Russian English
ირმა ინაშვილი: „თურქეთი... ოკუპანტია“
ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018 - 20:05
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი შემდეგ განცხადებას ავრცელებს:     
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ტელეწამყვანების ნაწილი (კი, ბატონო, ერთეულებზე ვსაუბრობ) საერთოდ არ ეცნობა საერთაშორისო მედიას და ჩვენი ქვეყნის გარეთ თუ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. არ ეცნობა ევროსტრუქტურების, ევროდეპუტატების, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს. კოლეგებო, დიდი ხანია თურქეთი არ ითვლება დემოკრატიულ სახელმწიფოდ... იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრია. ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის უფლებების დაცვის, პოლიტიკური ოპონენტების უფლებების დაცვის კუთხით თურქეთთან ღია პრეტენზია აქვს არა ერთ ევროდეპუტატს და არა ერთ ევროსტრუქტურას.   ასევე ყურადღება უნდა მიგვექცია იმ შეფასებებისათვის, რაც თურქი პედაგოგის თემაზე ყველაზე გავლენიანმა ევროდეპუტატებმა გაახმოვანეს. მათ პირდაპირ უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დააკვირდებიან, რამდენაც შეძლებს ჩვენი მთავრობა გამოძვრეს თურქეთისთვის ანგარიშის გაწევის მოცემულობიდან. დავაკვირდეთ, ასევე, თურქეთ-ამერიკის ბოლოდროინდელ, პრაქტიკულად კრიზისულ ურთიერთობას. გამოვიტანოთ დასკვნები. გავთავისუფლდეთ ვიწრო აზროვნებისგან, რომ არაფრის თქმა არ შეიძლება თურქეთზე. იმის თქმაც კი, რაც ისტორიული რეალობაა, ისტორიული სიმართლეა. ვგულისხმობ ჩვენი მიწების 33%-ს, რომელიც თურქეთს აქვს მიტაცებულ-მითვისებული და რის გამოც, თურქეთი, საერთაშორისო ტერმინილოგიის თანახმად, დიახ, დიახ... ოკუპანტია. გამოვავლინოთ მეტი გაბედულება, გამოვავლინოთ ისტორიის მეტი ცოდნა, გამოვავლინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მეტი პატივისცემა, როცა თურქეთ-საქართველოს "სტრატეგიული პატრნიორობის" თემას ვეხებით. მე გამემიჯნება თუ არა ვინმე, ეს საინტერესო არაა, სიმართლეს... ისტორიულ რეალობას ნუ გაემიჯნებით. "სტრატეგიული პარტნიორობა" არ ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას თურქეთისთვის! ხმა ავიმაღლოთ იმაზე, რაც დღეს ხდება აჭარაში. გავიხსენოთ, როგორ იბრძოდნენ აჭარის დასაცავად ცნობილი ქართველები... იგივე მემედ აბაშიძე, რეჯებ ნიჟარაძე, ჰეიდარ აბაშიძე, ჰასან თხილაიშვილი, სხვები და სხვები. ნურც ერთ ქვეყანას ნუ დავუწვებით, ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე. ესაა ღალატი, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ქსენოფობია და ისტორიული ფაქტის მოხსენიება სრულიად განსხვავებული რამაა. ლექსიკონშიც ჩახედვა სირცხვილი კი არაა, თუ კონკრეტული ტერმინის არსი არ გესმის?! მოკლედ, გამოვავლინოთ მეტი სიყვარული და თავდადება ჩვენი ქვეყნისადმი. სულ ესაა. რაც შეეხება აგენტომანიის თემას, ესაა სწორედ ფობია. აგენტოფობიაა, როცა იმდენად გაქვს განსხვავებული მოსაზრების, სიმართლის მოსმენის შიში, რომ მყისიერად ბოდიშს უხდი მაყურებელს (ქსენოფობიური განცხადების გამო) და მყისიერად მზად ხარ,- უარი თქვა შენს ისტორიაზე. ამ კომენტარს არ ვწერ „იმედის" წამყვანისადმი სიბრაზის, სიძულვილის, ან ნიშნისმოგების მიზნით. ვწერ იმიტომ, რომ უფრო ფართოდ ვხედავდეთ პროცესებს, საფრთხეებს ჩვენს გარშემო და უფრო მეტი თავგანწირვით ვიცავდეთ ჩვენს სამშობლოს," - წერს ირმა ინაშვილი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.