Russian English
„მასწავლებლების უმრავლესობა ქრთამს იღებს ნიშნის დაწერის სანაცვლოდ“
პარასკევი, 02 მარტი, 2018 - 11:48
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა. მონიტორინგის პროცესში, სკოლებში შერჩეული 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ძალადობდნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან.
მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დაუნო“!  „ლაწირაკო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე...“,თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“,„წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“.
ბავშვები, ასევე საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს.
ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს:„მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა“. „მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო კი მასწავლებელმა  მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა“
რაც შეეხება ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებსა და მანდატურებთან, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ან სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ. 
სკოლის დირექტორი დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანზე: „ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა“. განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოიკვეთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარების მიმართ. ერთ-ერთი დირექტორის თქმით, ამ სახლის აღსაზრდელები მის სკოლაში არ ირიცხებიან და არც აქვს ამის სურვილი, რადგან ისინი  უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ სხვა ბავშვებზე. სხვა დირექტორი ერთ-ერთ მოსწავლეზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით: „მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია“. „ერთხელ ბავშვი დედამისის ქუსლიანი ფეხსაცმელებით მივიდა სკოლაში, რადგან სხვა არ გააჩნდა, რის გამოც ყველამ დასცინა. ამის შემდეგ ბავშვს ერთი კვირა არ უვლია სკოლაში“.  
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა შორის, დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობისა დასპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ, არასათანადოა.მოსწავლეები იხსენებენ შემდეგ ფაქტებს: „ჩვენთან ერთი ინვალიდი ბავშვია და ყველა თვლის, რომ ის არაფერს წარმოადგენს, დასცინიან და თან ყველაფერს მას ავალებენ - მიდი, მიდი ბურთი მომიტანე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. იმ ბავშვს უხარია ყურადღებას რომ აქცევენ, მაგრამ ესენი მასხრად იგდებენ და იყენებენ“; „ერთ გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს კი ყველა „ტილიანს“ ეძახის. 
სკოლის თანამშრომლების პასუხები განსხვავდება მოსწავლეების პასუხებისგან. კერძოდ, ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, დირექტორი ზოგჯერ ბავშვებსაც კი მოუწოდებს, არ შეატყობინონ მანდატურებს მსგავსი ფაქტების შესახებ, ან თავად მანდატურებზე ცდილობს ზეგავლენის მოხდენას, ოქმი რომ არ შეადგინონ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს, როგორც მანდატურები იხსენებენ, სკოლის დირექტორმა მათ  უთხრა, რომ ისინი ვერაფერს დაამტკიცებდნენ, მტკიცებულების არარსებობის გამო. „ვცემე და ყოველთვის ვცემთ“, „ვცემ და აბა მოვიდეს და გითხრას“, „ფაქტი არა გაქვთ და ვერაფერს მიზამთ“ - ამბობდა დირექტორი. 
მე-9 კლასელი ბიჭი: „სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ამცირებს, ხშირია მოსწავლეების ერთმანეთისგან გამორჩევა და აჩემება“.
მე-9 კლასელი გოგონა: „მასწავლებლების უმრავლესობა ქრთამს იღებს ნიშნის დაწერის სანაცვლოდ“.
მე-10 კლასელი გოგონა: „სკოლაში საკმაოდ ხშირად ხდება ქურდობა. ჩემთვისაც მოუპარავთ, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას, დამრიგებელს, მასწავლებლებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამბობენ, რომ კლასში ჩანთა თუ საფულე არ უნდა დავტოვოთ, რადგან მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა. ხანდახან შევსწრებივარ, როდესაც მასწავლებელი დაბალკლასელ მოსწავლეზე ძალადობს, რის გამოც მოსწავლე ტირილამდე მისულა, რაც დამცირების და უფლების შელახვის სერიოზული მაგალითია“.
იმედია, სახელმწიფო გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მიიღებს ზომებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და ბოლოს ჩამოყალიბდნენ ადამიანებად, რადგან როგორც იცით, სკოლა, საზოგადოება და ოჯახი უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
 
მოამზადა ლელა დევდარიანმა 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.