Russian English
(VIDEO) მამა თეოდორე: უცხოელების ჩამოსახლებაზე დიდი წინააღმდეგი ვარ
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 21:08
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ქადაგებაში, რომელიც საქართველოში უცხოელების ინტენსიურ ჩამოსახლებასა და დამკვიდრებას ეხება, შემდეგ განმარტებას იძლევა. 
„ეს საკმაოდ რთული თემაა. როდესაც ხმას ამოიღებს ადამიანი და იტყვის, რომ რატომ უნდა ჩამოსახლდნენ უცხოტომელები საქართველოში, იმ წამსვე გიწოდებენ: ჰომოფობი, ნაციონალისტი, რასისტი და ა.შ. მაგალითად, უცხო ტომელების ჩამოსახლების წინააღმდეგი თუ ხარ, იმიტომ, რომ რასაც ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვები ასახავს, ეს შენშია, რა თქმა უნდა, არასწორია. ანუ, როცა უცხო ტომელების ჩამოსახლების სურვილის არქონის მიზეზი არის სიძულვილი სხვა ერის, სხვა რელიგიის, სხვა ადამიანის - ეს არის უკიდურესობა. მაგრამ, მოდი, ახლა ასე ვთქვათ... მაგალითად, შენ გაქვს დიდი ოჯახი, დიდი სახლი, დიდი ეზო, სადაც შენი ოჯახი ცხოვრობს შვილებით და შვილიშვილებით. ასევე, გყავს ბევრი მეზობელი, რომლებიც ძალიან გამრავლდნენ და გეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შემოვიდეთ შენ სახლში და სამუდამოდ ვიცხოვროთ, რომლებსაც თან თავიანთი წესი და რიგი შემოაქვთ. ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც იტყვის, რომ მე მზად ვარ, მთელი ჩემი სამეზობლო ვაცხოვრო ჩემ სახლში. რომელი ადამიანი იტყვის, რომ მე ამას გავაკეთებ. და თუ უარს იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მეზობლები სძულს? არ სძულს მეზობლები, მაგრამ ეს არ შეიძლება, უბრალოდ შეუძლებელია. 
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ოჯახის ყველა წევრს ხომ თავისი კბილის ჯაგრისი აქვს, ყველაზე ახლობელი ადამიანის ჯაგრისსაც, ხომ არ გამოიყენებ. რატომ არ გამოიყენებ, ესე იგი გძულს შენი ოჯახის წევრი? ამიხსენით, რა ფენომენია ეს. ადამიანს აქვს, ისევე როგორც, ოჯახს და ერს, ღვთისგან მონიჭებული საზღვრები, რომლის უხეში შელახვა, რაღაც პრობლემას ქმნის ადამიანისთვის, ოჯახისთვის და ერისთვის. არ შეიძლება ამის დარღვევა. 
ერი ხომ არა არის მარტო რელიგია. ერი არის რელიგიაც და კულტურაც. თუ ჩემს კულტურულ და რელიგიურ იდენტობას რამე ემუქრება, ასიმილაციის სახით, მაშინ მე განგაშის ზარს ვტეხავ. ჩემთვის ძვირფასია ქართველობა, ქართული სული, ქართული კულტურა, ქართული ენა. რატომ ომობდა მაშინ დავითი, რატომ მოიგო დიდგორის ბრძოლა? რა საჭირო იყო, რატომ გაწირა თავი? ფიცი მიეცათ სულთანისთვის და ყოფილიყვნენ მეგობრულად. რა საჭირო იყო ეს და მას, რომ ეს არ ექნა, დღეს ჩვენ რა ენაზე ვილაპარაკებდით და საერთოდ, თუ იქნებოდა ეს ქვეყანა? 
არსებობს არამარტო რაოდენობრივი, არამედ კულტურული, ფსიქოლოგიური, ენობრივი და რელიგიური ასიმილაცია. მაგალითად, ქართული ოჯახი გადასახლდა ამერიკაში საცხოვრებლად, პატარა ბავშვი წაიყვანეს, ან იქ გაუჩნდათ. ჩადის მათი ახლობელი 5-6 წლის შემდეგ და ბავშვი ქართულად არ საუბრობს. ასეთი უცნაური ხალხი ვართ ქართველები. იქ დაბადებულიც არ არის ბავშვი, 5-6 წელი იცხოვრა და ქართველი დედ-მამის მიუხედავად, ქართულად აღარ საუბრობს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ეს არის არამდგრადობა ჩვენი ცნობიერების. ჩვენთვის არ არის ძვირფასი მამული, ენა და სარწმუნოება. როდესაც მეკითხებიან, ხოლმე მშობლები შეიძლება გავუშვა თუ არა შვილი, მე ვეკითხები  -ჩამოყალიბებულია თუ არა ეს ადამიანი მორალურად, ეროვნულად და რელიგიურად. თუ არაა ჩამოყალიბებული, გადაჯიშდება. ჩვენ ერს, ეს სიმტკიცე არ აქვს ხოლმე. ამიტომ, ჩამოსახლებაზე და აქ დამკვიდრებაზე დიდი წინააღმდეგი ვარ, თუმცა, მე არ ვგულისხმობ ინდივიდუალურ ჩამოსვლას, როცა ადამიანი, ან საქართველოს სიყვარულით, ან ქორწინების მიზნით, ან მნიშვნელოვანი მისიით ჩამოდის, მაგრამ, როცა აქ არის ზღვა ხალხის ჩამოსახლებაზე საუბარი, ეს ჩვენ იდენტობას საფრთხეს უქმნის. რატომ არის სამაჩაბლოს და აფხაზეთის ფენომენი? თავის დროზე ყველა, რომ მივიღეთ ახლა იმიტომ არის ისე, როგორც არის.“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.