Russian English
„თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი“ - საზოგადოების ნაწილი მინისტრის გადადგომას ითხოვს
პარასკევი, 08 ივნისი, 2018 - 08:30

საზოგადოების ნაწილი იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს, 8 ივნისს საპროტესტო აქციას მართავს.

მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თეა წულუკიანი და ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსენსუსის შედეგად.

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი და ის არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას:

➡️იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა
➡️იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
➡️იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
➡️იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად
➡️თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან
➡️იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
➡️თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი
➡️სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია
➡️წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე
➡️იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით

აქციის ორგანიზატორები ვართ მოქალაქეები #მეთავისუფლებისთვის, შემოგვიერთდით თუ იზიარებთ ჩვენს მოთხოვნებს”, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ  თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.

შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.