Russian English
რატომ დაუჯდა მერიას ზაარბრიუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, 9 მარტისა და დედაენის ბაღი 10 მილიონი ლარი
ოთხშაბათი, 20 მარტი, 2019 - 18:07
თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა. 
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ზოგადად, ინფრასტრუქტურული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რათა ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. დედაქალაქის ბიუჯეტიც ამაზე მეტყველებს. დღეს დავიწყეთ ზაარბრუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია. არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ტურისტებისთვის. როგორც იცით, ეს ადგილი პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი აღმაშენებელი, აღნიშნული ხიდები, ბაღები და ორბელიანის განახლებული მოედანი ერთ ძალიან დიდ, საინტერესო სივრცეს შექმნის დედაქალაქში. მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა მტკვართან მიახლოების პროექტი, რომელიც მეორე ეტაპზე განხორციელდება დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე. ჯებირები და მოაჯირები, რომელიც დღეს არის მტკვართან, აღარ იქნება და ადამიანებს ექნებათ მტკვართან მისვლის შესაძლებლობა, კიბეებით, ისე, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ და წინწასულ ქალაქებშია. მტკვარი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ
 
ამასთან, მისივე თქმით, ტერიტორიის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილზე დასაქმებული ადამიანებისთვისაც, ვინაიდან ეს ადგილი ტურისტულად აქტიური ზონა გახდება. მერის განცხადებით, ტერიტორია მოწესრიგდება და აქ დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა კომფორტულ, ცივილურ გარემოში გააგრძელონ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს უქმნის თვითდასაქმებულებს, ადგილობრივ მომხმარებლებს და ტურისტებს. 
 
პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.