Russian English
„ჩემი შვილი ჩემს მაგივრად ჩავიდა შახტაში და დაიღუპა“
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 22:36
26 წლის პავლე გამეზარდაშვილი ერთ-ერთია, რომელიც მინდელის შახტამ თავის ოცნებებთან ერთად შეიწირა. მის სურვილებზე დღეს უკვე მამა საუბრობს, რომლის ნაცვლადაც შრომა მე-10 კლასელმა პავლემ დაიწყო, რადგან ოჯახის უფროსი საწარმოო ტრავმის გამო შახტში ჩასვლას ვეღარ ახერხებდა.
ტრაგედიის შემდეგ გურამ გამეზარდაშვილს შახტში სამუშაოდ ორი შვილის გაგზავნა  მაინც მოუწევს, რადგან ტყიბულელებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო მხოლოდ შახტაა.
„მე თავად ძველი მეშახტე ვარ, 2010 წელს ჩემი დამარცხების დღიდან ჩავიდა, შახტაში, მე-10 კლასში იყო“
გურამ გამეზარდაშვილი შესაბამისი უწყებების საბოლოო დასკვნას ელოდება, ოფიციალურ დოკუმენტს მეშახტეებიც ელიან, რომლებიც დაუფასებელ შრომაზე, დაბალ ანაზღაურებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პირობების გაუმჯობესებაზე საქნახშირი- ჯი-აი-ჯი ჯგუფის დაპირება, წლებია დაპირებად რჩება ისინი კი იძულებულნი არიან, როგორც თავად უწოდებენ, სასაკლაოზე მუშაობა კვლავ გააგრძელონ.
კითხვაზე,  „აპირებთ თუ არა ისევ შახტში დაბრუნებას?“, დამწუხრებული მამა პასუხობს, რომ „მეტი გზა არ არის, ეს რომ არ იყოს, ტყიბული ჩათვალეთ, რომ მკვდარია, არც მაღაზია იქნება, არც ბაზარი და არც არაფერი.“
როგორც მეშახტეები ამბობენ, მომხდარი მხოლოდ სამთო დარტყმებს არ უნდა დაბრალდეს. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებენ. საქ ნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის განცხადებით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ჟურნალისტების დანარჩენი შეკითხვები კი დასაქმებულების ანაზღაურებაზე და სამუშაო პირობებზე უპასუხოდ დარჩა.
კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის მფლობელის, დავით ბეჟუაშვილის განცხადებით, დეტალებს შრომის ინსპექცია დაადგენს, მისივე თქმით ერთი წლის წინ აღმოჩენლი დარღვევები შახტში გამოსწორებული იყო.
„საწარმოს პრობლემები არ ჰქონია“ - განაცხადა ბეჟუაშვილმა.
პრემიერის დავალებით, ტყიბულში შემთხვევის ადგილი მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად.  დაზარალებულ ოჯახებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც მიუსამძიმრეს, ისინი სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„აუდიტორია 155“-ის წევრები კი მომხდარის გამო ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებენ და მოითხოვენ, გადადგეს მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მეშახტეთა პროფკავშირების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, აუცილებელია შახტები დაიხუროს, შემოწმდეს და მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
„დიმიტრი ქუმსიშვილი პასუხისმგებელია იმ მკვლელობებზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფოში ხდება და ეს არ არის მხოლოდ ტყიბულის შემთხვევა. ეს ხდება ყველგან, ჭიათურაში, კაზრეთში, ზესტაფონში და სხვა ინდუსტრიულ რეგიონებში, მშენებლობებზე და ყველგან, ყველა ქალაქში, სადაც კი მიმდინარეობს სამუშაო პროცესს, ხელისუფლებას არ გააჩნია ოლიტიკური ნება, ვინაიდან დღევანდელ ხელისუფლებას ბიზნესმენები და ოლიგარქები წარმოადგენენ, ისინი არიან გარიგებული ამ სისტემასთან, ამ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ უთბობს ხელს“, - განაცხადა აუდიტორია115-ის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.
რა მოხდა 5 აპრილს ეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა. მალე ადგილზე დამატებით საერთაშორისო ექსპერტებიც იმუშავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს.
 ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული ხუთი მეშახტე 10 აპრილს დაკრძალეს, გოგი რაფავას 12 აპრილს.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.