Russian English
,,ჩემო პარაზიტო... ფაროსანა შენთან შედარებით ანგელოზია"
ორშაბათი, 29 იანვარი, 2018 - 17:31
ყოფილი სამხედრო მოხელე, დავით ნემსაძე მიმართავს პარლამენტარს, რომელსაც, მისი თქმით, გლეხები არ უყვარს:  
„თქვენ პარლამენტში ისეთი ,,ღირსშესანიშნავი" სიტყვა წამოაყრანტალეთ, მინდოდა მაშინვე მეპასუხა თუმცა გამახსენდა რომ სოფელში მავნებელ მწერებს მოულოდნელობის პრინციპით ვანადგურებდით, რადგან პირველი შეტევისას ისინი ქიტინოვანი საფარველის ქვეშ იმალებოდნენ. ხოლო იმუნიტეტი პარაზიტებს და სარეველას რომ გაქვთ, ისეთი უნდა ...
ამიტომ, გპასუხობთ მოგვიანებით და თანაც მოულოდნელად, რადგან იქნებ გგონიათ რომ უკვე ყველას მიავიწყდა თქვენი წამოროშილი.
ვიღვიძებ დილით, ვრთავ ტელევიზორს და გხედავთ თქვენ სადაც თვითდაჯერებული გაიძახით 
„გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, რა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", -
გულახდილათ გეტყვით, როცა მოგისმინეთ საოცრად შემშურდა თქვენს გვერდზე მჯდომის რატომაც ვამბობ ამას ალბად უსიტყვოდაც მიმიხვდებით.
დიქტორი კი განაგრძობდა:..
"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელსო. 
ჩემო სეხნიავ, პარლამენტში, როგორ მოხვდი, ამ საიდუმლოს დღესაც რომ ვერ ჩამწვდარხარ, ალბად გრძნობ.
ვინ ხარ? ვის დაკარგვიხარ? საერთოდ რაზე ოცნებობ?
დოზა მოგივიდა დიდი? თუ ,,სუშნიაკი" გიღიზიანებდა კისერს? ხმა რომ არ ამოგეღო, ისე გაათავებდით თქვენს უსახურ საპარლამენტო ვადას, ვერავინ იგრძნობდა, რა ტვირთი გვაწევხართ კისერზე თქვენი სახით.
რატომ ვერ შეძელით დუმილი?
თქვენი ფუნქცია უმრავლესობის კვოტის შევსებაა, პულტზე კარნახით თითის დაჭერა და საპარლამენტო სკამის გათბობა. მეტი მისია თქვენ არ გაქვთ, რადგან თქვენს მაგივრად სხვა ფიქრობს და საუბრის ფუნქციასაც სხვა ითავსებს.
მიკვირს, რატომ გაუკვირდა საზოგადოებას თქვენი არასრული განათლება, განა კაცის ინტელექტი დიპლომით ფასდება?  განა თქვენ შუბლზე არ გაწერიათ რა ნაყოფის გამომღები ხეც ხართ.
დასანანი ისაა, რომ ქართული მიწის საქმე თქვენნაირების ხელშია.
არც ქართული პარლამენტია ლორდთა პალატა და არც დავით ჭიჭინაძე არაა ისააკ ნიუტონი, რომელიც 20 წელი ლორდთა პალატის წევრი იყო. მან ერთადერთხელ ითხოვა სიტყვა თითის აწევით, რა დროსაც სმენად ქცეულ აუდიტორიას ფანჯრის მოხურვა ურჩია ,,გამჭოლი ქარი გვიბერავს და გაგვაციებსო".
გასაგებია რომ მეცნიერი არ ხართ, არც ბრძენი ხართ და არც ჭკვიანი, მაგრამ თუ სიტყვის თქმის ამბიცია გქონდათ, იქნებ კარის ან ფანჯრის მოხურვა გეთხოვათ, რაღა ქართველ გლეხს უკბინე? თქვენ ალბად ვერ ათავისებთ, მაგრამ საოცრად გავხართ იმ პარაზიტს, რომელსაც ფაროსანა ჰქვია. გლეხი მისი საქმის მცოდნეა და მცირე ზომის ფაროსანას უთუოდ გაუმკლავდება, თუ თქვენნაირი დიდი ზომის ფაროსანასგან იხსნა თავი.
