Russian English
ჯეფის სასტუმროს ამერიკელ მეპატრონეს მოკვლით ემუქრებიან
პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 10:35

ქმრის და შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოში ჩივის. ის პოლიციელებს ადანაშაულებს წამებაში, რამაც ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია. ევროსასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო. მაგდა პაპიძის სარჩელში უმძიმეს ფაქტებზეა საუბარი, როგორ აწამებდნენ მას დიდი დიღმის განყოფილებაში პოლიციელები, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, რამას მისი ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.

როგორც მაგდა პაპიძის ადვოკატი აცხადებს, მტკიცებულებები, ძალოვანი უწყების წინააღმდეგ, უკვე ევროსასამართლოში დევს.

„დაჟინებით მოითხოვდნენ ეღიარებინა მეუღლისა და შვილის მკვლელობა, რაც მაგდა პაპიძემ არ გააკეთა. პოლიციელები იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები. მაგდა პაპიძეს ჰქონდა ჩალურჯებები და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, რაც სამედიცინო დასკვნებით დასტურდება. ჩვენ გამოვითხოვეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც აღნიშნულია ყველა ტიპის დაზიანება და მრავლობითი ჩალურჯებები. რამდენიმე დღეში, მას სტრესისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად, ორსულობა შეუწყდა“, - განმარტავს ადვოკატი, თამარ ავალიანი.

უვადო პატიმარი მაგდა პაპიძე, სამართალდამცავთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობაზეც საუბრობს.

იურისტის მტკიცებით, სამართალდამცავები პაპიძეს დანაშაულის აღიარების მოტივით აწამებდნენ.

„მაგდა პაპიძე ასახელებს 4 პოლიციელს, ის დეტალურად აღწერს მათ ვიზუალურ მხარეს , ყველა მათგანი ჰყავს იდენტიფიცირებული“, - დასძენს ადვოკატი.

ბრალდებული პაპიძე პოლიციელ;თა მხრიდან წამებაზე პირველივე პროცესზე საუბრობდა.

აღნიშნული ინფორმაცია მსჯავრდებულის ოჯახის წევრებსაც აქვთ, ისინი ახლა ევროსასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან.

„„კაპეზეზე“  შეყვანის ღამეს სასტიკად იყო ნაწამები. მე გადმომცა გამომძიებელმა ჩემი დის დახეული ქურთუკი, რომელსაც ჩემი და თავისით ვერ შემოიხევდა. ითხოვდნენ ბრალი ეღიარებინა. იმ ღამითვე დაიწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომ მაგდა პაპიძემ ბრალი აღიარა, და კვალის დაფარვის მიზნით იმალებოდა. სად იმალებოდა? პირველივე ზარი სასწრაფოში მაგდასგან არის შესული“, - აცხადებს მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.

მაგდა პაპიძის მიმართ წამების ან ძალადობის ფაქტი საქართველოს პროკურატურამ, ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ვერ დაადასტურა და საქმე შეწყვიტა.

პაპიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ გამოძიება არასრულად ჩაატარა, რის გამოც ის ევროსასამართლოს პაპიძის მიმართ  მე-13 მუხლის დარღვევის დადასტურებას სთხოვს.

„გამოიკითხა მაგდა პაპიძე და გამოიკითხნენ პოლიციელები. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. მაგდა პაპიძეს ექსპერტიზაც არ ჩატარებია, ორსულობის შეწყვეტის თაობაზე. არც ამოცნობის პროცედურა ჩატარებულა. არ მოუძიებიათ მესამე, ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულება.

რაც შეეხება  პაპიძის მოკლული მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის ოჯახს, მისი ძმა და დედა მაგდა პაპიძის ბედით აღარ ინტერესდებიან და საკითხზე კომენტარის გაკეთებაც არ სურთ.

მაგდა პაპიძე 2016 წლიდან უვადო პატიმარია. მას მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობას ედავებიან.

სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.