Russian English
ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში კიბო ინკურნება სრულიად
ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 - 10:33
„სტიგმა, რომ კიბო არის განაჩენი, არსებობს იმ მიზეზით, რომ  მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფ. ზურაბ რაინაული
 
- ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია საკმაოდ კვალიფიციური ექიმებით.  ზოგადად, მედიცინაში ცოტა საკამათო თემაა წარმატებული და წარუმატებელი ექიმები, მაგრამ კარგი ექიმის თემა ყოველთვის უცვლელია. ჩვენ კარგი ექიმები გვყავს! საქართველოში პაციენტები უფრო მეტად მიდიან ექიმებთან, ვიდრე სამედიცინო დაწესებულებებში. სწორედ ეს განსხვავებაა ქართულ და ევროპულ კლინიკებს შორის. 
- და რითია ეს ცუდი?
- იმით, რომ ამ მიზეზით ბევრი ექიმი  რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. ე.წ. „მორბენალი ექიმების“ ფაქტორის არსებობაში კი მე პოზიტიურს  ვერაფერს ვხედავ. კლინიკა არის ინტელექტუალური, მატერიალური და ტექნიკური ბაზის ერთობლიობა. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა არის ექიმის წარმატების მიზეზი და არა სხვა რამ. თორემ, პროფესიონალი ექიმი, რომელსაც ბევრი პაციენტი ჰყავს ერთ კლინიკაში, რატომ უნდა წავიდეს სხვაგან. ის უკვე რეალურად ნაკლებ დროს უთმობს პაციენტს, ვინაიდან რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ არაეფექტურ შედეგს. ადამიანი მოდის შენთან და განდობს ყველაზე ძვირფას - სიცოცხლეს. მე მივესალმები, რომ ექიმი ისე დაკავებული იყოს ერთ კლინიკაში, რომ არც სურვილი და არც ხიბლი არ გაუჩნდეს სხვა კლინიკაში გადასვლის. ეს მარტო ჩვენს კლინიკას არ ეხება.  ზოგადად, ონკოლოგიური დისპანსერის  ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ისეთი პირობები შევუქმნათ სამედიცინო პერსონალს, რომ მაქსიმალურად დაინტერესებული იყოს კლინიკის წარმატებებით, და არა ცალკე ექიმის წარმატებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთლიანი  ორგანიზაცია ზრუნავს იმ საქმეზე, რასაც ადამიანის ჯანმრთელობა ჰქვია. ჩვენი ბრენდი და სტრატეგიული განვითარების  ორიენტირი სწორედ ეს არის - ერთად ვიზრუნოთ კლინიკის განვითარებაზე. 
- თქვენს კლინიკაში სკრინინგ პროგრამაც მოქმედებს? 
- სკრინინგი ნიშნავს არა პაციენტის, არამედ  ჯანმრთელი ადამიანის პროფილაქტიკურ გასინჯვას, ანუ რამე ხომ არ აქვს ისეთი, რასაც თავად ვერ ისინჯავს. სწორედ ამ დროს აღმოჩენილი წარმონაქმნები იკურნება ყველაზე ეფექტურად. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ სკრინინგი ტარდება ჯანმრთელ კონტიგენტზე. აქაც ასაკობრივი რისკი არსებობს, რომლის ფარგლებშიც წელიწადში ერთხელ უნდა მოხვიდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ სკრინინგი. ჩვენთან მუშაობს ეს პროგრამა და მოიცავს ონკოლოგის (მამოლოგის) გასინჯვას, მამოგრაფიას (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა) და ასევე სხვადასხვა პროცედურებს, მათ შორის ექოსკოპიას. ყველაფერი ეს უფასოა პაციენტისთვის.
- მელანომა თუ შედის? 
- რაც შეეხება მელანომას, არსებობს ე.წ. ევრომელანომის კამპანია, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მაგრამ აფინანსებენ ფონდები. ჩვენი კლინიკაც ღებულობს მასში მონაწილეობას, რომელიც ტრადიციულად  მაისის თვეში ტარდება. საშუალოდ, 1500-2000 ადამიანი ისინჯება ამ დროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 
- სკრინინგის შემდეგ, როგორია მაჩვენებელი ქირურგიული ჩარევების კუთხით? 
- ზოგადად, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა არის კომპლექსური - ეს მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და იმუნოთერაპიას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი მეთოდი უნდა გამოიყენო აუცილებლად. მრავალი წელია უკვე დადგენილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს გააჩნია ე.წ. კარცეროგენული ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი არის ნიკოტინი. ანუ ვინც მწეველია, იმას სამჯერ მეტად ემართება ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველს. ანდა მზის გამოსხივების დოზა კანის კიბოს წარმოქმნის ფაქტორებს ზრდის.
- მულტიპროფილურობის მიუხედავად თქვენ ონკოლოგიური მიმართულების დაწესებულება ხართ. რითია გამორჩეული აქ ჩატარებული მკურნალობის მეთოდიკა?
