Russian English
მერიას „სითი პარკისთვის“ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს
სამშაბათი, 20 მარტი, 2018 - 10:25

10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კვლავ კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს. შემდეგ კი, პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.  

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, „სითი პარკი“, მოვალეობის გადაბარების პროცესშია. 
 „შეხვედრის მიზანია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ის ორგანიზაციული ღონისძიებები სათანადოდ გავატაროთ, რომელიც პარკირების სისტემის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად არის საჭირო. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მათთან ერთად მოგვიწევს იმისთვის, რომ პროცესების გადმობარება სათანადოდ მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

„სითი პარკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გადაბარების პროცესს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რათა ქალაქში პარკირების მენეჯმენტი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.  

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ესწრებოდნენ.  
მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომისა, „სითი პარკი“ სასამართლო დავის წესით კომპენსაციის გამოთხოვას აპირებს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი და მოგების შემთხვევაში, თბილისის მერიას მისი გადახდა მოუწევს.  

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.