Russian English
„სასამართლო პროცესი მოსამართლეთა შვებულების გამო გადადეს“ – „კირკიტაძე და კომპანია“ განაჩენის მოლოდინში
ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 10:57
„გრინვაილდ ჯორჯიასა“ და „კირკიტაძე და კომპანიას“ შორის სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, როსტომ კირკიტაძე „მედიასითისთან“ საუბრისას განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლეთა შვებულების გამო, მომდევნო პროცესი 10 სექტემბრამდე გადადო,  თურქულ-არაბულ კომპანია - „გრინვაილდ ჯორჯიას“ კი ხელშეკრულების დარღვევის პირგასამტეხლო 0.1%-დან 0.01 პროცენტამდე შეუმცირა.
საჩივარი სასამართლოში „კირკიტაძე და კომპანიამ“ შეიტანა, რადგან მათი განმარტებით  „გრინვაილდ ჯორჯიას“ დაკვეთილი სამუშაოს საფასურის გადახდა არ სურს.
 
ამ და სხვა თემებზე „მედიასითი“ „კირკიტაძე და კომპანიის“ დამფუძნებელ, როსტომ კირკიტაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:
 
-ბატონო როსტომ, როდის დაარსდა თქვენი კომპანია?
 
-საწარმოო აეროგეოოდეზიის სპეციალისტები საბჭოთა კავშირის დროიდან მოდიან საქართველოში. მოსკოვის დაქვემდებარებაში ვიყავით, მაგრამ ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმს პატივს სცემდნენ, რადგან ჩვენ კარგად გამოგდიოდა ეს საქმე, რუსებზე უკეთაც კი. დიდხანს მომიწია ბრძოლა, იმისთვის, რომ აქაურობა არ გაეყიდათ, ამ შენობის ადგილას სასტუმროს გახსნა უნდოდათ. 18 სამინისტროს ვებრძოდი და მაინც მივაღწიე, რომ ამ შენობაში ისევ ჩვენი საქმის სპეციალისტები დავრჩენილიყავით.
90-იანი წლების შემდეგ, როგორც ყველაფერი, ჩვენი საქმეც უკუღმა დატრიალდა. მხედრიონი გვივარდებოდა, გვართმევდნენ, გვაწიოკებდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობდით.
მართალია, ხუთივე სართული შევინარჩუნე და დღემდე მხოლოდ ჩვენი პროფესიის ხალხი ვმუშაობთ აქ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ისევ სხვას  მივყიდე, რათა ბიუჯეტისთვის გადამეხადა.
 
-ამჟამინდელი სახელწოდებით როდიდან მოღვაწეობს თქვენი კომპანია?
 
-1996 წელს ჩამოვაყალიბე სპს კირკიტაძე და კომპანია, რუსთავში მქონდა ექსპედიცია. რუსთავში მხედრიონმა რომ დააქცია ყველაფერი, 2010 წელს ჩამოვაყალიბე შპს, თბილისში. ახლა ორივე მაქვს, შპს-ც და სპს-ც.
რაც შეეხება ჩვენს დარგს, რაც კი თანამედროვე ტექნოლოგიებია, ყველაფერი ათვისებული გვაქვს, საზღვარგარეთ ვაგზავნით თანამშრომლებს სასწავლებლად.ვაკეთებთ პროექტებს, გეოლოგიას, გეოდეზიას.. უცხოელებსაც ვემსახურებით, ამჟამად, მსოფლიო ბანკის პროექტებზე ვმუშაობთ, წუნს ვერავინ უდებს. თავიდან უცხოელებს ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ განუვითარებლები ვართ, მაგრამ როცა ჩვენს გაკეთებულ საქმეს ნახულობენ, ხვდებიან, რომ ასე არ ყოფილა.საქართველოში ჰესების ასაშენებლად იტალიელები დაიქირავეს და ახლა იმ იტალიელებმა საქმე ჩვენ დაგვიკვეთეს. 
 
-ძირითადად რა სახის პრობლემებს აწყდებით მუშაობისას?
 
