Russian English
კონკრეტულად სად დაყენდება სკოლებში ვიდეოკამერები და რას ნიშნავს „განცალკევება“
პარასკევი, 22 მარტი, 2019 - 16:37
 
განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით,  განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება. 
რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დოკუმენტი  - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.
 
ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.
 
უსაფრთხოების წესის მიხედვით, თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ერთგვარი საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. ასევე, შეიქმნება ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
 
დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს მანდატურისა და უფლებამოსილი პირის მიერ უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების განხორციელების, ასევე, მანდატურის მიერ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ადმინისტრირების წესებს.
უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა. Mediacity.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით კამერები დაყენდება საკლასო ოთახებში, კორიდორებში, ეზოში და სხვა პრიორიტეტულ ადგილებში.
 
ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური ანუ უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. სასკოლო დროს, ვიდეო-მეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.
 
2020 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდება ვიდეოსათვალთვალო სისტემა და მთლიანად იქნება ათვისებული მომეტებული რისკის შემცველი ადგილები, რაც, თავისთავად, სკოლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.