არ გეწყინოთ ობიექტურობა, პარაზიტიზმი ასეთი მცნებაა, სხვის მოწეულს ჭამს და რასაც ვერ ითვისებს იმასაც სხვისთვისაც უსარგებლოს ხდის.
რა დამსახურების გამო ზიხართ პარლამენტში? ხალხი არ გიცნობთ, დადებითი საზოგადოებისთვის დღემდე არაფერი გაგიკეთებიათ, ცოდნით არ გამოირჩევით...
რატომ უნდა გიხადოთ ჩვენ რამოდენიმე ათასი ლარი ხელფასი, მაშინ, როცა გლეხს პენსია საარსებო მინიმუმის ნახევარიც არ აქვს ან რატომ უნდა გადაგიხადოთ პენსიაში გასვლის შემდეგ გლეხის პენსიაზე ხუთჯერ დიდი პენსია?
აი, რატომაც ხართ პარაზიტი. ფაროსანა ბიოლოგიური ჰიბრიდია, შესაძლოა, მუტირებულიც, მაგრამ ის იმაზე მეტ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს საზოგადოებას, რასაც თქვენ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოდან სჩადიხართ.
მომიტევეთ, მაგრამ თქვენ რომ სათანადო ინტელექტი გაგაჩნდეთ, კიდევ დაგითმობდით დროს, გეტყოდით რომ ფაროსანა საზღვრებზე არ არსებული ქიმიური კონტროლის შედეგია, მაგრამ ჯობია გავჩუმდე, რადგან მე რისკებს და საფრთხეებს თქვენნაირ პარაზიტებში უფრო ვხედავ, ვიდრე იმ მწერში, რომელსაც კოლორადოს ხოჭო ან თუნდაც აზიური ფაროსანა ჰქვია.
დარწმუნებული ვარ, მიწის სუნი არ იცი, არც „ტრანშეა“ არ გაგითხრია და არც აყალო მიწა არ მიგკრობია ფეხზე.
თქვენ გლეხი არ გიყვართ, თორემ გლეხის მოწეულს კარგად შეექცევით, რადგან მჯერა გენმოდიფიცირებულ პროდუქტსა და გლეხის მოყვანილს შორის განსხვავებას უყურებთ. აი, რამდენად შეგარგებთ განგება, ეს კიდე სხვა საქმეა.
გირჩევ საპარლამენტო სხდომებზე ემზარ კვიციანთან ახლოს დაჯდე. მაგი უბრალო კაცია და მიწაზე მუშაობა უყვარს, შესაძლოა წაგიყვანოს და თოხის და ბარის ხმარებაც გასწავლოს, დიდი ფილოსოფია არ უნდა დარწმუნებული ვარ მალე აითვისებთ, და ვინ იცის, როცა  ოფლი დაგასხამთ და  შრომისგან ხელებზე კოჟრები გაგიჩნდებათ, საკუთარი ხელით მოყვანილ გოგრას მოკრეფთ... იქნებ, აზრიც შეიცვალოთ გლეხზე და საკუთარი მიწა-წყალიც შეგიყვარდეთ.
ცინცინატუსი რომის იმპერატორი იყო, მაგრამ ყველაფერი მიატოვა და ყანაში ჭარხალს და თალგამს რგავდა ,,სახელმწიფოს ვალი მოვიხადე და მიწის ვალი კი მეძახისო". როცა იგი პატრიციებს და ლეგატებს  დაჭირდათ, ყანაში მიაკითხეს. ხედავთ რა უაზრო ლოგიკა გაქვთ - გლეხს რომ ესწავლა, გლეხი არ იქნებოდაო!
შორს რატომ წავედი, არ ვიცი - ოტია იოსელიანი განა ჩვენი ეპოქის თანამეცხედრე არ იყო?  მე მას პირადად ვიცნობდი - მიწაზე შრომაში და წიგნთან ურთიერთობაში დალია  სიცოცხლე.
გლეხი რომ არ გიყვარს, ცხადია, მაგრამ თუ წიგნის კითხვას გადაწყვეტ, მზად ვარ, ოტიას წარწერით ნაჩუქარი წიგნი დაგითმო, იქნებ მიხვდე, რომ გლეხობა უსწავლელობას არ ნიშნავს“ - წერს დავით ნემსაძე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.