Russian English
გადანაწილებული მილიონები - როგორ გადაკეთდება თბილისი 2019-2020 წლებში
სამშაბათი, 29 იანვარი, 2019 - 18:57
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც 2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. საშუალო და მცირე ზომის პროექტების განხორციელება კი, თბილისის რაიონების გამგეობების მიერ იგეგმება. 
 
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.  
 
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ვითარდება. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 
 
მიმდინარე წელს განსახორციელებელი შემდეგი პროექტი გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაა, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია; ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. 
 
„დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
 
მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია; 2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია. 
 
„სოფელ დიღომში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან წყალარინების არანაირი ქსელი არ არსებობს. შარშან ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იგივე მდგომარეობა გვაქვს მუხიანის აგარაკებზე, სადაც ასევე, არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ მოეწყობა მანამ, სანამ ეს პროექტი არ განხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 
 
მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი დაიხარჯება.
 
რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე - 45 000 000 ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობაზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე - 7 085 489 ლარი დაიხარჯება; მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ღირებულება 3 553 970 ლარია. აღნიშნული პროექტიც მიმდინარე წელს განხორციელდება.   
მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი)   ქუჩების სრული რეაბილიტაცია. 
 
„მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე,  მსხვილ საგზაო  პროექტებს შორისაა გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. დაგეგმილი გვაქვს  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით, არასახარბიელო მდგომარეობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. ასევე ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.  
 
2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკი) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია. 
 
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება. 
 
კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია. 
 
ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 
 
2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. 
 
„სხვადასხვა რაიონში მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებაში შედიოდა. რა თქმა უნდა, ამ დაპირებას შევასრულებთ. შარშან, ერთი კომპლექსი თემქაზე უკვე გაიხსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წელს ვიწყებთ ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დიდ დიღომში და ვარკეთილში. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი სპორტის ყველა სახეობა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკა. ანალოგიურ პროექტებს სხვადასხვა რაიონში ისევ წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 
 
გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია. 
 
„გასულ წელს გზაგამყოფების მოწესრიგება დავიწყეთ, რომლებიც ძირითადად, ქვაფენილით იყო დაფარული. მოსახლეობის მხრიდან ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ადგილი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შევქნათ.  გასულ წელს ასევე, დაიწყო ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე განხორციელებულია. უახლოეს მომავალში კი, პროექტი მთლიანად დასრულდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენება გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
 
კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია. 
 
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დედაენის ბაღის. გვინდა, არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. მწვანე სივრცეებს, რომელიც დედაენის ბაღში სავალალო მდგომარეობაშია, მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, - აღნიშნა კახა კალაძემ. 
 
2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც. 
 
გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება. 
 
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, -  განაცხადა თბილისის მერმა. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.