Russian English
უჩა ზაქაშვილი: „თბილისის ახალი გენგეგმა აცდენილია ქალაქის ფაქტობრივ განაშენიანებას“
შაბათი, 16 თებერვალი, 2019 - 15:58
როდის მიიღებს დედაქალაქის მერიას თბილისის ახალ გენერალურ გეგმას. ამის შესახებ სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი საუბრობს: 
- ბატონო უჩა, როდის მივიღებთ კონკრეტულ პასუხს გენგეგმასთან დაკავშირებით?  
- სამართლებრივად იმ გეგმით შეზღუდვების დაწესება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, საერთოდ არ შეიძლება. ეს ნონსენსია, რაც ახლა ხდება ქალაქში, იმიტომ რომ გენგეგმას მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელობა, რაც ის ნორმატიული დოკუმენტი გახდება.
- ანუ მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს?
- დიახ. დღეის მდგომარეობით მერია, მათ შორის, თბილისის მთავრობა, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის ტერიტორიებზე, სადაც ახალი გენგეგმით ანუ იმ გეგმით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, გარკვეული შეზღუდვები უნდა გავრცელდეს.
- მაგრამ ჯერ არ გავრცელებულა?
- საქმეც ეგ არის, რომ ამის მიუხედავად სამშენებლო განვითარებას ზღუდავს. სწორედ მანკიერი შედეგი არის სამშენებლო სფეროში შემცირებული ინვესტიციები. ეს არა მხოლოდ კერძო პირებს ეხება, არამედ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზეც ნეგატიურად აისახება.
- და მაინც, ხომ არ იცით, როდის მივიღებთ კონკრეტულ პასუხს გენგეგმასთან დაკავშირებით?  
- სამწუხარო რეალობაა შექმნილი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ე. წ. მორატორიუმი აბსოლუტურად არაფერს ემყარება, ანუ სამართლებრივად რაიმე აქტით არ არის გამყარებული, შესაბამისად, უვადოა და შეუძლებელია იმის შეფასება, სადამდე გასტანს. ამ გენგეგმის მიღებას, ჯერ კიდევ, ზაფხულში გეგმავდნენ. შემდგომში თარიღი სექტემბრამდე გადაიწია. ახლა არ ვიცი, სადამდეა გადაწეული და აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, სამართლებრივი სივრციდან გადის. 
- ე. ი. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ემყარება არანაირ სამართლებრივ ნორმას? შესაბამისად, შეზღუდვა უკანონოა და, საბოლოო ჯამში, ბიზნესი ამის გამო ზიანდება, მოგვიანებით შეუძლიათ, მერიას ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ? 
- კი ბატონო, შეუძლიათ. უბრალოდ, ესეც უნდა დასაბუთდეს. თანაც, სამართლებრივი დავა დიდ ხარჯებს უკავშირდება. და აქედან გამომდინარე, ეს არ არის კარგი გამოსავალი, უკიდურესი შემთხვევაა. ძველ გენგეგმებსაც ჰქონდა ხოლმე ასეთი პრობლემები, თუმცა ისინი უკვე მიღების შემდეგ ქმნიდნენ პრობლემებს, როდესაც მოულოდნელად აღმოვაჩენდით, რომ ჩვენი მიწის ნაკვეთი შეზღუდულ სამშენებლო ზონაში იყო ისე, რომ მანამდე არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. გენგეგმებს დიდი მინუსები ჰქონდა, თუმცა ამ ახალ, ჯერ არმიღებულ გენგეგმასაც გარკვეული პრობლემები აქვს. პირადად მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალი გენგეგმის ავტორები დიდად არ არიან ჩართული პროცესში, რომ ადგილზე, რეალური განაშენიანებები შეისწავლონ. ისინი მშრალად იღებენ გადაწყვეტილებას. სადღაც დაინახავენ ბუჩქს და სარეკრეაციო ზონას ადებენ, რაც ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. მაგალითად, კოჯორში, გენგეგმს ავტორებმა გარკვეული ტერიტორია მოაქციეს მეწყერსაშიშ, ე.წ. გეოსაშიშ ზონაში და აკრძალეს ყოველგვარი მშენებლობა, იმის მიუხედავად რომ როდესაც იქ ადამიანებმა ნაკვეთეი შეიძინეს არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, ხოლო გარემოს დაცვის სააგენტომ ვისი უშუალო კომპეტენციაც არის გეოსაშიში უბნების განსაზღვრა 2018 წლის აგვისტოში და სექტემბერში გასცა დასკვნები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია არც ახლა და არც მომავალში არ მიეკუთვნება არანაირ საშიშ ზონას. ეს ფაქტები ამყარებს ზემოთ გამოთქმულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი საკითხზე გადაწყვეტილება ზედაპირულად არის მიღებული. როგორც მინიმუმ ლოგიკური იქნებოდა ამ საკითხზე მერიას და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს ერთმანეთთან კონსულტაციები გაევლოთ და ურთიერთსაწინააღმდეგო არ ემტკიცებინათ.
- სხვა კონკრეტული მაგალითიც რომ მოგვიყვანოთ, მკითხველს საკითხში ორიენტირება რომ გაუადვილდეს.  
- მაგალითად, დიღმის ერთ-ერთ კვარტალში, სადაც მხოლოდ კორპუსებია განაშენიანებული, ახალი გენგეგმით დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მენაშენეებს მარტო კერძო სახლის აშენების უფლება ექნებათ. ანუ ახალი გენგეგმის კონცეფცია არის ის, რომ კორპუსებს შორის, თუკი მიწის ნაკვეთი შეგრჩა, მხოლოდ ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო სახლის აშენება შეგიძლია. 
- ცუდია კორპუსების მშენებლობა რომ იზღუდება?
- საქმე ის არ არის, ცუდია თუ კარგი! უბრალოდ, 10-სართულიან კორპუსებში კერძო სახლის აშენების იდეა საერთოდ რატომ უნდა გაგიჩნდეს? გენგეგმამ ან ერთგვაროვან განაშენიანებას უნდა შეუწყოს ხელი, ან საერთოდ უნდა შეიზღუდოს ზოგიერთ ადგილში მშენებლობები. ასეთმა არათანმიმდევრულმა დამოკიდებულებამ დროში გაწელა დედაქალაქის გენგეგმის ამოქმედება და მთელ რიგ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ანუ თბილისის ფაქტობრივი განაშენიანება და გენგეგმა ძალიან ბევრ ადგილში ერთმანეთს აცდენილია. სწორედ ამის გამო ვერ მიიღეს იგი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.