Russian English
სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები ერთად აღარ იქნება
სამშაბათი, 26 მარტი, 2019 - 17:14
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამეტში გამოსვლისას, მე-6 და მე-10 კლასში ჩასატარებელ გამოცედებზე ისაუბრა, რომ ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების მოხსნა არ გულისხმობს სასკოლო შეფასებების უგულვებელყოფას. 
„რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა.
ასევე, სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილი: არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად
მან ასევე, სასკოლო და უმაღლესი გამოცდების ჩატარების კუთხით, წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.  
არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად  - ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.
ცენტრალიზებულად ჩატარებული მაღალი რისკის მქონე მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ასეთი კომბინაცია არ არის დაწესებული რომელიმე სხვა ქვეყანაში. 2018 წელს OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში  მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.  
 
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული“
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით.
 
მინისტრი მიიჩნევს, რომ ტესტი სათანადოდ არ ამოწმებდა იმ მასშტაბური პროგრამის დაძლევის შედეგს, რაც სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, მოკლებული იყო სანდოობასა და ვალიდურობას. 
ტესტური დავალებები ვერ აფასებდა მაღალ სააზროვნო უნარებს და ორიენტირებული იყო ძირითადად ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე. შესაბამისად, მასწავლებლები და მოსწავლეები, სწორედ ამ ტიპის პროცესებზე გახდნენ ორიენტირებულნი, რამაც უინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესები, შეზღუდა მრავალფეროვანი აქტივობები და ეროვნული მიზნების მიღწევას ზიანი მიაყენა.
 
„ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს. ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის  მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.