-პრობლემა ძალიან ბევრია, 30 000-სს მარტო თვიურად ვიხდით, დღგ-ს და -პრობლემა ძალიან ბევრია, 30 000-სს მარტო თვიურად ვიხდით, დღგ-ს და საშემოსავლოს. ყველაფერი გართულებულია, ხშირად გვაღალატებენ უცხოელები.
ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ინკასოთი ვხსნიდით ფულს. თუ მე საქმე შევასრულე და ამისთვის კომპანია ფულს არ მიხდის, რაში გვჭირდება სასამართლო? თვითონ ბანკს შეუძლია, ანგარიში დაუყადაღოს კომპანიას და სანამ ვალდებულებას არ გაისტუმრებს, ვერ ისარგებლებს ანგარიშით და იძულებული იქნება, გადაიხადოს.
ახლა კი უნდა დაიქირავო ადვოკატი, იჩივლო და ა.შ... წლობით მარჩევინებენ საქმეს,რომლის დასრულებასაც ორ დღე უდნა.
რაც შეეხება ამ ბოლო პრობლემას, გრინვაილდ ჯორჯიამ“ ტაბახმელაში, მათ მიერვე შესყიდული ნაკვეთის შემოღობვა დაგვიკვეთა. ხელშეკრულების თანახმად შემოღობვისთვის კონკრეტული დრო არ იყო განსაზღვრული. ჩვენ ღობე სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩაგვებარებინა, მიუხედავად ამისა, თანხის გადახდამდე არაბული კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ განგვიცხადა, რომ სამუშაოების შესრულება დავაგვიანეთ და ანაზღაურებას ვერ მივიღებთ. თანაც, ამბობენ, როცა ხელს ვაწერდით ხელშეკრულებას, შეგვეშალა და ამდენი თანხის გადახდაზე არ მოვაწერდით ხელსო. სარჩელი ჩვენ შევიტანეთ, ორკილომეტრიანი ღობეა გაკეთებული და ფულის გადახდა არ უნდათ. ორი წელია, ქონება ბალანსზე აყვანილი არ არის, სჩადიან დანაშაულს და საშემოსავლოს არ იხდიან.
 
-როგორ ფიქრობთ, სასამართლოს ბრალეულობა, კონკრეტულად, რაში მდგომარეობს?
 
-მე მხოლოდ იმისთვის ვდაობ, რომ ჩემი შესრულებული სამუშაოსთვის გადამიხადონ. ორი წელია სასამართლოებში დავდივარ. მივიღებ საერთოდ ამ ფულს? არ ვიცი. ან ოდესმე თუ მივიღებ, იგივე წონა ექნება?  ხელშეკრულებაში ეწერა, რომ რომელიმე მხარეს , ხელშეკრულების დარღვევის შემთხევაში, თანხის 0.1 პროცენტი უდნა გადაეხადა, თუმცა სასამართლომ ეს თანხა 0.01 პროცენტამდე დაიყვანა, თუმცა არ აკეთებენ განმარტებას რატომ. ესეც გავასაჩივრე, რადგან 0.1 და 0.01პროცენტს შორის სხვაობა 30 000 ლარზე ადის. მე ამ საქმის გასაკეთებლად კრედიტი ავიღე და ახლა შენ რომ არ მიხდი ამ ზარალის სხვაობასაც ვერ ვასწორებ. 0.01 პროცენტამდე დაყვანით თანხა იმდენად მცირდება, რომ გადახდის მოტივაცია ძალიან დაბალია. დღეში ასი ლარის ნაცვლად, დღეში 10 ლარი გამოსდით. ამ არაბული კომპანიისგან, ასეთი საქციელი პირველი ა არის, აზერბაიჯანელებსაც ასე მოექცნენ, კუმისშიც მოქცეულან ასე, გამოდის ეს ამისთვის არიან დაბადებულნი. აზერბაიჯანელები დაგვიკავშირდნენ და იკითხეს რა ხდებაო, იმედი აქვთ, რომ ჩვენთან ერთად, რამეს მოახერხებენ, აიძულებენ არაბებს გადახდას.
 
-ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაშია „გრინვაილდ ჯორჯიას“ მიერ შესყიდული ტერიტორია? 
 
-10 ჰექტარი გადათხრილია, არავინ აგებს პასუხს. აეროტოპორტში რეკლამები გამოკრულია არაბულ ენაზე, ჩვენი პროექტის მიხედვით. 70 000 კვადრატულ მეტრზე ავიღეთ ნებართვა, პარლამენტში დავდიოდი, ვამბობდი, ხალხი მშიერია, სოფელი დასაქმდება, მაგრამ ჩემ მერე იქ ადილობრივი აღარავის დაუსაქმებია. ფულსაც ვუხდიდი და კარგი ურთიერთობაც გვქონდა.
სახელმწიფო არ გვიდგას გვერდით, ეს ელემენტარულია. მე დოკუმენტების გარეშე არ ვმოქმედებ. ხელშეკრულება რომ არ მქონოდა გაფორმებული, ვერაფერს ვუზამდი საერთოდ, წერილებიც ნაწარმოები მქონდა. ახლა არაბები ამბობენ, ხელი რომ მოვაწერეთ, შეგვეშალაო. სასამართლო გვერდით რომ გვედგეს, პრობლემა არ გვექნებოდა, ხომ ვერ დავაყაჩაღებ ვინმეს, მთელი ცხოვრებაა სამართლებრივად ვცხოვრობ. მოსახლეობას გადაუთხარეს საძოვრები, შემოუღობეს და საძოვრებადაც ვეღარ იყენებენ იმ ადგილს. მთელი სოფელი დარჩა მოტყუებული.
9 ჰექტარი მიწა გაყიდეს უცხოელებზე, სასოფლოდან არასასოფლოზე გადაიყვანეს და დაიდო ბიზნეს გეგმა, რაც გულისხმობდა, რომ გარკვეულ დროში იქ უნდა შესრულებულიყო სამუშაო, ადგილობრივიც დასაქმებულიყო.. შევარდნაძის დროს უკეთესი წესრიგი იყო. გვამოწმებდნენ, ბიზნეს გეგმას თუ არ მივყვებოდით წაგვართმევდნენ. ამათ დაცვა უყენიათ , ფულს უხდიან და ობიექტი არის უმოქმედოდ.
უნდოდათ, დაემიჯნათ 300-300 კვადრატზე და ისევ ქართველებისთვის მიეყიდათ. ასე გაეკეთებინათ ფული. ბოლს კი აქამდე მივიდა საქმე..
 
