება შეიძლება და რისი არა. მხოლოდ ამის მერე გადავდივარ შემდგომ ეტაპზე.  
 
 
- მოდით, „წისქვილი ჯგუფზეც“ მოგვიყევით?
- „ეთნო-წისქვილი“ ბელიაშვილზე ითვლის მე-15 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთადერთი რესტორანი, რომელსაც გააჩნია თხუთმეტწლიანი უწყვეტი წარმატების ისტორია. 2015 წელს,„წისქვილი“ გადაკეთდა „წისქვილი ჯგუფად“, რომელმაც დაისახა მიზნად, ერთი ბრენდის ქვეშ რამდენიმე ობიექტი გაეერთიანებინა. ამ ბრენდში წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა ჩადო წინა ხელმძღვანელობამ. 
როდესაც 2015 წლიდან ჩვენ მოვედით სათავეში, ბრენდის გაფართოებისკენ და ჰოლდინგად ჩამოყალიბებისკენ ავიღეთ გეზი. დავიწყეთ იმით, რომ ინფრასტრქუქტურა ფაქტობრივად მთლიანად განვაახლეთ. ზოგადად, ან ადგილმა უნდა შექმნას ბრენდი ან შენ,  უნდა შექმნა ადგილი, როგორც ბრენდი. როდესაც „ეთნო-წისქვილი“ გაიხსნა, აქ დაფრინავდა ნაგვის პარკები. ის, რომ ბელიაშვილი სარესტორნო ქუჩად გადაიქცა, „ეთნო-წისქვილის“ დამსახურებაა. 
- თქვენი შოუების პროგრამაზე ქალაქში ბევრს ლაპარაკობენ?!  
2015 წლიდან ეთნო-წისქვილის ერთ-ერთ სიახლედ შემოვიტანეთ ის, რომ სპეციალური შოუების პროგრამა გავაკეთეთ. ამ მიზნით, მოვახდინეთ სანადიმო დარბაზის სრული განახლება გადავაკეთეთ 150 კაციან დარბაზად და მეორე დარბაზს ჩანჩქერზე დაკიდული წითელი ხიდით დავუკავშირეთ. პირველ მათგანს დავარქვით ეთნო დარბაზი, სადაც ინტერიერით დაწყებული სამზრეულოთი დამთავრებული - ყველაფერი პრეისტორიულია. სამაგიეროდ, მეორე დარბაზში  თანამედროვე ქართული სიტუაციაა შევქმენით. გვაქვს ასევე აზიური დარბაზი, სადაც სტუმრები მსუყე ვახშმის შემდეგ ინაცვლებენ ჩილიმისა და დესერტის დასაგენოვნებლად.  ჩვენ გვეკუთვნის ასევე რესტორანი „ლუდის მოედანი“, სადაც  2 მეტრის რადიუსის მქონე ტაფა  გვიდგას თავისი გრილით. Aასევე შტატებიდან ჩამოვიტანეთ  ვულკანური ქვები,რაც ითვალისწინებს შემდეგს:  მიმტანს მოაქვს დამუშავებული სტეიკი და სტუმარს შეუძლია თავად შეწვას 300 გრადუსზე გახურებულ ქვაზე ისე, როგორც თავად სურს. შემდეგი პროექტი იყო „წისქვილი წყნეთში“, რომელიც სრულიად უნიკალურია. ეს გახლავთ ტყეზე დაკიდებული პატარა საოჯახო სახლის ტიპის რეტორანი - თბილი, ტკბილი და საყვარელი. აქ ძლიერ ელექტოობაზე უარი ვთქვით და მთლიანი სივრცე ავღვჭურვეთ მბჟუტავი სანათებით, სამი მოძიგძიგე უზარმაზარი ბუხრით და სანთლებით. რესტორნის ერთი მხარე ტყეზეა გადაკიდებულიდა ის ტყე მაქსიმალურად გავანათეთ. ქალაქური ტრიო უკრავს წყნარ და მშვიდ მუსიკას გიტარებზე . რაც ყველაზე მთავარია, შევქმენით ე.წ. „ოჯახური“ წყვილები მიმტანების სერვისისთვის.  გოგონას ჩავაცვით რაჭული ფორმები, ბიჭებს მზარეულის და მათ მამასახლისი ჰქვიათ. როდესაც სტუმარი  უკვეთავს კერძს, მას ადგილზევე ამზადებს მამასახლისი , ხოლო დიასახლისი მასპინძლობას წევს. გავაკეთეთ მობილური, მეტრანახევრიანი  სამზარეულოები, რომელიც იხსნება და სტუმრის  თვალწინ კეთდება ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი და ა.შ. მწვადი იწვება იქვე ბუხარში, პურიც იქვე ცხვება თონეში ყველას თვალწინ. ზოგადად, ჩვენ გადავედით იმ პრინციპზე, რომ სამზარეულოს უნდა ხედავდეს სტუმარი. გავაგრძელებ, წყნეთის მერე გავაკეთეთ „წისქვილი ვაკეში“, ვინაიდან მომხმარებლის თხოვნა იყო ასეთი - იქნებ ქალაქის ცენტრშიც გვქონდეს „წისქვილიო“. ვაკეში გავაკეთეთ ეთნო წისქვილისა და სანადიმო დარბაზის მიქსი. ყოველივე ამის შემდეგ გაჩნდა „არიქას“ იდეაც.
- რომელიც სავარაუდოდ ძალიან წარმატებული იქნება...  
- საქართველოში სარესტორნო ბაზარზე ყველაზე კარგი გუნდი მყავს მე. ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის ამ ღირებულებებს. სულ ამას ვიძახი -შეუძლებელია ერთმა ზურა ბაქრაძემ შექმნას ეს ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ამ გუნდის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ მივდივართ ზუსტად იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა მივდიოდეთ.
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.