Russian English
მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 22:27
11 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ ორმა ძაღლმა მაღაზიაში წასვლისას დაკბინა. სოფელ ოჩხომურში მცხოვრებლები მიუსაფარი ძაღლების თარეშით გამოწვეულ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შვილებს ვერც სკოლაში და ვერც ეზოში მარტო ვერ უშვებენ.
„ეზოში გასვლა მეშინია, მეზობლებთან და ნათესავებთან ვერ გავდივარ, ვერც მეგობრებთან ვთამაშობ, რადგან ვიცი, რომ ძაღლები არიან ეზოში“, - აცხადებსდაზარალებული ბავშვი.
„გაუკეთეს ოპერაცია, ბავშვს ხორციც ამოუღეს ნაკბენ ადგილას, 9 ნაკერი აქვს, დიდი ჭრილობა ჰქონდა“, - განაცხადა მშობელმა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ძაღლები დაბაში სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ და ტოვებენ. აქაურების თქმით, იყო ძროხების დაკბენის დაკბენის ფაქტებიც. მოსახლეობა კონტროლის დაწესებას და უპატრონო ძაღლების დაბიდან გაყვანას ითხოვს. მათი თმით ძაღლებს ინფექციური დაავადებები აქვთ და საშიშროებას ქმნიან.
ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მონაცემებით, ბოლო 3 თვეში ძაღლისგან დაკბენილი 150-მდე პაციენტი მიიღეს, შარშან როგორც შინაური, ისე მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა,მხოლოდ ქობულეთში.
ექიმების ინფორმაციით, რეფერალურ საავადმყოფოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„დღეში სავარაუდოდ 7-8 დაკბენილი შემოდის, არიან ბავშვებიც, მოზრდილებიც, არის როგორც ოჯახის ძაღლების მიერ დაზიანებული პაციენტები, ასევე, ქუჩის ძაღლების მიერ დაკბენილები“, - განმარტავს მკურნალი ექიმი.
ქობულეთის მერიის განცხადებით, ცხოველების უპატრონოდ დატოვებაზე მერია კონტროლს და სანქციებს ვერ ახორციელებს. მიუსაფარი ძაღლებისგან მოსახლეობის დასაცავად კი ტენდერის გზით კომპანიას ქირაობენ, რომელიც ძაღლების დაჭერას, ტრანსპორტირებასა და გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს.
მათივე განმარტებით, კომპანია უკვე გასულია სხვადასხვა სოფლებში და მათ შორის, ოჩხამურშიც ჩავა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 19 950 ლარი 266 ძაღლის დაჭერისა და სტერილიზაციისთვისა გამოყოფილი. ამავე თანხებით, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანური გზით დაძინება ან ვაქცინაცია და მარკირებაც უნდა მოხდეს.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.