Russian English
ნინო შუბლაძე „პირველი არხის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელად ინიშნება?!
პარასკევი, 19 სექტემბერი, 2014 - 18:24

მას შემდეგ, რაც ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ დატოვა, იგი ყველაფერს მოწყდა და შემოქმედებითი პაუზა აიღო. თუმცა, ამ პაუზამ დიდხანს არ გასტანა და ტელეწამყვანმა სხვადასხვა არხებიდან შემოთავაზებების მიღება დაიწყო.

ერთ-ერთი შემოთავაზება ტელეკომპანია “GDS“-ისგან მოდიოდა, სადაც ნინო შუბლაძე ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუს ერთ-ერთ პროდიუსერად მოიაზრებოდა. თუმცა, მოარული ხმების ცნობით ჟურნალისტსა და არხის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. ტელეწამყვანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პირობები, რომელიც “GDS“-ში შესთავაზეს.

და აი, სულ ახლახან, ნინო შუბლაძე “პირველ არხზე“ გადავიდა და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგად მოერგო ახალ სამსახურს. მისივე ცნობით, ტელეწამყვანი ახალი სეზონიდან მაყურებელს მწვავე პოლიტიკურ  „თოქ-შოუს“ შესთავაზებს. გარდა ამისა, ჟურნალისტი პარალელურად  არხის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელადაც ინიშნება. როგორც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებმა პირად საუბრისას აღნიშნეს, არხზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როგორ პოლიტიკას გაატარებს შუბლაძე ახალ სატელევიზიო სეზონზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.

MediaCity დეტალების დასადგენად ნინო შუბლაძეს დაუკავშირდა, თუმცა ტელეწამყვანი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

გიორგი საკარული 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.