Russian English
რატომ თქვა უარი 20-მდე კლინიკამ პატიმრების მკურნალობაზე
ორშაბათი, 26 თებერვალი, 2018 - 17:01
2017 წელს, 20-მდე მეტმა კლინიკამ შეწყვიტა ხელშეკრულება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და რაც მთავარია, ეს გააკეთეს თავისი ნებით. 
ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ყვება კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი - ანზორ მელია:   
- რა გახდა მიზეზი თქვენი და სხვა ცნობილი კლინიკების მიერ ხელშეკრულების გაწყეტისა?
- ჩვენთან ერთი საწოლი დღე არის 140 ლარი. როდესაც პატიმარი წვება სამედიცინო დაწესებულებაში, არ შეიძლება მასთან ერთად ვინმე იყოს. ამიტომ სამ ადგილიანი პალატა ფაქტობრივად უქმდებოდა, ვინაიდან პატიმარს თან ახლდა ნიღბიანი და იარაღიანი ბადრაგი, ორიდან ხუთი კაცის შემადგენლობით, გააჩნია პატიმარი რა სასჯელს იხდიდა. ჩვენ ამას ვითმენდით იმიტომ, რომ პატიმრები გვეცოდებოდა და მაქსიმალურად მოვლილი გვყავდა. რაც მთავარია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტთან. 
- რა მოხდა შემდეგ?
- როდესაც პატიმარი თავისი  ბადრაგით იკავებდა  სამსაწოლიან პალატას, ჩვენ დანარჩენ ორ საწოლს არ ვანგარიშობდით და გამოდიოდა, რომ სამსაწოლში სასჯელაღსრულება იხდიდა ერთი საწოლი დღის თანხას - 140 ლარს. ვაკეთებდით ყველაფერს - კორონოროგრაფიას და ა.შ. მაგრამ, ზოგჯერ ყველა გამოკვლევას ერთ დღეში ვასრულებდით და პატიმარს ვუშვებდით.  სანამ ძველი ბუღალტერი იყო, პრობლემა  არ გვქონდა. 
- რას გულისხმობთ?
- რას და, ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ პატიმარი რომელიც გვეწვა ჩვენ, დღიურად განსაზღვრული 140 ლარის მაგივრად ვხარჯავდით  160-170 ლარს, მაგრამ ამ ზედმეტ  20-30 ლარს არ გვიხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და  არც ჩვენ გვქონდა პრეტენზია, ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა და კეთილ საქმეს ვაკეთებდით. ჩვენ ბიზნესმენები არ ვართ, ჩვენ ვართ ექიმები. პაციენტი, რომელიც ციხიდან მოგყავს, ოთხჯერადი კარგი კვება რომ აქვს, სრულფასოვანი მოვლა და იმ დღეებში ბედნიერად რომ გრძნობს თავს. შემდეგ ხდება ასეთი რამ, რომ მოვიდა ახალი ბუღალტერი და ამ ახალმა ბუღალტერმა მოითხოვა დეტალურად 140 ლარის განფასება, ანუ რაში იხარჯებოდა ეს თანხა. ბუნებრივია ჩვენც დეტალურად წარვუდგინეთ ყველაფერი  - დღეების მიხედვით. ყველაფერი მივუთითეთ, სად და როგორ იხარჯებდა დღეში 140 ლარი,  სხვა დღეებში 160-170 ლარი და  130-135 ლარი ანუ ნაკლები, ასეც ხდებოდა ხოლმე, როდესაც პატიმარი ერთი დღით შემოჰყავდათ. ამ ახალმა ბუღალტერმა იცით რა გააკეთა? დღემდე გაოგნებული ვართ კლინიკები, მარტო მე კი არა. იმ ერთ დღეში, სადაც 135 ლარი დაიხარჯა მხოლოდ, 5 ლარს რას უშვებდით, იმის დეტალური მომაწოდეთო. როდესაც ჩვენ მივუთითეთ, რომ მაშინ ის დღეები, როდესაც  160-170 ლარი იხარჯება, ის აგვინაზღაურეთ. (თან იმაზე არაფერი გვვითქვია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ერთი პატიმრის გამო სამი საწოლი რომ ცდებოდა და ერთი საწოლისას ვახდევინებდით). ამაზე უკვე ახალმა ბუღალტერმა უარი გამოგვიცხადა, ეს მე არ მეხებაო. არადა, სწორედაც რომ ბუღალტერს ეხებოდა. მაშინ ჩვენ გამოვუცხადეთ, 140 ლარად ჩვენ ვერ მოგემსახურებით და რამდენი ადგილიც დაკავდება პატიმრის შემოსვლის დროს, ის გადაიხადეთ. ამაზე უარი განაცხადა  ახალმა ბუღალტერმა.
