Russian English
„მასე შეიძლება ექიმი ორგანიზებულ ტერორისტულ აქტში დაადანაშაული, ტროტილით დარბისო“
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი, 2018 - 08:00
19 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „ექიმთა ასოციაციამ“ და „პაციენტთა უფლებების  დაცვის ასოციციამ“ გამართეს პრეს-კონფერენცია და გააპროტესტეს ის ნეგატიური ტალღა, რაც თანამედროვე ქართველი ექიმების მიმართ   ბოლო დროს აგორდა. 
 
გია ლობჟანიძე, „ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:
- ჯანდაცვის სისტემაში არის ორი უზენაესი პრინციპი: ეს არის პაციენტის უფლებების დაცვა და ექიმის ავტონომიურობა. თუ ეს ორი პრინციპი არ არის გატარებული სახელმწიფოში, ჯანდაცვის სისტემა ვერ ივარგებს და ვერ იმუშავებს გამართულად. ბოლო ორ წელიწადში რატომღაც მასმედიის საშუალებით დაიწყო ფაქტიურად თავდასხმა ექიმებზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მედიცინა არის მაღალი რისკის პროფესია, ისევე როგორც მთასვლელები. 
- საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ კანონი. ექიმთა უფლებების მხრივ როგორ არის საქმე?  
- 50 ევროპული ქვეყნიდან მეხუთეებმა თუ მეექვსეებმა მივიღეთ კანონი პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა ამას არ მოჰყვა შემდეგ ადექვატური კანონი და ნაბიჯები ექიმის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. როცა საზოგადოება ნდობას ჰკარგავს სამედიცინო პერსონალის მიმართ, ექიმსაც ეშინია უკვე დიდი პასუხისმგებლობის აღება. ამით ვინ აგებს? ამით ვაგებთ ჩვენ, პოტენციური პაციენტები. 
უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა მნიშვნელოვანია. ფაქტის არასწორი კონსტატაცია იწვევს აგრესიას ექიმების მიმართ, ეს კი უარყოფითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე. საჭიროა, საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობით, ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი შეიქმნას, რათა დავიცვათ ექიმებისა და პაციენტების უფლებები. ექიმის სახე არ უნდა ჩანდეს, ხშირად ხდება ასე: მითითებულია ექიმის სახელი, გვარი, კლინიკის დასახელება. მის რეპუტაციაზე, ღირსებაზე ვინმე ფიქრობს? არ ფიქრობს. ვინმემ დაითვალა და შეისწავლა, ვთქვათ, წელიწადში გაკეთდა 50 ნეგატიური გადაცემა, საბოლოო ჯამში ამ 50 შემთხვევიდან რამდენ შემთხვევაში გამართლდა კლინიკა, ექიმი? უდიდეს შემთხვევაში, არავინ ეს სტატისტიკა არ გააშუქა. არავინ თქვა, რომ აქ ექიმი დამნაშავე არ ყოფილა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ექიმები. მთავარი გამოსავალი არის ის, რომ კანონპროექტში ჩაიდოს და შევთანხმდეთ ჟურნალისტებთან, რომ არ იყოს მითითებული ექიმის გვარი, კლინიკის დასახელება, სადაც შემთხვევა მოხდა. ჟურნალისტს მოეთხოვოს, რომ სრულად შეისწავლოს საკითხი. სანამ სრულად არ შეისწავლის და არ დარწმუნდება, არ გააშუქოს ასეთი მასალა.
 
ნანა სანაია, „პაციენტთა უფლებების დაცვის ასცოციაციის“ თავმჯდომარე 
 
- ეს უკანასკნელი შემთხვევა, რომელმაც სამწუხაროდ სისტემატიური სახე მიიღო გვაიძულებს მეტი საზოგადოებრივი აქტიურობა გამოვიჩინოთ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის რეგულირების საკითხებში. ვფიქრობ რომ დროა შეიქმნას ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობით. ეს მოგვცემს საშუალებას დავიცვათ როგორც ამ კონკრეტული შემთხვევით დაზარალებული ექიმის, ასევე სამედიცინო საზოგადოებისა და გამომდინარე აქედან პაციენტთა უფლებებიც. კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ რომ ექიმისა და პაციენტის უფლებების დაცვა არის მედლის ორი მხარე.
- კონკრეტული მაგალითებიც  რომ მოგვიყვანოთ?
- ნეგატიური ტალღის გამო ცნობილი მეან-გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა ისე, რომ ფაქტობრივად არც ერთი მტკიცებულებითი საბუთი არ დადებულა მის წინააღმდეგ. ახლახან აგორებული მეორე ტალღა ონკოლოგ ლაშა თურქიაშვილის მიმართ, რომელმაც ყველა სტანდარტების დაცვით ჩაატარა ოპერაცია და სიმსივნით დაავადებული ადამიანი ამის შემდეგ გამოდის და იძახის, კლინიკას ჩემი ორგანოების გაყიდვა უნდოდაო და ამას აჟღერებს შემდეგ მასმედია.  ეს უკანასკნელი შემთხვევა, რომელმაც სამწუხაროდ სისტემატიური სახე მიიღიო გვაიძულებს მეტი საზოგადოებრივი აქტიურობა გამოვიჩინოთ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის რეგულირების საკითხებში. 
- ეს უკანასკნელი შემთხვევა ახსენეთ, ვინ იგულისხმეთ?
- თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში, ცნობილი ქირურგი ლაშა თურქიაშვილი ონკოდაავადების მქონე ასაკოვანმა პაციენტმა დაადანაშაულა, რომ მისი ორგანოები გასაყიდად უნდოდათ. და მასმედიამ ეს მისივე სიტყვებით გააშუქა. სადღაც ხომ უნდა იყოს ლოგიკა? მასე ხომ შეიძლება ექიმი ორგანიზებულ ტერორისტულ აქტში დაადანაშაული, ტროტილით დარბისო, იმიტომ რომ, შენ ასე გონია.  არ შეიძლება ექიმი იყოს მუდმივი საფრთხის განცდის ქვეშ პაციენტის მხრიდან და თან ნორმალურად მკურნალობდეს პაციენტს, ისევე როგორც შეუძლებელია პაციენტი იყოს ნდობით განმსჭვალული ექიმის მიმართ, რომლისგანაც დანიშნულებას იღებს სხვადასხვა სუბიექტური ინტერესების გათვალისწინებით. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.