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი კლინიკის მენეჯმენტი ვერ მოიწონებს თავს იმ შეთავაზებებით, რომელსაც ჩვენს ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ნებისმიერ კლინიკას აქვს თავისი ფუნქციონირების სახე, რასაც განაპირობებს ძირითადად ინტელექტუალური და იქვე მიბმული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ყველაფერი ადექვატურად პასუხობს შიდა და გარე მოთხოვნებს, ყველაზე იდეალური მოდელია. ვფიქრობ, რომ ონკოლოგიური დისპანსერი სწორედ ამით არის გამორჩეული. ჩვენ გვინდა ვიყოთ რაც შეიძლება ადექვატურები იმ გამოწვევებთან, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მედიცინის წინაშე დგას. დღეს მე საკმაოდ დიდი პრაქტიკის მქონე ქირურგი ვარ, მაგრამ როდესაც დამწყები ექიმი გახლდით, მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი იმ მიდგომის, რომ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაკეთდეს (როდესაც  ამის საჭიროება არ არის).  ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენების მიხედვით. მე, პირადად,  ვერც კი წარმომიდგენია რომელიმე კლინიკაში არსებობდეს მედიკოსი, რომელიც გააკეთებს ოპერაციას ჩვენების გარეშე. უნდა ჩატარდეს ის მკურნალობა, რაც ადექვატურია. ჩვენი კლინიკის სახე არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ადექვატურები იმ გამოწვევებთან, რომლებიც არსებობს დღეს და ვრეაგირებდეთ ნებისმიერ მოვლენაზე. მე ამას პროგრესს ვეძახი.
- უფრო დაგვიკონკრეტეთ თუ შეიძლება?
- ჩემს სფეროზე, ქირურგიაზე მოგახსენებთ. მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო განვითარება მცირე ინვაზიურმა მედიცინამ ანუ ლაპაროსკოპიულმა მეთოდმა. სანამ გავაგრძელებდე, მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს-დღეობით - ონკოლოგიური დაავადებები ეს არის ჩვეულებრივი დაავადებები, რომელიც ინკურნება. არ არსებობს განუკურნებელი ონკოლოგიური დაავადება. მაგრამ, აქ საკითხი დგას ასე - როდის და რა შემთხვევაში. ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების დროს. ქრონიკული დააადებები, გულ-სისხლძღარღვთა დაავადებები, იგივე დიაბეტი.... დღეს-დღეობით მედიცინის განვითარების შესაძლებლები გვაძლევს საშუალებას, რომ ონკოლოგიური დაავადება სკრინინგით და ადრეული მიმართვით აღმოაჩინო საწყის სტადიაში და მსოფლიოში არსებული რესურსებით მოახდინონ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. და შემდეგ განკურნო! განკურნება კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მკურნალობის შედეგად სიმსივნე აღარ აღენიშნება. ნებისმიერი დაავადებს არ არსებობა ნიშნავს, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში აღარ რეგისტრირდება მისი მახასიათებლები. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმა. მაგალითად, თუ პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგ, ხუთი წლის თავზე დაავადება აღარ ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობას გვაძლევს იმის თქმის, რომ ნებისმიერ დაავადებაზე,  როგორც განკურნებად დაავადებაზე ვისაუბროთ.
- ანუ კიბო განკურნებადია?
- დიახ, მხოლოდ რა შემთხვევაში! უნდა გვახსოვდეს ეს. სტიგმა, რომ კიბო არის განაჩენი, არსებობს ორი მიზეზით. პირველი, მოსახლეობა არ არის საკმარისად ინფორმირებული. რომ,  ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ინკურნება სრულიად. იგივე ევროპაში არსებობს ჯანმრთელობის ღია კარის დღეები, როდესაც ონკოლოგიური პროფილის ექიმები (ჩვენი კლინიკაც გეგმავს ამას), ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით გადიან  თბილისის რომელიმე რაიონში და აწყობენ შეხვედრას, მაგალითად, ძუძუს კიბოზე. ანუ კონკრეტული თემატური შეხვედრაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა პირდაპირ ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია. 
- როგორც ვიცი, თქვენს კლინიკას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ევროპულ კლინიკებთან? 
- დიახ, წელიწადნახევრის წინ გერმანიის ერთ-ერთ წამყვანი კლინიკის ცნობილმა ქირურგმა შემოგვთავაზა, რომ კონსულტირებას გაგვიწევდა ნაწლავების ონკოლოგიური ოპერაციების დროს და დაგვეხმარებოდა ახალი მეთოდების დანერგვის კუთხით. ამ მიზნით ჩვენი ექიმები გაგზავნილი  იქნენ გერმანიაში ხსენებული მეთოდის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. შემდეგ, თავად გერმანელი ქირურგი იყო ჩამოსული ჩვენთან და რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ასე და ამრიგად, გამოიკვეთა ჩვენი სახე, როდესაც გვინდა, რომ ონკოლოგიაში  ჩვენ ავიღეთ მიმართულება, რომ ლაპარასკოპიური ოპერაციები ანუ მცირე ინვაზიური ჩარევები გაცილებით მეტი იყოს. ეს იქნება  მნიშვნელოვანი და ამისთვის სრულიად მობილიზებულია ონკოლოგიური დისპანსერი. 
 
ესაუბრა ანანო რობაქიძე
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.