Russian English
ჯეფის სასტუმროს ამერიკელ მეპატრონეს მოკვლით ემუქრებიან
პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 08:09

სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს, ჯეფ ატეფ ეზზატ აზიზს და მის ქართველ მეუღლეს, ნათია ხვედაგურიძეს თანასოფლელი,  მალხაზ ხმალაძესახლში მიუვარდა, ნაჯახით მანქანა დაუჩეხა და მოკვლით დაემუქრა.

ნათიას და მის მეუღლეს ოჯახური ბიზნესი - სასტუმრო სახლი და მაღაზია - აქვთ. საკუთარ მაღაზიაში სხვადასხვა დასახელების ღვინოებს ყიდიან. ჯეფ აზიზის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი მალხაზ ხმალაძე მათ ღვინის მაღაზიაში მივიდა, ერთი ბოთლი სასმელი აიღო, ფული არ გადაიხადა და ტერიტორია დატოვა. მას შემდეგ კი, რაც ცოლ-ქმარმა ღვინო უკან დააბრუნებინეს, მალხაზ ხმალაძე გაღიზიანდა, სახლში დაბრუნდა, ნაჯახი აიღო და ამერიკელ ბიზნესმენს ავტომობილი ნაჯახით დაუჩეხა. ჯეფი ამბობს, რომ მოძალადე მას მოკვლითაც დაემუქრა და ნაჯახის ჩარტყმას ცდილობდა:

„მე არ ვიცი, ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუ მხოლოდ ნასვამი. ის კი ვიცი, რომ იმუქრებოდა, მე ამ ამერიკელს ნაჯახს მაინც ჩავარტყამო. მას თავისივე მეგობრები აწყნარებდნენ და ციხით აშინებდნენ, თუმცა ამბობდა, რომ ციხის არ ეშინოდა და მისი მთავარი მიზანი იყო ამერიკელი მოეკლა. ჩვენ გვინდა დახმარება, მაგრამ არ ვიცით ვის მივმართოთ. როგორც ჩანს, პოლიცია ჩვენს დაცვას არ ცდილობს, რადგან, მიმართვის მიუხედავად, მოძალადე არ არის დაკავებული. მე და ჩემი ცოლი საფრთხეში ვართ!“ნუკრიანში მცხოვრები ამერიკის მოქალაქის ქართველი მეუღლე ნათია ხვედაგურიძე ამბობს, რომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში პოლიცია გამოიძახეს. მისი ინფორმაციით, მოძალადე დააკავეს, თუმცა 12 ივნისის საღამოსვე გაიგეს, რომ ის თავისუფალი იყო და კვლავ სოფელ ნუკრიანში გადაადგილდებოდა. ნათია ხვედაგურიძის თქმით, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და თუ უახლოეს ხანებში სამართალდამცავები მალხაზ ხმალაძეს არ დააკავებენ, ღამის გასათევად ცოლ-ქმარი პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში მივა:

„პოლიციაში გვითხრეს, რომ თუ ეს პიროვნება არაფერს არ დაგიშავებთ, ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენთო. ანუ თუ შემოვა და დაგვხოცავს ორივეს, ცოლ-ქმარს, მერეღა მოახდენს ეს პოლიცია რეაგირებას?! . ახლა ჩვენ მივდივართ პოლიციაში, სადაც ღამეს გავათევთ. მე ღამე სახლში დარჩენა არ შემიძლია, ვერ დავიძინებ. ყოველ წამს იმის შიშის ქვეშ ვართ, რომ ის პიროვნება საიდანღაც გამოჩნდება. ის პიროვენება უნდა დააკავონ, რადგან ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს“.

ნუკრიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მიერ დასახელებული პირი დაკავებულია.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.