Russian English
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები, ჰაერში დატოვებული ფალავანთა კლუბი და მარტორქის თავი
შაბათი, 16 თებერვალი, 2019 - 15:28
ჯერ ქრონოლოგიურად დავალაგებთ ყველა იმ გაუხმაურებელ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჭიდაობის ფედერაციაში 2013 წლიდან.  
მაშ ასე! 2013  წლის 11 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მწვრთნელთა საკითხი უნდა განხილულიყო. თუმცა ამის ნაცვლად, პრეზიდიუმმა 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იმსჯელა. ამ უკანასკნელი საკითხისდა გამო, სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ. ხსენებულ შეკრებაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო კომისია შეიქმნებოდა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ცოტა ხნით ადრე, ამ მაღალი მისიის განსახორციელებლად შეიქმნა საორგანიზაციო მუშა ჯგუფი, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი მოჭიდავეები შევიდნენ.
სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურების დამტკიცების საკითხიც უნდა განეხილათ, რომელიც ასე გადანაწილდა - ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაკურ გოგიტიძე და წლების განმავლობაში დედაქალაქის სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავა. გელაშვილს ბიზნესთან ურთიერთობა უნდა უზრუნველყო, გოგიტიძეს რეგიონებში მუშაობის გაფართოება ევალებოდა, კანკავას კი ფედერაციის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა.
თევზაძის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ საკითხად საკლუბო სისტემის ამოქმედება განიხილებოდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკლუბო პირველობა უნდა  ჩატარებულიყო. ცნობისთვის, ფალავანთა კლუბის ჩამოყალიბების იდეა ჭიდაობის ფედერაციის  იმდროინდელი  თავმჯდომარის ლუკა კურტანიძეს ეკუთვნოდა
წესით და რიგით, ის გეგმა, რომლებიც ხსენებულ სხდომაზე იქნა შემუშავებული, პერსპექტიული უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მოვლენები ამის შემდეგ სრულიად განსხვავებულად განვითარდა.  კერძოდ, 2014 წელს ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ტოვებს თანამდებობას და იწყება ვიცეპრეზიდენტების ზეობის ხანა. 
2017 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა. ამის შესახებ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დადებულა. ჭიკაიძის მოსვლამდე  ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ერთი წლით ადრე თამაზ (გეგა) გეგეშიძემ დაიკავა,  რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს მისი დაცვის უფროსი იყო.
ჭიკაიძე თავის ამბავში მარტო და ეული არ ყოფილა. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე მასთან ერთად (თანა)ვიცეპრეზიდენტებად დაინიშნენ - ბაკურ გოგიტიძე, ედიშერ მაჩაიძე,  თეიმურაზ ყაზარაშვილი და დიტო გელაშვილი.
ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო თანამდებობიდან 2015 წლის 23 იანვარს გადადგა. 2015 წლიდან ყოფილი შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ 2017 წლის ნოემბრის სამთავრობო ცვლილებებს შეეწირა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმების შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა. დიდხანს არ ულივლივია - ვიცეპრეზიდენტად გაამწესეს.
საკმაოდ საინტერესო ვერსიები ვრცელდება საპატრიარქოს მისაღებში დაკიდებულ მატრორქის ფიტულზე.  თავის დროზე, ერთ-ერთი ვერსიით მარტორქის ფიტული ბაკურ გოგიტიძემ ჩამოიტანა საქართველოში. განბაჟება ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან მარტორქა მოგეხსენაბათ კონტრაბანდა გახლავთ, თუმცა მეთოდები გამონახეს და  მარტორქას ფიტული საპატრიარქოს გადასცეს. 
აქვე გთავაზობთ ამონარიდს პატრიარქის  ექს-პრესსმდივნის ლაშა ჟვანიას ინტერვიუდან: 
„ჩემი უახლესი მეგობარია კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკა გოგიტიძე.  მე მასთან ერთად პროფესიონალური ბოქსის ფედერაციის  საპატიო პრეზიდენტი ვარ. ადრე კრივთან კავშირი არასდროს მქონია, მაგრამ  საგარეო ურთიერთობებში ვეხმარებოდი მეგობრებს თავისუფალ დროს და მეც ჩავერთე ამ ამბებში.  ახლაც ხშირად მიწევს კრივის ფედერაციაში ყოფნა, მათი ოფისი კლუბ „დივას” თავზეა. ასე რომ, თუ ვინმემ დამინახეთ, რომ საღამოს ათი საათისთვის ცოლმა „დივასთან” მიმიყვანა, ჩამოვედი, ხელი დავუქნიე  და „დივას” კარისკენ წავედი, არ გეგონოთ, რომ ჟვანიების ოჯახი ისე გაგიჟდა, რომ ცოლს სტრიპტიზკლუბში თავისი მანქანით დავყავარ “.
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.