-თავიდან ვინ მიჰყიდა ამ კომპანიას მიწა?
 
- ვიღაც მოხუცებულმა ფეიქრიშვილს გადასცა 10 ჰექტარი მიწა. მერე ამ ფეიქრიშვილმა გაყიდა. ახლა მესამე პირზე გადაყიდვისას, მესამე მყიდველი პატიოსნად ითვლება, ვერ მოსთხოვ პასუხს. ადრეც გვქონია ამ ტიპის პრობლემები, მაგრამ ყოველთვის ისე ხდება, როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს.  დოკუმენტები წარვადგინეთ და მოსამართლემ ამის განხილვას 3 თვე დასჭირდებაო. ამ დოკუმენტების გარჩევას ისედაც ამ საქმის ექსპერტი უნდა და უნდა დაიქირაონ, მარგამ არა.. თან შვებულებაში მივდივარო და შემდეგი პროცესი 10 სექტემბერს ჩანიშნეს.
ის მხარე პროცესზე არასდროს მოდის, ბოლო პროცესზე ადვოკატიც არ გამოცხადდა, ცნობა გადმოაგზავნა, მივლინებაში ვარო. პროცესიც გადაიდო..
თურქული მხარე შეგვეხმიანა, მაგათი აღმასრულებელი დირექტორი ქართველიც, მერე აზერბაიჯანელმა დარეკა, ჩვენც ვართ დაზარალებულნიო. დირექტორებსაც ცვლიან და მათაც არ უხდიან ფულს, თარჯიმნებსაც კი არ გადაუხადეს.
 
-გარდა ამ ტიპის პრობლემებისა, ნებართვების გაცემის დროს, რა სიტუაციაა, უამრავი სახიფათო მშენებლობა მიმდინარეობს, როგორ იღებენ ამ  ნებართვებს და დასკვნებს?
 
-ჩვენ როცა ვიღებთ ობიექტს ყველაფერს წესების მიხედვით ვაკეთებთ, მშენებლობამდე, მშენებლობის შემდეგ ჩვენ აღარ გვეხება.
ხშირად უარს ვეუბნებით დასკვნაზე, მაგრამ ვერ შეაჩერებ, ვინმე ახლობელთან მივლენ, დაადებინებენ დასკვნას და ხედავ შენ რომ უარი თქვი, იმ ადგილას მაინც შენდება კორპუსი ან რამე სხვა.
მოდიან და მეუბნებიან, 5 ხე მოვჭერი და წამიშალე რუკაზე.. არავინ მოსულა და უთქვამს , 5 ხე დავრგე და დამიმატეო.
ბევრი საოცარი ფაქტი ხდება, თბილისში ხიდების ტენდერი ქუთაისელებმა მოიგეს,  მერე ისევ ჩვენ შეგვიკვეთეს..
ტენდერებს იგებენ და არ ითვალისწინებენ, რომ ასე იაფად ვერ გააკეთებენ საქმეს. ამიტომაც არის, რომ ბევრს ვალებიც დაედო. ვერ ეტევიან ფასში და ანაზღაურებასაც ვერ იღებენ. გზებს 50 წლიანი გარანტია უდნა ჰქონდეს და თბილისში ყველა ახალი მთავრობა ახალ გზას აგებს, რატომ?
საერთოდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა,  წყნეთი გაჩეხილია, კოჯორიც, ბაკურიანი ისეთ დღეშია თოვლიც აღარ მოდის. ქართულ პროდუქტს ვერ ნახავ საქართველოში ყველაფერი შემოტანილია. ჯერჯერობით მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ...
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.