- ეს როდის მოხდა?
- ერთი წელია. იმ ზომამდე მიგვიყვანა კლინიკები ამ ადამიანმა, რომ არაფერი აღარ გვინდოდა სასჯელაღსრულების სისტემისგან და უარი ვთქვით. ანალოგიური გააკეთეს სხვა კლინიკებმაც, იმიტომ რომ ვინც პროფესიონალია, ყველა ასე მოიქცევა. საყოველთაო დაზღვევამ ძალიან კარგი რამე გააკეთა, ამიტომ არ შეიძლება ეს ბიზნესის დარგად აქციო. მე პირადად გული მწყდება, იმიტომ რომ სასჯელაღსრულების სისტემასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით და ბუღალტერმა გვაიძულა უარი გვეთქვა. ანუ სამ ან ოთხ ადგილიან პალატაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი პატიმარი და ერთი საწოლისას მიხდი. მაგრამ, მე თუ  30-40 ლარით მეტს დავხარჯავდი პატიმარზე, იმას არ მიხდი, სამაგიერო თუ დააკლდა 5 ლარი, ის სხვაობა უნდა აისახოს. 
- ბადრაგი ღამე რჩებოდა პატიმართან ერთად?
- რა თქმა უნდა და ის პალატა დაკავებული იყო მთლიანად. ძალიან მოწესრიგებული ბადრაგი ჰყავთ, მაგრამ გაწკრიალებული კლინიკა და ნიღბიანი  და იარაღიანი დაცვა. ადრე აბამდნენ საწოლზე პატიმარს და ბოლოს, რაც ახალი მინისტრები დაინიშნენ, აღარ დაუბავთ. 
- ანუ რომ არა ეს ბუღალტერი, თქვენ ჩვეულებრივად გააგრძელებდით პატიმრების მიღებას?
- აუცილებლად. მე არ მახსოვს პრობლემა, რომ პატიმარს დასჭირვებოდა გამოკვლევა და მე ან ჩემი ექიმი თავისუფლად ვრეკავდით სასჯელაღსულებაში და არასოდეს უარს არ ამბობდნენ. კახიშვილი რაც მოვიდა, საგრძნობლად გაუმჯობესდა სიტუაცია და ჩვენ გვწყდება გული ამაზე. 24 საათისგანმავლობაში ნებისმიერ დროს გვქონდა კომინიკაცია პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგჯერ იყო, რომ პატიმარი დამძიმდებოდა და ზოგად რეანიმაციაში იყო გადასაყვანი. ვაცნობებდით სასჯელაღსრულებას და ღამის სამი საათიც რომ ყოფილიყო, მოვარდებოდნენ და აწესრიგებდნენ ყველაფერს. ეს არის გულდასაწყვეტი.
ამის შემდეგ  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მივმართეთ, თუ რა იყო მიზეზი და აი, რა პასუხი მივიღეთ. 
- ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლობა შეწყდა  რამდენიმე   სამედიცინო დაწესებულებებთან. რომელი დაწესებულებებია და რა გახდა მიზეზი მათი კონტრაქტორობიდან ჩამოცილების?
- მიზეზები რამდენიმეა - საჭიროების არქონა, ფასთა კვლევის შედეგების მიხედვით თავად კლინიკების უარი თანამშრომლობაზე. „გასული“ სამედიცინო დაწესებულებებია:  გადაუდებელი დახმარების და ქირურგიის ცენტრი „ჰიგია“,ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი, ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“,  ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“,  პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი, რუსთავის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი, კლინიკა „ჰელსი“, ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, შპს „ჯანმრთელობის ცენტრი“, „ჯეო ჰოსპიტალსი“, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „ურანტი", „გიდმედი“, „ახალი მზერა“, პედიატრიის ინსტიტუტი, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი. „არქიმედეს კლინიკა“, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, „დეკა“,კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, „ლანცეტი“, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, „მედი ქლაბ ჯორჯია“, ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ტომოგრაფი“, „ი ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“. 
 
წყარო: „ქრონიკა +“ 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.