Russian English
თოჯინების თეატრის დასის მდუმარე აქცია ანუ რატომ ბნელა სამინისტროში
სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 10:35
ამ დღეებში განთავისუფლებულმა თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა და მსახიობებმა  სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტექტო, მდუმარე აქცია გამართეს. მსახიობები შავებში იყვნენ გამოწყობილნი, თავზე კი თეთრი ლენტები ეკეთათ წარწერებით. როგორც თავად გვითხრეს, ისინი, ბოლო დროს თეატრში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფორმას აპროტესტებდნენ.   
ელენე  მაცხონაშვილი:
- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეწინააღმდეგები ცვლილებას, მათ შორის არც ჩემს ცვლილებას. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ცვლილების ამ მეთოდს და  ხერხს,  ვგულისხმობ კულტურის სამინისტროს მიერ დადგმულ ძალიან ცუდ და უნიჭო სპექტაკლს.  2017 წლის  აგვისტოში ჩატარდა საქართველოში მოქმედი  23 თეატრისთვის  სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი,  თუმცა მანამდე,  დაახლოებით 6 თვით ადრე, კულტურის სამინისტროში  დაიგეგმა,  რომ აუცილებელი ცვლილება უნდა მომხდარიყო ორ თეატრში - თუმანიშვილის თეატრსა და თოჯინების თეატრში.
- პროფკავშირები მხარს თუ გიჭერენ?
- პროფკავშირები მხარს გვიჭერენ. თუმცა, როდესაც ჩვენ აქცია გავმართეთ კულტურის სამინისტროსთან, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დავით ოქიტაშვილს ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდა აქ მიმდინარე მოვლენებზე.
- რას გულისხმობთ?
- ოქიტაშვილმა რამოდენიმე ტელევიზიით გააკეთა განცხადება, მაგრამ.. იყო რაღაც დეტალები და ნიუანსები, რაც ბოლომდე არ ყო მისთვის ცნობილი. 
- ამ აქციაზე  თქვენს გარდა  მსახიობებიც არიან, ისინი რას აპროტესტებენ?
- დიახ,  აქ არიან თეატრის მსახიობები, მაგრამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან კონკრეტულ კანდიდატს, რომელიც მოდის ჩემს ნაცვლად, ვსაუბრობ რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილზე. უბრალოდ ეს მსახიობებიც აპროტესტებენ მეთოდს, ხერხს, სისტემის ამ მახინჯ და მანკიერ ქმედებას. ისინი აპროტესტებენ  არა  იმ მოვლენას, რაც მოხდა, არამედ იმას, თუ როგორ მოხდა, რადგან ზოგადად, ჩანაცვლება ძალიან ლოგიკური და ბუნებრივია.  მე რომ მკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან პროგრესულიც,  მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ის გახლავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. 
–  კონკრეტულად რას მოითხოვთ?
- ვითხოვ კულტურის მინისტრთან  პირდაპირ ეთერს, მე მაქვს კითხვები და მჭირდება პასუხები. თუ კულტურის მინისტრს არ აქვს მათზე პასუხები  და არ ჯდება პირდაპირ ეთერში, მაშინ უკვე კითხვა მაქვს პრემიერთან  - რატომ მოხდა ეს ყველაფერი?! 
 
 
 
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.