Russian English
13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს
ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 13:12

13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.  გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს. Junior NBA – GBF ლიგის მესამე სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13-წლამდელთა 30 გუნდი მონაწილეობს და საუკეთესო NBA-ს ფორმატის ანალოგიურად, რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის შედეგად გამოვლინდება. Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პარტნიორობას უწევენ ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი კი წელს პირველად ტარდება და მის შესარჩევ კემპს 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სლოვენიის ქალაქმა როგლამ უმასპინძლა, სადაც კონტინენტის 17 ქვეყნიდან რჩეული მოზარდები იყვნენ შეკრებილები. კემპის მიზანი 10 საუკეთესო გოგონას და 10 საუკეთესო ბიჭის შერჩევა იყო, რომლებიც Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

სლოვენიაში ლუკა ალავიძესთან ერთად მოთამაშეები – გეგა წულაია, მარიამ გოგიჩაიშვილი და მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ვარჯიშებისა და მოთამაშეებზე დაკვირვების შემდეგ, კემპის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში ორგანიზატორებმა არჩევანი გააკეთეს: ლუკა ალავიძე ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ითამაშებს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.