Russian English
თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის ექიმები ლეიკემიით დაავადებული პატარებისთვის
ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2019 - 10:19

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრმა, პროფესორ ზურაბ რაინაულის ორგანიზებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მოძრავ ლაბორატორიას უმასპინძლა, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგს ქმნის. .

აღნიშნული აქციის შესახებ, MediaCity.Ge-ს თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ რაინაული ესაუბრება: 

-  ვისი ინიციატივა იყო ლეიკემიანი ბავშვების დასახმარებლად სისხლის გაღება?

- მივიღეთ შეტყობინება, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკი გადაუდებლად საჭიროებს დონორ მასალას ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. ეს აქცია ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ დონორების მიერ გაცემული სისხლი და მისი კომპონენტები მოხმარდეს ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. ბუნებრივია, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ, როდესაც ასეთი შეტყობინება მივიღეთ. მე გამოვთქვი სურვილი რომ მიგვეღო მონაწილეობა და აბსოლუტურად ყველა ჩემმა თანამშრომელმა ამიბა მხარი. ჩვენც ხომ ზუსტად იგივე საქმეს ვემსახურებით , რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეიკემია იქნება თუ სხვა დაავადება. 

- ანუ თქვენი კლინიკის მთელი კოლექტივი ჩაერთო სისხლის აღების აქციაში?
- ასე გამოდის, რაც ძალიან მიხარია. სისხლის ჩაბარებამდე თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარი გასაუბრება გაიარა და დაეხმარნენ პატარებს. ამას მოველოდი კიდეც და არც გამკვირვებია. სისხლი ჩააბარეს ჩვენი კლინიკის ექიმებმა, ექთნებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. 
 
- ეს ერთჯერადი აქცია იყო თუ განმეორებითი ხასიათი ექნება?
- ჩვენ მომავალშიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ ტიპის აქციებში მონაწილეობას.   
 
- ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის ონკოლოგიური ცენტრია ჩართული ამ აქციაში თუ სხვებიც არიან?
- იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას  და ჩაერთვება სისხლის უანგაროდ დონაციის აქციაში. ეს ლოგიკურიცაა და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა მოიქცეს. აქ გმირობა არაფერ შუაში არ არის. როგორც კი შეტყობინება მოვიდა, მყისიერად გამოვეხმაურეთ და ორგანიზებაც სპონტანურად მოხდა - 4-5 დღეში. ეს ის თემაა, როდესაც თითოეულ საათს აქვს მნიშვნელობა. ექიმებმა კი ყველაზე უკეთ ვიცით დროის ფასი. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.