Russian English
შოკირებული სამინისტრო - გარდაცვლილმა ლავრენტი ქირიამ სკოლის დირექტორს უჩივლა
ორშაბათი, 28 იანვარი, 2019 - 19:57
„კურიერის“ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას წინააღმდეგ შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირიაა. წერილის ავტორს, რომელიც მინისტრს დავით აღმაშენებელს ადარებს, ია კერზაიას კი კორუფციაში ადანაშაულებს, კურიერის გადამღებმა ჯგუფმა ვერსად მიაგნო. მისამართი, რომელიც წერილშია მითითებული, არ არსებობს.
ზუგდიდის იუსტიციის სახლში მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ლავრენტი ქირიას სახელითა და გვარით რეგისტრირებული ყველა მოქალაქე წლების წინ გარდაიცვალა.
ლავრენტი ქირიას ეძებს ია კერზაიას შვილიც, თუმცა, ის ვერცერთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ბაზაში იპოვა. ეს გარემოება ბაჩანა შენგელიას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ანონიმური წერილი სამინისტროში დაწერეს, ინსპექტირების სამსახურის მე-6 სკოლაში შესვლა კი წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ლავრენტი ქირიამ წერილი უწყებაში 8 დეკემბერს 13:34 საათზე შეიტანა. კანცელარიამ დოკუმენტი მინისტრ ბატიაშვილს ზუსტად 2 წუთში - 14:36 საათზე გადაუგზავნა. მინისტრმა კი 2-გვერდიანი წერილი ზუსტად 2 წუთში წაიკითხა, გაანალიზა და ინსპექტირების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის გადაუგზავნა.
მიხეილ ბატიაშვილის უსწრაფესი მოქმედებები ია კერზაის ინტერესების დამცველს, ლევან მახარაშვილს, არწმუნებს, რომ სადამსჯელო ღონისძიებისთვის სცენარი წინასწარ გაწერილი იყო.
ანონიმურ წერილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები არ ახლავს. კანცელარიაში კი ირწმუნებიან, რომ პირადობის მოწმობის გარეშე წერილს არასდროს იბარებენ.
ამასთან დაკავშირებით, ია კერზაიას მეუღლე, ნოტარიუსთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„შაბათის „კურიერში“ გასულმა სიუჟეტმა უტყურად დაადასტურა, რომ ჩვენი საქმეში დანაშაულის არაერთი ეპიზოდია:
1. პირველივე დღიდან ვამტკიცებთ, რომ საქმე თავიდან ბოლომდე არის გაყალბებული. საჩივარი არის სამინისტროში შექმნილი და მასზე არარსებული პიროვნების სახელი და გვარია მითითებული. სიუჟეტში ყველამ ვნახეთ, რომ საჩივარზე გაკეთებულია ყალბი ხელმოწერა რამდენიმე ათეული წლის უკან გარდაცვლილი ლავრენტი ქირიას სახელით;
2. წერილია ბუნებრივია რჩება ანონიმურად, რადგან მასზე არარეალური ავტორია მითითებული (იგივე წარმატებით შეეძლოთ შოთა რუსთაველის სახელით მოეწერათ ხელი), შებამისად, მასზე რეაგირებაც არის კანონდარღვევა და პირდაპირ იკრძალება სამინისტროს დებულებით;
3. თუ გაყალბებული წერილი ვინმემ მართლა მიიტანა სამინისტროში, კანცელარიის თანამშრომელს ის არ უნდა დაეტოვებინა პირადობის მოწმობის მოთხოვნის გარეშე, სხვა შემთხვევაში სამსახურებრივი გულგრილობა გამოდის. სიუჟეტში ჩანდა, რომ კანცელარიის თანამშრომლები პირადობის გარეშე დოკუმენტს არ იტოვებენ;
4. ის ფაქტი, რომ წერილი ადრესატთან ორ წუთზე მეტ ხანს არ ჩერდებოდა, ნათლად ადასტურებს მინისტრის და სხვა მოხელეების მხრიდან წინასწარ შეთანხმებულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას, რადგან 2 წუთში საჩივრის წაკითხვაც კი შეუძლებელი იყო, არათუ გააზრება და რეაგირების მოხდენა;
აქ ჩამოთვლილი გარემოებების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან (მათ შორის ჩადენილი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 341-ე მუხლით. საქართველოს მთავარი პროკურატურა როგორც მინიმუმ ამ მუხლებით უნდა დაიწყოთ გამოძიება, ყველა მტკიცებულება გვაქვს, ყველა დოკუმენტი გვაქვს და არაერთი მოწმე არსებობს, რომელიც ამ დანაშაულს დაგიდასტურებთ და რომელთა დაკითხვასაც ამ დრომდე არ ახდენთ. დაიწყეთ გამოძიება, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებთ! ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას“ - წერს ბაჩანა შენგელია.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.