Russian English
გორის პოლიციამ ნიორი დააყადაღა
პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 08:40

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში პროკურატურა მთელი ღამე აღებულ ნივრის მოსავალს იცავდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი კომპანიის იურისტის მიერ შესული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთიდან გაურკვეველ პირებს ნიორი მიჰქონდათ.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ნიორი დაახლოებით 60 მეასედზე მოიყვანა ადგილობრივმა ტერმელაშვილების ოჯახმა. ტერმელაშვილების ოჯახი აცხადებს, რომ მოსავალიც და მიწის ნაკვეთიც მათია. ხოლო კომპანიის წარმომადგენლებს მოსავალთან არანაირი შეხება აქვს.

მომჩივანი კომპანია რეგისტრირებულია ეგვიპტეში. მისმა იურისტმა კომენტარი არ გააკეთა. საკითხის გარკვევამდე პოლიცია, პროკურორის მითითებით, მოსავალთან დილამდე გაჩერდა, ვიდრე ტრაქტორი არ გამოიძახეს და ტონობით ნიორი ერთ-ერთ საწყობში არ მოათავსეს.

ტერმელაშვილების ოჯახის ადვოკატის, ზაზა გიგაურის განცხადებით, გორის პროკურატურა ახდენს სასწაულს, რადგან ასეთი ფაქტობრივი გარემოება ჯერ არ ყოფილა.

„ნიორი მეპატრონემ ამოიღო, დატოვა და პროკურატურას კი ეს ნიორი გააქვს. ეგვიპტელების ადვოკატმა განაცხადა, თითქოს ქურდობა ხდება, მაშინ, როცა თავადვე აქვს დაფიქსირებული განაცხადში, რომ დეკემბრის თვეში ტერმელაშვილები შევიდნენ თავიანთ მიწის ნაკვეთში, გამოხნეს და დათესეს ნიორი. თუმცა არ დაუყენებია ამ მიწის ნაკვეთიდან მათი გამოყვანის საკითხი. დაელოდა კარგად, სანამ დაამუშავებდნენ და ახლა ქურდობაზე შეაქვს განაცხადი. მიწის ნაკვეთის საკითხზე ცალკე დავა მიდის, თითქოსდა ეგვიპტელებს მიწის ნაკვეთი მიჰყიდა კახაბერ ტერმელაშვილმა, ხოლო ფული, 5 500 დოლარი ეგვიპტელებს ასესხა ვლადიმერ ტერმელაშვილმა. წარმოიდგინეთ, ვლადიმერ ტერმელაშვილმა არაბებს ასესხა ფული, რათა მისი შვილის ნაკვეთი შეეძინათ. დოკუმენტები ისე საშინლადაა წარმოდგენილი, რომ ღიად ჩანს მათი სიცრუე.

ეს ნაკვეთები ტერმელაშვილებისაა და აქვთ უფლება ნივრის მოყვანისაც და აღებისაც.

დღეს მოხდა ნივრის დაპატიმრება და დიდი მადლობა გორის პროკურატურას", - განაცხადა ადვოკატმა.

კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც მეჯვრისხევის პოლიციას ნივრის ქურდობის შესახებ აცნობა, კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.