Russian English
„მწვანე“ აქცია - ჟურნალისტებმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეზოში ხეები დარგეს
ორშაბათი, 26 მარტი, 2018 - 15:18
ტუბერკულოზი დღემდე რჩება მსოფლიოსთვის გლობალურ პრობლემად. ის საშიშ სოციალურ დაავადებას წარმოადგენს და მის დასამარცხებლად საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა აუცილებელია. ამაში კი, განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. 
ამასთან დაკავშირებით, 22 მარტს ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, ტუბერკულოზის მართვის აქტუალურ საკითხებთან, მათ შორის კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩატარდა ასევე „პლანეტის მწვანე ფილტვების“ აქცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო და მასმედიის წარმომადგენლებმა ნარგავები დარგეს ცენტრის ტერიტორიაზე.
ნარგავების დარგვამდე, ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
„ზოგადად, ქვეყანაში ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების შემცირების, თუმცა ჯერ-ჯერობით შორს ვართ ევროკავშირის მაჩვენებელთან. ასე რომ, ჩვენი სამიზნე გახლავთ ის, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ტუბერკულოზით ავადობა ქვეყანაში სერიოზულად შევამციროთ“.
თავის მხრივ,  „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ზაზა ავალიანმა დასძინა, რომ:
„ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ტუბერკულოზთან მიმართებაში, ვინაიდან ეს არის ძალიან ვერაგი სენი. დღეს-დღეობით ტუბერკულოზის სერვისებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.  უბრალოდ, არის აუცილებლობა, რომ დროულად მოხდეს მიმართვა და სწორედ მოხდეს გადამისამართება სპეციალიზირებულ ცენტრებში ტუბერკულოზის შემდგომი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით“.
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.